რუსულ სახელმწიფო ტელეკომპანია MIR-თან ინტერვიუში ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკამ თბილისის მოსკოვსა და მინსკთან დაახლოებულ სავაჭრო-ეკონომიკურ და პოლიტიკურ ურთიერთობებზე ისაუბრა.
ავტორიტარი ლიდერის მტკიცებით, მას შემდეგ, რაც ქართული პროდუქცია დასავლეთში, როგორც ის ამბობს, „არავინ მიიღო“, საქართველომ სავაჭრო პარტნიორობა გაზარდა ბელარუსსა და რუსეთთან. ამ კონტექსტში მან ისაუბრა უკრაინასთან დაკავშირებითაც და იმედი გამოთქვა, რომ თბილისის, კიევის, მოსკოვისა და მინსკის ურთიერთობები სამომავლოდ გაუმჯობესდება.
„შეხედეთ, რა მოუვიდა საქართველოს. დღეს წავიკითხე, არ გამორიცხავენ, ციტატას მოვიყვან – „შეძლონ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა“. ჩვენს ბაზარზე ისინი დღეს ყიდიან არა მხოლოდ ღვინოს, არამედ სხვა პროდუქციასაც, რომელიც ვერსად წაიღეს. არც ევროკავშირსა და არც ამერიკის შეერთებულ შტატებში არ იღებენ, რადგან იქ თავისი სიკეთე ჰყოფნით. მაშინ სადღა მივიდნენ? მოგვაკითხეს ჩვენ და რუსეთს. საქართველოსთან ადრეც ვთანამშრომლობდით.
ჩვენ ეს გვჭირდება ბაზრის შესანარჩუნებლად. ბაზარს სჭირდება ათვისება, განვითარება და უხეშად რომ ვთქვათ, სხვა ბაზრების დაპყრობაც საჭიროა. საჭიროა თანამშრომლობა სხვა ქვეყნებთან და არა უსარგებლო კონკურენცია. საჭიროა გაერთიანება და ეს შეგვიძლია ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ფარგლებში, რომლის თავმჯდომარე სახელმწიფოც ვართ და ასევე დსთ-ს ფარგლებში, რომელიც თავისუფალი ვაჭრობის სივრცეა. სამწუხაროა, რომ გაურკვევლობაა ბალტიისპირეთის სახელმწიფოებთან, უფრო სამწუხარო კი, რომ ასეთი ვითარებაა უკრაინასთან. მოვლენ საღად მოაზროვნე ადამიანები და ისინი არ დაიწყებენ ჩვენი კავშირისგან ჩამოშორებას. ვფიქრობ, უკრაინაც ჩვენთან იქნება“, – განაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკამ.
საქსტატის თანახმად, ბოლო წლებში ქართული ღვინისა და პროდუქციის ექსპორტის მაჩვენებელი დსთ-ს წევრ სახელმწიფოებში გაზრდილია. მიუხედავად ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ არსებული შეთანხმებისა, 2019 წლიდან ევროპის ქვეყნებში, მაგალითად, ქართული ღვინის ექსპორტის წილი შემცირებულია.