1989 წლის 9 აპრილის ღამის შესახებ საქართველოში ბევრი რამ შეგვიძლია გავიხსენოთ, თუმცა, როგორც ირკვევა, საბჭოთა რეჟიმის მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების უმოწყალო დარბევის შესახებ მეხსიერება არსებობს ბალტიისპირეთშიც.
ცნობილ ესტონელ ჟურნალისტსა და ტელეწამყვანს აინარ რუუსაარს ტალინში შევხვდით. ისე მოხდა, რომ 1989 წლის გაზაფხულზე, იმ დროს ჯერ კიდევ 23 წლის ესტონელი სტუდენტი არდადეგებს თბილისში ატარებდა.
„იმ დროს ტარტუს უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტი ვიყავი – ჟურნალისტიკას ვსწავლობდი. ულამაზესი გაზაფხული იდგა. ადრე მშობლებთან ერთად რამდენჯერმე ვისვენებდი საქართველოში. სტიპენდია რომ ავიღე, აღმოვაჩინე, რომ ამ ფულით შემეძლო მეყიდა ბილეთები – თბილისი – ტალინი – თბილისი, ამიტომ საქართველოში დასასვენებლად გამგზავრება გადავწყვიტე. 6 აპრილს ჩავფრინდი თბილისში, ძალიან მალევე დავუმეგობრდი ქართველებს, ვისვენებდი და ასე ვატარებდი არდადეგებს, ყველაფერი გადასარევად იყო..
რუსთაველზე ხალხმა რომ დაიწყო შეკრება, ჩემში ჟურნალისტმა გაიღვიძა. მესამე კურსზე ვიყავი მაშინ, შევძელი და რამდენიმე პატარა სიუჟეტი მოვამზადე ესტონური გამოცემებისთვის. ვწერდი, რა განწყობები იყო თბილისში, მიტინგებზე დამოუკიდებლობის მოთხოვნაზე და ტელეფონით გადავცემდი ამას ესტონურ გაზეთებს, რომლებიც შემდეგ ამ ტექსტებს აქვეყნებდნენ.
8 აპრილს, საღამოს, ჩემმა ქართველმა მეგობრებმა მითხრეს, რომ რუსთაველზე იკრიბებოდნენ დიდი პროტესტისთვის… რა თქმა უნდა, მეც გავყევი.
თავს როგორ დაგვესხნენ, იმ მომენტს ვეღარ ვიხსენებ, არ მახსოვს საბჭოთა ჯარისკაცების სახეები, მაგრამ კარგად მახსოვს, როგორ გარბოდა ხალხი, მახსოვს ყვირილი..
იქვე, რუსთაველზე პატარა ეკლესიაა და მეგობრებმა იქით წამიყვანეს.. დარბევის დროს მათთან ერთად ვიწექი ამ ეკლესიის ეზოში… გეცოდინებათ, პატარა ეკლესია პარლამენტის მოპირდაპირე მხარეს”, – იხსენებს აინარ რუსაარი.
1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია საბჭოთა არმიამ სასტიკად დაარბია ხელკეტების, მომწამლავი ნივთიერებებისა და ბარების გამოყენებით. იმ ღამით რუსთაველის გამზირზე დაიღუპა – 21 და დაშავდა 400-ზე მეტი ადამიანი.
“რომ წამოვდექით, მახსოვს, BMP-ები იდგა თუ მიდიოდნენ… ხალხი შოკში იყო… რა თქმა უნდა, ტალინში მაშინვე არ დავბრუნებულვარ – რამდენიმე დღე კიდევ ვიმუშავე როგორც ჟურნალისტმა თბილისში. მახსოვს, 16 წლის გოგონას დაკრძალვაზე ვიყავი, რომელიც რუსთაველის გამზირზე მოკლეს.
აი, ასეთი დასვენება გამოვიდა..
ეს დღე – 1989 წლის 9 აპრილი არასდროს დამავიწყდება. მაშინ პირველად ვიგრძენი, რომ რაღაც ისეთს ვაკეთებდი, რასაც უნდა აკეთებდეს ჟურნალისტი… ამის შემდეგ ბევრჯერ გამიშუქებია კონფლიქტები, მათ შორის საქართველოშიც. ვიყავი სოხუმშიც 1993 წელს და მე ერთ-ერთი ბოლო ჟურნალისტი ვიყავი, ვინც ქართველ სამხედროებთან ერთად დატოვა სოხუმი”, – ამბობს რუსაარი.
ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს ყოფილი წევრი – აინარ რუსაარი 90-იან წლებში სამხედრო რეპორტიორადაც მუშაობდა და აშუქებდა კონფლიქტებს კავკასიაში. რეპორტიორი დღეს ტალინში – ესტონეთის უდიდეს რადიოსადგურში საქმიანობს და საქართველოში მიმდინარე პროევროპულ დემონსტრაციებსაც აქტიურად ადევნებს თვალს.
„10 წლის წინ დარწმუნებული ვიყავი, რომ საქართველომ აირჩია თავისი გზა დასავლეთისა და ევროკავშირისკენ, ნატოსკენ, რომ ეს სწორი გზაა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ივანიშვილი მოვიდა აქტიურ პოლიტიკაში, ეს კურსი შეიცვალა. ამას ჩვენ ვხედავთ და სიმართლე გითხრათ, გული გვწყდება.
როდესაც საქართველოში უკანასკნელად ვიყავი, ეს იყო სამი წლის წინ, ჩემს შვილებთან ერთად ვისვენებდი თბილისში, ბათუმსა და თელავში, როცა იგებდნენ, რომ ესტონეთიდან ვარ, ხშირად მპასუხობდნენ: ოო, ესტონეთი, ჩვენც გვინდა ევროპაშიო. გამყიდველი ბებიაც კი, ბაზარში, იმას მეკითხებოდა, ევროკავშირში როდის მიგვიღებთო. ასეთი ემოცია მოდის ხალხისგან ერთი მხრივ, მაგრამ, მეორე მხრივ, რასაც ვკითხულობ თქვენს მთავრობაზე, ეს ერთმანეთს სრულიად აცდენილია. რა იქნება, ეს ქართველო ხალხის გადასაწყვეტია, თუმცა მე იმედი მაქვს, რომ უმრავლესობა მაინც დასავლეთისკენ გაიხედავს, რომ შეინარჩუნებთ იმას, რასაც ჩვენ ასე ვაფასებთ – თქვენს ერთიანობას, ემოციებს და მაგობრობას – ამის დიდი იმედი მაქვს”, – ამბობს ესტონელი ჟურნალისტი.