სერბეთში გრძელდება საპროტესტო აქციები. 14 აპრილს ასეულობით სტუდენტმა ბელგრადში საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის შესასვლელი გადაკეტა.
აქციის მონაწილეები საზოგადოებრივ მაუწყებლობას სერბეთში მიმდინარე მოვლენების არასათანადოდ გაშუქებაში ადანაშაულებენ. მათ მიაჩნიათ, რომ ტელეკომპანია ატარებს პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩის პოლიტიკას. მსგავსი საპროტესტო აქცია მოეწყო ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქ ნოვი-სადშიც.
„მე აქ ვდგავარ, რომ მხარი დავუჭირო სტუდენტებსა და მათ მოთხოვნებს. ელექტრონული მედიის გასაკონტროლებლად დაუყოვნებლივ უნდა შეიქმნას მარეგულირებელი ორგანო, რადგან ახლა რაც გვაქვს, ნამდვილად არ არის კარგი. საზოგადოებრივი მაუწყებლობა არის მიკერძოებული. ჩვენ ძირითადი უფლებების დასაცავად გვიწევს ბრძოლა”, – ამბობს აქციის მონაწილე, დივნა პესკირი
სერბეთში უნივერსიტეტის სტუდენტები საპროტესტო აქციებს ყოველდღიურად აწყობენ. ისინი ქუჩაში პირველად მას შემდეგ გამოვიდნენ, როდესაც ნოემბერს ნოვი-სადში რკინიგზის შენობის ნაწილი ჩამოინგრა და 16 ადამიანი დაიღუპა. დემონსტრანტები მთავრობას ადანაშაულებენ, რადგან მიაჩნიათ, რომ ჩამონგრევის მთავარი მიზეზი ქვეყანაში არსებული კორუფცია იყო.
სტუდენტების აქციებს ათიათასობით ადამიანი შეუერთდა. მიმდინარე საპროტესტო აქციები სერბეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია. სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩის თქმით, საპროტესტო აქციები დასავლეთიდან იმართება, მიზანი კი მისი ძალაუფლებიდან ჩამოშორებაა.