მთავარისაქართველო„მოგვწონს აქაური ტრადიციები...“

„მოგვწონს აქაური ტრადიციები…“

სინდი და მარკუსი სინგაპურიდან საქართველოში პირველად ჩამოვიდნენ. აღდგომის დღესასწაულს კი კახეთში ერთ-ერთ ქართულ ოჯახში აღნიშნავენ. ამბობენ, რომ ბევრი არაფერი იციან საქართველოს შესახებ და იმედი აქვთ, რომ ქვეყანაში გატარებული პერიოდის განმავლობაში უფრო მეტს გაიგებენ ტრადიციების, ღვინის კულტურისა და საქართველოში აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნის შესახებ.

„ჩვენ სინგაპურიდან ვართ, მე სინდი მქვია, ეს კი მარკუსია. პირველად ჩამოვედით საქართველოში და აღდგომას კახეთში ერთ-ერთ ქართულ ოჯახში აღვნიშნავთ”,- ამბობენ სტუმრები სინგაპურიდან.

საქართველოში სააღდგომო დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად თბილისს ბევრი ტურისტი სტუმრობს. მათი ნაწილი შვებულების დროს აქ ატარებს, ნაწილი კი მომლოცველთა ჯგუფებია. ამ მოგზაურობისას ისინი ათვალიერებენ ქვეყნის კულტურულ ძეგლებს, ტრადიციულ ქართულ კერძებს მიირთმევენ და უფრო მეტს იგებენ ქვეყნის ისტორიის შესახებ.

„ჩვენ აღვნიშნავთ აღდგომას, ამავე დროს ეს საუკეთესო პერიოდია უცხო ქვეყნების მოსანახულებლად და მათი კულტურის გასაცნობად. საქართველო ძალიან ლამაზია. საქართველო ქრისტიანული ქვეყანაა, მას განსხვავებული და საინტერესო ტრადიციები აქვს. ჩეხეთში აღდგომაზე ტრადიციულად გვაქვს ტკბილი ნამცხვარი, პურს ჰგავს და მაზანეცი ჰქვია, ასევე სუფრაზე გვაქვს სააღდგომო კვერცხები“, – ამბობს სტუმარი ჩეხეთიდან.

„აქ ჩემ მშობლებთან ერთად ჩამოვედი, მამაჩემის დაბადების დღეს აღვნიშნავთ. საქართველოში პირველად ვარ. აქამდე აღდგომას ყოველთვის პოლონეთში აღვნიშნავდით, თუმცა ამჯერად საქართველოში ჩამოსვლა გადავწყვიტეთ და უკვე დავათვალიერეთ ძველი თბილისი. ვაპირებთ, რომ კიდევ ბევრი შესანიშნავი ადგილი ვნახოთ. ასევე ჩვენ ვამზადებთ შესანიშნავ ფსტის ნამცხვარს, ეს ტრადიციული ტკბილეულია პოლონეთში, ასევე ვღებავთ კვერცხებს და მივდივართ ეკლესიაში. ხოლო ორშაბათს, რომელსაც „სველ ორშაბათს“ ვეძახით, გვაქვს წყლით დასველების ტრადიცია.  ეს არის დღეები, რომლებიც შეგვიძლია ოჯახთან ერთად გავატაროთ. ახლა სტეფანწმინდაში მივდივართ, ასე რომ აღდგომას მთებში ვხვდებით“, – ამბობს სტუმარი პოლონეთიდან, იგა შტეფანიკი.

„ჩვენ ინდოეთიდან ვართ და ეს დღესასწაული ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. აღდგომამდე 50 დღით ადრე ვიწყებთ მარხვას, არ მივირთმევთ ხორცეულსა და არ ვსვამთ ალკოჰოლს. აღდგომაზე კი ღამით მივდივართ ეკლესიაში და ამ დღეს მარხვა სრულდება, ჩვენ მივირთმევთ კვერცხს და ასევე პატარა ჭიქით ღვინოს. შემდეგ ვბრუნდებით სახლში, სადაც სუფრა გვაქვს გაწყობილი და ოჯახთან ერთად აღვნიშნავთ აღდგომას“, – ამბობს სტუმარი ინდოეთიდან, ლია ვინსენსი.

„მე ჰანა ვარ, პოლონეთიდან ჩემ მეუღლესთან ერთად აღდგომის დღესასწაულის გამო ჩამოვედი, კათოლიკე ვარ, გასულ წელსაც სწორედ ამ დროს საქართველოში ვიყავი და ძალიან მომხიბლა აქაურმა ატმოსფერომ და ამინდმა.  აღდგომაზე მივდივარ კათოლიკურ ეკლესიაში, რომელიც პოლონელებმა ააშენეს მე-19 საუკუნეში. ვფიქრობ, ჩვენი და ქართველების ტრადიციები ერთმანეთს ჰგავს, ჩვენ ვღებავთ კვერცხებს, ზოგს აქვს პასქა, ასევე გვაქვს ბევრი ლორი და ასევე წვნიანი“, – ამბობს ჰანა, სტუმარი პოლონეთიდან.

საქართველოში ბევრი უცხოელი სტუდენტია, რომლებიც სხვადასხვა უნივერსიტეტში სწავლობენ. ზოგი აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს, ზოგი კი ამბობს, რომ მათი სარწმუნოებიდან გამომდინარე არ აღნიშნავენ, თუმცა მათი ქრისტიანი მეგობრებისგან იციან, თუ როგორ ზეიმობენ ამ დღესასწაულს საქართველოში.

„სტუდენტი ვარ, აქ ვსწავლობ, ვიცი, რომ აღდგომის დღესასწაულს ზეიმობთ და ძალიან სასიამოვნოა იმის ყურება, თუ როგორ ემზადება ხალხი ამისთვის. სადაც ვცხოვრობ, ბევრი ქრისტიანია და ისინი აღნიშნავენ ამ დღესასწაულს. ინდოეთში აღდგომის მსგავსი დღესასწაული არ გვაქვს, ეს რაღაც უნიკალურია. ჩემი სახლის უკან ცხოვრობენ ჩემი ქართველი მეგობრები, რომელთა სამზადისსაც ვადევნებ თვალს, ისინი კვერცხებს ღებავენ და ასევე დეკორატიულად აფორმებენ, როდესაც ამას ვხედავ, ძალიან მსიამოვნებს“, – ამბობს სტუდენტი, არუშა აიუბი ინდოეთიდან.

„აქ უნივერსიტეტში ვსწავლობ. საუდის არაბეთიდან ჩამოვედი. ჩვენ გვაქვს განსხვავებული ტრადიციები და კულტურა. დაახლოებით 1 წელია საქართველოში ვცხოვრობ და აქ, მართლაც, განსაკუთრებულად აღნიშნავენ აღდგომას. ჩემი ქრისტიანი მეგობრებიც აღნიშნავენ და ისინი მიყვებიან, თუ როგორ ზეიმობენ, რას მიირთმევენ და რა ტრადიციები აქვთ. ეს ძალიან საინტერესოა. ბევრი მათგანი სახლში მიდის, რათა ოჯახთან ერთად აღნიშნოს ეს დღესასწაული“, – ამბობს სტუდენტი, თაიზა რაჰმანი საუდის არაბეთიდან.

„სტუდენტი ვარ, სამედიცინოზე ვსწავლობ და უკვე მესამე წელია, საქართველოში აღდგომას აღვნიშნავ. კათოლიკე ვარ და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ დღესასწაულის აღნიშვნა. ტრადიციულად ცხელ წყალში ხახვის ფურცლებთან ერთად ვხარშავ კვერცხებს, თუმცა მათ არ ვღებავ, ჩვენ ასევე გვაქვს პასქა თუმცა მას სახლში არ ვაცხობთ, ეკლესიაში გვირიგებენ.  შაბათს ღამით მივდივარ კათოლიკურ ეკლესიაში თავისუფლების მოედნის მახლობლად, ლიტურგია იწყება ღამის 11 საათზე და მისი დასრულების შემდეგ ჩვენ პასქასა და კვერცხებს გვირიგებენ, ასევე ცხელ სასმელსა და ტკბილეულს. ამ წელს მართლმადიდებლური და კათოლიკური აღდგომა ერთმანეთს ემთხვევა. ჩემთვის ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანია“, – ამბობს სტუდენტი, ელენჯიკალ ტინუ ჯოი ინდოეთიდან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend