ფემინისტურმა ჯგუფმა „შოტლანდიის ქალებისთვის“ დიდი ბრიტანეთის უზენაეს სასამართლოს შენობასთან იზეიმა მას შემდეგ, რაც სასამართლომ დაადგინა, რომ გაერთიანებული სამეფოს თანასწორობის შესახებ კანონის მიხედვით, ტერმინი „ქალი” ბიოლოგიური სქესით განისაზღვრება და უარყო დაშვება, რომ ეს კანონი საკუთარ თავში მოიაზრებს ტრანსგენდერ ქალებსაც.
უზენაესი სასამართლოს ხუთივე მოსამართლემ ერთხმად გადაწყვიტა იმის შესახებ, რომ თანასწორობის აქტში ტერმინები „ქალი“ და „სქესი“ ეხება მხოლოდ ბიოლოგიურ ქალსა და ბიოლოგიურ სქესს. ვერდიქტი ნიშნავს იმას, რომ ტრანსგენდერი, რომელსაც აქვს მდედრობითი სქესის დამადასტურებელი სერტიფიკატი, არ შეიძლება ჩაითვალოს ქალად ბრიტანული თანასწორობის აქტის მიხედვით.
„ყველამ იცის, რა არის სქესი და თქვენ მისი შეცვლა არ შეგიძლიათ. ამრიგად, ესაა საღი აზრი და ფაქტი, რომ ჩვენ ვიყავით იმ მდგომარეობაში, როცა ადამიანები ცდილობდნენ მეცნიერებისა და რეალობის უარყოფას და იმედია, რომ ახლა რეალობას დავუბრუნდებით“, – ამბობს ფემინისტური ჯგუფის, „შოტლანდიის ქალებისთვის“, დამფუძნებელი სუზენ სმითი.

მიუხედავად ამ გადაწყვეტილებისა, სასამართლოში განაცხადეს, რომ მათი დადგენილება არ აუქმებს ტრანსგენდერი ადამიანების დაცვას და დადგენილება არ უნდა იყოს აღქმული საზოგადოების რომელიმე კონკრეტული ერთი ჯგუფის მეორეზე გამარჯვებად.
სასამართლო საქმე ეყრდნობა შოტლანდიის პარლამენტის მიერ მიღებულ 2018 წლის კანონს, რომლის თანახმადაც, საჯარო ორგანოების საბჭოს წევრთა 50% ქალები უნდა ყოფილიყვნენ. კვოტის დასაკმაყოფილებლად ტრანსგენდერი ქალების ჩართვა სცადეს.
„ჩვენ უბრალოდ სიცხადის შემოტანა გვჭირდებოდა ამ ყველაფერში და ვფიქრობ, უზენაესმა სასამართლომ თავისი საქმე ბრწყინვალედ შეასრულა. ეს ნიშნავს, რომ ქალი ნიშნავს ბიოლოგიურ ქალს, კაცი ნიშნავს ბიოლოგიურ კაცს. ეს არ ნიშნავს ტრანსგენდერი ადამიანების უფლებების შელახვას, ნამდვილად არა. ისინი დაცული არიან თანასწორობის შესახებ კანონითა და გენდერის აღიარების აქტით. ამრიგად, ყველა მოგებულია. ეს ნამდვილად ყველას გამარჯვებაა, თუმცა ოპოზიციამ შესაძლოა მარცხი იგრძნოს. ეს საღი აზრის გამარჯვებაა“, – ამბობს ლგბ ალიანსის თავმჯდომარე, აილინ გალაგერი.
მოწინააღმდეგე მხარე მიიჩნევს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას შესაძლოა კონკრეტული შედეგები მოჰყვეს შოტლანდიაში, ინგლისსა და უელსში ისეთ დაწესებულებებზე, როგორებიცაა საპირფარეშოები, საავადმყოფოები და ციხეები.