რუსეთში პროკურორებმა სასამართლოს ოთხი ჟურნალისტისთვის 6 წლით თავისუფლების აღკვეთის მოთხოვნით მიმართეს.
ჟურნალისტები ანტიკორუფციულ ჯგუფში მუშაობდნენ, რომელიც გარდაცვლილმა რუსმა ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნიმ დაარსა. 2021 წელს კი ფონდი ექსტრემისტულ დაჯგუფებად გამოცხადდა და რუსეთში მისი საქმიანობა აიკრძალა.
კრემლის კრიტიკოსების განცხადებით ეს ნაბიჯი პოლიტიკურად მოტივირებული იყო, რადგან სწორედ ალექსეი ნავალნი იყო პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მთავარი მოწინააღმდეგე ოპოზიციონერი და ის რუსეთში არსებული კორუფციის წინააღმდეგ ძლიერ კამპანიას აწარმოებდა.
ალექსეი ნავალნი 2023 წელს რამდენიმე ბრალდებით დააკავეს, მათ შორის ერთ-ერთი იყო ექსტრემისტული დაჯგუფების მართვა. 2024 წლის თებერვალში ნავალნი საპატიმროში გარდაიცვალა, სადაც ის 19-წლიან სასჯელს იხდიდა.
ჟურნალისტებს ანტონია ფავორსკაიას, არტიომ კრიგერს, სეგეი კარელინსა და კონსტანტინ გაბოვს, რომლებიც გასულ წელს დააკავეს, პროკურატურა ექსტრემისტულ დაჯგუფებაში მონაწილეობას ედავება.
ჟურნალისტები დამოუკიდებელ და საერთაშორისო მედია საშუალებებთან თანამშრომლობდნენ და რუსეთში მიმდინარე პროტესტებსა და პოლიტიკურ სასამართლო პროცესებს აშუქებდნენ.
მოსკოვის ნაგატინსკის რაიონულ სასამართლოში დასკვნითი სიტყვის თქმისას პროკურორებმა სასამართლოს ჟურნალისტების 5 წლითა და 11 თვით დაკავება სთხოვეს. სასამართლო პროცესი დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა.
დახურული სასამართლო, გაუმჭვირვალე პროცესები, კრიტიკოსების შევიწროება რუსული ხელისუფლების პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი კიდევ უფრო ცხადად მას შემდეგ გახდა, რაც რუსეთი 2022 წლის თებერვალში უკრაინაში შეიჭრა.
ვლადიმერ პუტინის მთავრობა ავიწროებს ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, დამოუკიდებელ ჟურნალისტებს, უფლებადამცველებს და იმ მოქალაქეებს, რომლებიც კრემლის პოლიტიკას აკრიტიკებენ.
2022 წლიდან მოყოლებული ხელისუფლებამ ასობით ადამიანი უკვე დააპატიმრა, ხოლო დევნის თავიდან აცილების მიზნით, ათასობით მოქალაქე იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა.