ევროპა საგონებელშია: ამერიკელები აღარ აპირებენ ევროპის თავდაცვაზე ზრუნვას, ხოლო მოსკოვი უკრაინაში მშვიდობის აღდგენის სანაცვლოდ დათქმულ პირობებს არ ცვლის. სად გადის ზღვარი ევროპაში ომსა და მშვიდობას შორის და როგორ ესმით ეს საკითხი უკრაინელ ჯარისკაცებსა და ევროპელ ანალიტიკოსებს?
თავდაცვის პოტენციალის გაფართოება და უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაძლიერება ახლა პრიორიტეტული საკითხია ევროკავშირისთვის.
მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა 2022 წლის თებერვალში, ევროკავშირმა მნიშვნელოვანი ფინანსური, ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარება აღმოუჩინა უკრაინას. ამ ქვეყნის მიერ მიღებული საერთაშორისო დახმარების ნახევარი სწორედ ევროკავშირზე მოდის. ბრიუსელის მიერ უკრაინისთვის მიცემული სამხედრო დახმარება 49 მილიარდ 300 ათას ევროს შეადგენს. ევრობლოკის წევრ სახელმწიფოებს, უნგრეთის გამოკლებით, სურთ, ისევ მიაწოდონ უკრაინას იარაღი და საბრძოლო მასალა. ზოგიერთი ქვეყანა, მათ შორის საფრანგეთი და გაერთიანებული სამეფო, უკრაინაში მშვიდობის აღდგენის შემთხვევაში, იქ ჯარის გაგზავნასაც ფიქრობს. თუმცა ეს ჯერჯერობით საკმაოდ საკამათო საკითხია.
ევრობლოკს, რომელსაც არ ჰყავს საერთო არმია, სურს, ჰქონდეს თავის დაცვის საშუალება, რის გარანტიასაც აქამდე ნატო იძლეოდა. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 32 წევრი ქვეყნიდან 23 ევროკავშირის შემადგენლობაში შედის. თუმცა ამერიკის მიერ გაღებული სამხედრო ხარჯი ნატოს დანარჩენი წევრი ქვეყნების მიერ თავდაცვაზე დახარჯული თანხის 2/3-ს უდრის. როდესაც გაჩნდა საფრთხე იმისა, რომ ამერიკა ევროპაზე აღარ იზრუნებდა, ევროკავშირის წევრმა 27-მა სახელმწიფომ გასულ მარტს დაამტკიცა „ევროპის ხელახალი შეიარაღების“ გეგმა. ამ გეგმის მიზანია, მიიზიდოს 800 მილიარდი ევრო ევროპის თავდაცვის დასაფინანსებლად 2030 წლამდე.
ევროპის თავდაცვის ამბიციას ხორცი რომ შეესხას, დრო დასჭირდება. და ამ დროის განმავლობაში, როგორც მრავალი ექსპერტი ამბობს, ევროპის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელია, რომ ევროპა დაეხმაროს უკრაინას, რომ მან რუსეთისგან თავი დაიცვას. ამაში დარწმუნებული არიან უკრაინელი ჯარისკაცებიც, მათ შორის არტურიც, უკრაინის არმიის 38-ე ბრიგადის მეთაურის მოადგილე.
„ჩვენ აქ მხოლოდ უკრაინის თავისუფლებისთვის არ ვიბრძვით. ჩვენ მთელი ევროპის თავისუფლებისთვისაც ვიბრძვით“, – ამბობს იგი.
პოტენციურ მშვიდობაზე საუბრის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე ამ ოფიცერმა ევროპელ ლიდერებს სიფრთხილისკენ მოუწოდა: „თუ ევროპა ფიქრობს, რომ ნებისმიერ დროს კონფლიქტის გაყინვა უკრაინის ტერიტორიულ პრობლემას გადაჭრის და, ასე ვთქვათ, შეამცირებს რუსეთის შეჭრის რისკს საფრანგეთის ტერიტორიაზე, ამ საკითხს ასე არ უნდა მიუდგე. ეს არ არის ლოკალური კონფლიქტი, ის უფრო გლობალურია. ეს ომი ყველას აყენებს ზიანს“.
ამ აზრს იზიარებს მაქსიმიც, უკრაინის არმიის სამოქალაქო-სამხედრო ურთიერთობის ოფიცერი. იგი ამბობს, რომ რუსეთთან ნებისმიერ დათმობაზე წასვლა, განსაკუთრებით ტერიტორიულ საკითხებში, მადას უფრო მოუმატებს მოსკოვს.
თუ გავითვალისწინებთ, რომ ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის გამართული მოლაპარაკებებიდან ევროკავშირი გარიყულია, რამდენად შეძლებს ის, გავლენა იქონიოს იმაზე, თუ როგორ დასრულდება ომი უკრაინაში? სტივენ ევერტსი, „ევროკავშირის უსაფრთხოების კვლევის ინსტიტუტის“ დირექტორი ფიქრობს, რომ საუკეთესო ნაბიჯი ევროკავშირის მხრიდან მოცემულ ვითარებაში ის იქნება, რომ უფრო გაუზარდოს დახმარება უკრაინას და აღკვეთოს ნებისმიერი შეთანხმება, რომელიც ხელს შეუშლის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. ევერტსი ასევე ფიქრობს, რომ კარგი იქნება თუ ევროკავშირი სხვა პრაქტიკულ ნაბიჯებსაც გადადგამს. ერთი ის, რომ უკრაინელი ჯარისკაცების წვრთნები უშუალოდ უკრაინაში ჩაატაროს და მეორე ის, რომ უკრაინას მხოლოდ საბრძოლო მასალით კი არ დაეხმაროს, არამედ საჰაერო თავდაცვითაც, რათა უკრაინამ უკეთ გაუძლოს რუსეთის უმოწყალო დაბომბვას, რომელიც დღე და ღამე არ წყდება. რაც შეეხება ადგილზე ჯარის გაგზავნას, ამას ევერტსის აზრით, არ უნდა დაერქვას სამშვიდობო მისია.
„ჩვენ არ ვართ ნეიტრალური ამ ბრძოლაში! ჩვენ უკრაინის მხარეს ვართ. ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ, თითქოს, გარკვეულწილად, მშვიდობისმყოფელები ვართ რუსეთსა და უკრაინას შორის. ჩვენ რაზეც უნდა ვიფიქროთ, არის შემდეგი: რამდენად შეგვიძლია დავეხმაროთ უკრაინას, რომ გააძლიეროს თავდაცვის პოტენციალი? ამას მშვიდობისმყოფლობა კი არ უნდა დავარქვათ, არამედ ჯარისა და მსგავსი საკითხების გაძლიერება“, – ასეთია ევერტსის მოსაზრება.
ავტორი: ვალერი გორია