თბილისში ღამის 2 საათია. ლაქისა და ავალონის მძიმე ამბავი და ბრძოლა გადარჩენისთვის წარსულს ჩაბარდა. წინ ბედნიერი წუთები ელით – ჩეხეთში მიემგზავრებიან, სადაც ცხოვრებას ახალ ოჯახებში გააგრძელებენ.
ორივეს გადარჩენასა და გაჩუქებაზე იზრუნა ცხოველთა დაცვის ორგანიზაციამ Zero Strays Georgia-მ, რომელიც უკვე 10 წელია, საქართველოში მიუსაფარ ცხოველებს ეხმარება.
მარიამ შეყილაძე ორგანიზაციის თანადამფუძნებელია, ის ლაქისა და ავალონს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩააბარებს მოხალისეს, რომელიც ცხოველებს თან გაიყოლებს.
და სანამ მოხალისეს ველოდებით, მარიამი ლაქისა და ავალონის ისტორიას გვიყვება…
„ორივე გადარჩენილია სვანეთიდან, ლაქი არის სვანეთში ნაპოვნი. იყო პატრონიანი, პატარა ძაღლის ქოხის წინ ნახევარმეტრიან ჯაჭვზე დაბმული, ალბათ, თვეების განმავლობაში, რადგან ჯაჭვი კანში ჰქონდა ჩაზრდილი და ჭრილობა ჰქონდა ინფიცირებული. რაც შეეხება ავალონს, ის არის ნაპოვნი სვანეთამდე სანამ მიხვალთ, ენგურჰესთან ახლოს, გზაზე, ფეხმოტეხილი 2 წლის წინ ვიპოვეთ დაახლოებით. ავალონისთვის შესაბამისი დამსახურებული სამუდამო, ბედნიერი ოჯახის საპოვნელად დაგვჭირდა დაახლოებით 2 წელი, ლაქის შედარებით უფრო მალე გაუმართლა, 2024 წლის ნოემბერში არის ნაპოვნი“, – ამბობს მარიამ შეყილაძე, ორგანიზაცია Zero Strays Georgia-ს თანადამფუძნებელი.
საქართველოში მარიამსა და მის თანაგუნდელებს ბევრი ცხოველი ჰყავთ გადარჩენილი. თუმცა მიუსაფარი ცხოველების მომავლისთვის ეს არ კმარა. და ამ ეტაპზე უკვე, დიდი მნიშვნელობა ენიჭება მოხალისეებს, რომლებსაც ძაღლები იმ ოჯახებში ჩაჰყავთ, რომლებმაც ისინი საბოლოოდ შეიფარეს. მარიამმა და მისმა ორგანიზაციამ დღემდე 300-ზე მეტი მიუსაფარი ძაღლი გააჩუქეს, ევროპასა თუ ამერიკაში.
ამ პროცესში სიამოვნებით ჩაერთო, მოხალისე არჩილ ჟორჟოლიანი. ამბობს, რომ ნახა ორგანიზაციის განცხადება, რომელშიც ეწერა, რომ ეძებდნენ მოხალისეებს, ვინც ძაღლებს საზღვარგარეთ გაიყოლებდა. ნახა და უყოყმანოდ შეავსო განაცხადი.
ის ახლა მიემგზავრება პოლონეთში, სადაც Zero Strays Georgia-ს გუნდის წევრები შეხვდებიან და ლაქისა და ავალონს ჩეხეთში ჩაიყვანენ, მათ ახალ ოჯახებში.
„წლების წინ მე თავად მყავდა უპატრონო ძაღლი ქუჩიდან აყვანილი, რომელმაც ჩემთან რამდენიმე წლის განმავლობაში იცხოვრა, ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის ნორმალური გარემო ჰქონდეთ და გადავწყვიტე, რომ გამომეყენებინა ეს შესაძლებლობა, ისედაც ხშირად მიწევს ამ რეისით ფრენა და გამეყოლებინა ძაღლები საზღვარგარეთ. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, დავეხმაროთ ამ ორგანიზაციას, რომელიც ამ კეთილ საქმეს აკეთებს და ხელი შევუწყოთ თუკი ამის შესაძლებლობა გვექნება მგზავრობისას, თან გავიყოლოთ მათი ქუჩიდან აყვანილი ძაღლები. ძალიან დიდ გულისტკივილს იწვევს, როდესაც ქუჩაში ვხედავ უამრავ მიუსაფარ ძაღლს, ეს ფაქტობრივად ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია, სადაც არ უნდა გავიდეთ ქუჩაში, ყველგან ვნახავთ მიუსაფარ ძაღლებს, როდესაც მივემგზავრები საზღვარგარეთ, უცნაურია, როცა ქუჩაში ვერ ხედავ ძაღლებს ხომ, ამიტომაც მინდა, რომ თუკი შესაძლებელი იქნება, რატომაც არა, აქედან გავიყოლო ძაღლი, მიეცეს მას შანსი, რომ იცხოვროს უკეთეს ქვეყანაში, უკეთეს გარემოსა და ოჯახში. და შესაბამისად, ვისურვებდი, რომ საქართველოშიც ნაკლებად იყოს ეს პრობლემები, რასაც ყოველდღიურად ვაწყდებით ქუჩაში“, – ამბობს არჩილ ჟორჟოლიანი, მოხალისე.
ლაქი და ავალონი წავიდნენ, თუმცა საქართველოში უამრავი მიუსაფარი ძაღლი უმძიმეს პირობებში აგრძელებს გადარჩენისთვის ბრძოლას. ჯერ კიდევ 2023 წელს ორგანიზაცია „მეიჰიუ საქართველოს“ მიერ ჩატარებული კვლევით, თბილისში 30 150 მიუსაფარი ძაღლი იყო. თუმცა არ არსებობს ზუსტი მონაცემები, თუ რამდენი მიუსაფარი ცხოველია ქვეყანაში. ცხოველთა დამცველების ვარაუდით მათი რაოდენობა დაახლოებით ნახევარ მილიონს აღწევს.
Zero Strays Georgia ცხოველებზე ზრუნვასა და შეფარებასთან ერთად გადარჩენილი ცხოველების შემფარებელ ოჯახებს ფინანსურადაც ეხმარება, მაგალითად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში. მათ ასევე აქვთ, სტერილიზაცია-კასტრაციისა და ვაქცინაციის პროგრამები.
„ჩვენ ქვეყანაში გვაქვს ჰიპერპოპულაციის პრობლემა შინაური ცხოველების, რაც ნიშნავს იმას, რომ იმაზე მეტი ცხოველი გვყავს ვიდრე აყვანის მსურველი, საუბარია კომპანიონ ცხოველებზე, ძაღლებსა და კატებზე. შესაბამისად, რადგან საქართველოში ქუჩიდან გადარჩენილი ცხოველებისთვის პატრონების მოძიება არის ძალიან პრობლემური საკითხი, რამდენიმე წელია, საზღვარგარეთ ვცდილობთ მათთვის ოჯახების მოძებნას, რადგან გადარჩენილი ცხოველების უკან ქუჩაში დაბრუნება ძალიან რთულია და ჩვენ არასდროს არცერთი ჩვენი გადარჩენილი ძაღლი ქუჩაში არ დაგვიბრუნებია“, – ამბობს მარიამ შეყილაძე, ორგანიზაცია Zero Strays Georgia-ს თანადამფუძნებელი.
ლაქი და ავალონი არჩილ ჟორჟოლიანმა უკვე მშვიდობიანად ჩაიყვანა პოლონეთში. იქ მათ ჩეხი მოხალისეები დავიდი, კატერინა და ჯიტკა დახვდნენ და ძაღლები ჩეხეთში ოჯახებს ჩაუყვანეს.
„რატომ ავიყვანე ლაქი საქართველოდან? რადგან მისმა ისტორიამ ჩემზე ძალიან იმოქმედა. ნამდვილად არ მეგონა, რომ საქართველოში მიუსაფარი ცხოველები ასეთ ცუდ მდგომარეობაში იყვნენ. მინდოდა, რომ სულ მცირე ერთი მიუსაფარი მაინც გადამერჩინა და მისი ცხოვრება უკეთესობისკენ შემეცვალა. იმედი მაქვს, რომ ბევრი მოიქცევა მსგავსად და გადაარჩენს ქუჩაში დარჩენილ ცხოველებს. ბედნიერი ვარ, რომ ლაქი ახლა ჩვენთანაა. 5 თვე ველოდით მასთან შეხვედრას და ეს ამად ღირდა, მჯერა, რომ ყველანი ბედნიერები ვიქნებით”, – ამბობს პავლინა რამპასოვა, ლაქის პატრონი.
„გასული წლის ივნისში, მე და ჩემი ვაჟი საქართველოში სამოგზაუროდ ჩამოვედით. საქართველო, მართლაც, საოცარი ქვეყანაა, თუმცა მიუსაფარი ცხოველების მდგომარეობა აბსოლუტურად ტრაგიკული და უიმედოა. ყოველ ჯერზე, როცა ქუჩებში გავდიოდით და ვხედავდით მიუსაფარ ძაღლებს, მუდმივად გული გვწყდებოდა, რომ სახლში ვერ მიგვყავდა. თუმცა, როდესაც უკან ჩამოვფრინდით, ჩვენ, მე და ჩემმა შვილმა ერთმანეთს ვუთხარით, მოდი, ერთი მიუსაფარი ძაღლი მაინც გადავარჩინოთ. სხვა გზა არ გვაქვს. გმადლობ ამ შესანიშნავ ხალხს, ბედნიერი ვარ, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა და ჩვენს ოჯახს ახალი წევრი, ჩვენი ცხოვრების საჩუქარი, უსაყვარლესი ავალონი შეემატა”, – ამბობს მიხაელა ბარტოშოვა, ავალონის პატრონი.