მთავარისაქართველო„თუ დღეს ვერ დავიცავთ საქართველოს, ხვალ შესაძლოა ვნახოთ სრულიად განსხვავებული ევროპა”- სალომე...

„თუ დღეს ვერ დავიცავთ საქართველოს, ხვალ შესაძლოა ვნახოთ სრულიად განსხვავებული ევროპა”- სალომე ზურაბიშვილის მიმართვა ჩეხეთის სენატს

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 9 აპრილს ჩეხეთის სენატს სიტყვით მიმართა. მისი განცხადებით, 9 აპრილი ყველა ქართველისთვის სევდიანი დღეა. დღე, როდესაც 36 წლის წინ, 1989 წელს რუსი სამხედროები თბილისში შემოვიდნენ, დაარბიეს მშვიდობიანი დემონსტრაცია და დახოცეს აქციის მონაწილეები.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით 1989 წლის 9 აპრილის გზავნილი არსად გამქრალა. ამ მოვლენამ საფუძველი დაუდო ეროვნულ მოძრაობას და გზა გაუხსნა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას ორი წლის შემდეგ. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ამბობს, რომ ახლა 36 წლის შემდეგ იგივე დღესა და იგივე გამზირზე, სადაც თავისუფლებისთვის სისხლი დაიღვარა, ქართველები ისევ აპროტესტებენ.

სალომე ზურაბიშვილმა ჩეხეთის სენატის წევრებს სთხოვა, მასთან წუთიერი დუმილით პატივი მიეგოთ 1989 წლის 9 აპრილს დაღუპული ახალგაზრდებისთვის. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, დღეს საქართველო იცვლება არა ტანკებით, არამედ რეპრესიული კანონებით და დემოკრატია ქართველი ხალხის თვალწინ ნაბიჯ-ნაბიჯ ნადგურდება.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ევროკავშირის დამოკიდებულებაზე საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და თქვა: – „ევროპამ უნდა იმოქმედოს არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ რეალური საპასუხო სტრატეგიით“.

„თუკი ევროკავშირს არ შეუძლია დაიცვას ღირებულებები, რომლებსაც ათწლეულებია იცავს; თუკი ვერ ახერხებს იმ ხალხისა და ინსტიტუტების დაცვას, რომლებსაც თვითონ ეხმარებოდა; თუკი ვერ რეაგირებს ნათლად, მაშინ საფრთხის ქვეშ დგება მთელი ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის სანდოობა. და ასევე — მისი თავდაცვის სტრატეგია. რადგან შეიარაღება — ნების გარეშე, სწრაფი რეაგირების გარეშე -უბრალოდ ქაღალდზე დაწერილი სტრატეგიაა. ეს არ არის შეკავება, არ არის ძალა“.

მისივე თქმით, დღეს საქართველო ამ ბრძოლაშია.

“ჩვენ არ გთხოვთ, იბრძოლოთ ჩვენ ნაცვლად, მაგრამ გთხოვთ, იდგეთ ჩვენ გვერდით – ამოიღოთ ხმა, იმოქმედოთ მტკიცედ და ნათლად.

რადგან თუ დღეს ვერ დავიცავთ საქართველოს, ხვალ შესაძლოა ვნახოთ სრულიად განსხვავებული ევროპა“, – განაცხადა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend