უახლესი გამოკითხვის თანახმად, უნგრელთა უმრავლესობა მომხრეა ნარკოპოლიტიკის გამკაცრებისა. ამ ნაბიჯს მხოლოდ 12 პროცენტი ეწინააღმდეგება, გამოკითხულთა ორი მესამედი კი აშკარად უჭერს მხარს მთავრობის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო პაკეტს, რომლის მიხედვითაც, იზრდება ჯარიმები და მკაცრდება სანქციები.
თუმცა ექსპერტები ფიქრობენ, რომ ევროკავშირში ნარკოტიკებთან დაკავშირებული ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი კანონის კიდევ უფრო გამკაცრება უფრო საარჩევნო დაპირებაა, ვიდრე პრობლემის რეალური გამოსავალი.
ნარკოპოლიტიკის ექსპერტის პეტერ შაროშის თქმით, ალტერნატიულ საშუალებებს უფრო ექნებოდა აზრი. შედეგი ექნებოდა ინვესტიციის ჩადებას ნარკომანიით დაავადებული ადამიანების თერაპიაში და საზოგადოებისთვის შესაბამისი პროგრამების შექმნას. იგი დასძენს, რომ ეს არ ხდება უნგრეთში, ამისათვის არ არის გამოყოფილი სახსრები, არც მხარდაჭერაა.
ნარკოტიკები ყველაზე თვალსაჩინო პრობლემაა განსაკუთრებით ღარიბ სოფლებში, სადაც ბევრი ადამიანი იყენებს იაფ, სინთეტიკურ და უკიდურესად მავნე ნივთიერებებს. გასულ კვირას უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ერთ-ერთ ასეთ ადგილს ეწვია.
მისი თქმით, ნარკოტიკი ანადგურებს ბავშვებსა და ზრდასრულებს. განსაკუთრებით მსგავსი ტიპის ადგილებში. როგორც თავად ამბობს, იგი მუშაობს ამის შესაჩერებლად და სწორედ ამიტომაც ჩამოვიდა აქ.
ევრონიუსის ჟურნალისტი ადამ მაგიარიც ჩავიდა ტარნაჟადანიში, სადაც მას რამდენიმე მოქალაქემ უთხრა, რომ რეიდების შედეგად აღარც ნარკომოვაჭრეები არიან და აღარც ადგილობრივები მოიხმარენ ნარკოტიკებს. ვინც ნარკოტიკს გაყიდის, 10-წლიანი პატიმრობა ემუქრება.
ერთ-ერთმა მოქალაქემ ნარკოტიკების მომხმარებლები გასულ უქმეებზე პაბში ნახა, სადაც ისხდნენ ერთად, საუბრობდნენ და სვამდნენ. იგი კმაყოფილია, რომ მის სოფელში გაქრა ყველა სახის ნარკოტიკი.

ზოგიერთმა აღიარა, რომ სოფელში ჯერ კიდევ არიან ნარკომოვაჭრეები, თუმცა ერიდებიან მათზე საუბარს, რადგან ეშინიათ მათი. მსგავსი ვითარებაა ახლომდებარე სოფლებშიც. ევრონიუსის ჟურნალისტი ტარნაერშში შეხვდა ერთ-ერთ მომხმარებელს, რომელმაც უთხრა მას, რომ ნარკოტიკის ერთი დოზა დაახლოებით 2.4 ევრო უჯდება.
ტარნაერშში დაახლოებით 1800 მცხოვრებია. ერთ-ერთი ადგილობრივის თქმით, აქ ახლა 11 ადამიანია, რომლებიც ნარკოტიკებით ვაჭრობენ. მათ დროგამოშვებით პოლიცია აკავებს, თუ ციხეში მოხვდებიან, მათ ადგილს სხვები იკავებენ.
ევრონიუსი რამდენჯერმე დაუკავშირდა ლაზლო ჰორვატს, მთავრობის კომისარს ნარკოტიკების საკითხებში, რათა ეკითხა, რეიდების გარდა, გეგმავს თუ არა მთავრობა იმ სოციალური სიტუაციის მოგვარებას, რომელსაც ნარკოტიკების მოხმარებამდე მივყავართ. თუმცა პოლიტიკოსმა უარი განაცხადა, ეპასუხა ევრონიუსის კითხვებისთვის. ინტერვიუს არც პოლიციელები დასთანხმდნენ.