„პაპი ფრანცისკე გარდაიცვალა აღდგომის ორშაბათს, 2025 წლის 21 აპრილს, 88 წლის ასაკში “ – ნათქვამია ვატიკანის განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნდა.
პაპის გარდაცვალებასთან ერთად კათოლიკურ ეკლესიაში ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი და დეტალურად გაწერილი რიტუალი იწყება.
პაპმა ფრანცისკემ გასულ წელს რიტუალში გარკვეული ცვლილებები შეიტანა – გაამარტივა დაკრძალვის წესები, დასაშვები გახადა დაკრძალვა ვატიკანის გარეთ, თავისი სურვილის შესაბამისად.
თუმცა, ძირითადი ელემენტები უცვლელი რჩება, მათ შორის სამი მნიშვნელოვანი ეტაპი, რომლებიც პაპის გარდაცვალებიდან და მის დაკრძალვამდე უნდა შესრულდეს.
ეს ცვლილებები თავმოყრილია წითელ, თხელ ტომში სახელწოდებით Ordo Exsequiarum Romani Pontificis, რაც ლათინურად „რომის პონტიფიკოსების დაკრძალვის წესს” ნიშნავს.
ვატიკანის კამერლენგომ, კარდინალმა კევინ ფარელმა, პაპის გარდაცვალება ოფიციალურად ორშაბათს, 21 აპრილს, დაადასტურა. პაპის გარდაცვალების დადასტურებაზე პასუხისმგებელი სწორედ ის არის.
ტრადიციის მიხედვით, კამერლენგო პაპის სხეულთან მიდის და სამჯერ ამბობს მის ნათლობისას მინიჭებულ სახელს. თუ პასუხი არ არის, პაპი ოფიციალურად ცხადდება გარდაცვლილად.
შემდეგ გარდაცვალების მოწმობა მზადდება და პაპის აპარტამენტები ილუქება. რეფორმების შედეგად, პაპის სიკვდილის დადასტურება შესაძლოა მისი პირადი სამლოცველოს ფარგლებში მოხდეს და არა საძინებელში.
პაპის გარდაცვალების გამოცხადების შემდეგ მის სხეულს წმინდა პეტრეს ბაზილიკაში ასვენებენ. ბაზილიკაში წმინდანთა ლიტანიას გალობენ. პროცესიის სათავეში კამერლენგო დგას.
დაკრძალვის წინა ღამეს კამერლენგო პაპის კუბოს დახურვისა და დალუქვის ცერემონიას სხვა მაღალი რანგის კარდინალების თანდასწრებით ხელმძღვანელობს. პაპის სახეს თეთრი ნაჭერი ფარავს.
კარდინალთა კოლეგიის დეკანი კარდინალებს დაკრძალვაზე იძახებს და ხელმძღვანელობს წირვას კონკლავის დაწყებამდე. ამჟამად ამ თანამდებობას კარდინალი ჯოვანი ბატისტა რე იკავებს. პაპი გარდაცვალებიდან მეოთხე და მეექვსე დღეს შორის უნდა დაიკრძალოს. ამას ცხრა დღიანი გლოვის პერიოდი მოსდევს.
დაკრძალვისა და გლოვის პროცესები, ჩვეულებრივ, პაპის მიერ წინასწარ განისაზღვრება. იგი კამერლენგოსთვის დეტალურ ინსტრუქციებს ტოვებს.
პაპ ფრანცისკეს რეფორმა საშუალებას იძლევა იგი ვატიკანის გარეთ დაკრძალონ.
პონტიფიკოსმა განაცხადა, რომ მას სურს, დაიკრძალოს არა წმინდა პეტრეს ბაზილიკაში, სადაც სხვა პაპები არიან დასაფლავებულნი, არამედ რომში მდებარე სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში. ეს არჩევანი უკავშირდება მის ღრმა პატივისცემას ღვთისმშობლის ხატისადმი, რომელიც ამ ბაზილიკაშია განთავსებული.
პაპის კონკლავი მისი გარდაცვალებიდან 15-20 დღის შემდეგ იწყება.
ეს დახურული კრებაა, რომელზეც კარდინალთა კოლეგია კათოლიკური ეკლესიის ახალ მეთაურს ირჩევს.
გარე ჩარევის თავიდან ასაცილებლად ყველა მოქმედი კარდინალი სიქსტის კაპელაში იკეტება. პირველ დღეს წირვა იმართება, რის შემდეგაც ისინი ფიცს დებენ, რომ არჩევნების მკაცრ წესებს დაიცავენ.
ამჟამინდელი რეგულაციებით, ამომრჩეველ კარდინალთა რაოდენობა 120-ს არ უნდა აღემატებოდეს. ბოლო სტატისტიკის მიხედვით, 80 წლამდე ასაკისა და ხმის უფლების მქონე კარდინალთა რაოდენობა 136-ს შეადგენდა, თუმცა ეს რიცხვი კონკლავის დაწყებამდე შესაძლოა შეიცვალოს.
პირველი კენჭისყრა წირვის შემდგომ, ნაშუადღევს იმართება. შემდეგ დღეებში – დილით და საღამოს, ვიდრე რომელიმე კანდიდატი ხმათა ორ მესამედს არ მიიღებს.
ყოველი კენჭისყრის შემდეგ ბიულეტენები იწვება. შავი კვამლი ნიშნავს, რომ შედეგი არ არის. თეთრი კვამლი კი, მთელ მსოფლიოს ამცნობს, რომ ახალი პაპი უკვე არჩეულია.