პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად სამების საკათედრო ტაძარში იმყოფებოდა, სადაც 9 აპრილს დაღუპულ გმირთა მოსახსენიებელ პარაკლისს დაესწრო.
ირაკლი კობახიძემ 1989 წლის 9 აპრილის მოვლენები დღევანდელ რეალობასა და რუსთაველის გამზირზე მიმდინარე უწყვეტ პროევროპულ პროტესტს, ხოლო საბჭოთა „კაგებე“ ე.წ. „დიფ სთეითს“ შეადარა. მან ასევე უპასუხა მედიის კითხვას ტრაგიკულ თარიღთან დაკავშირებული განცხადების თაობაზე, სადაც რამდენჯერმე იყო ნახსენები „უცხოური ძალა“, თუმცა არც ერთხელ რუსეთი ან საბჭოთა კავშირი.
„რეალურად, მე აქცენტი მქონდა პარალელზე 36 წლის წინაც მოქმედებდა სხვა გარე ძალა და დღესაც მოქმედებს ჩვენი ეროვნულ ინტერესების წინააღმდეგ გარე ძალა. რაც შეეხება ტოლობის ნიშანს – ზუსტადაც რომ მე ვსვამ ტოლობის ნიშანს, ზუსტად ისეთივე მეთოდებით მოქმედებს დღეს „დიფ სთეითი“, ახლა უკვე არა ამერიკის, მაგრამ ევროპული სტრუქტურების გამოყენებით, როგორც თავის დროზე, 36 წლის წინ მოქმედებდა საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ საბჭოთა „კაგებე“.
მეთოდები არ შეცვლილა, საბჭოთა „კაგებეს“ მეთოდებით მოქმედებს „დიფ სთეითი“ და რაც ყველაზე დასანანია, ამაში იყენებს ევროპულ ბიუროკრატიას. ეს უნდა დასრულდეს. ამასთან დაკავშირებით ჩვენ რა თქმა უნდა, გვექნება ძალიან მკაფიო პოზიცია მომავალშიც. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესები და ჩვენი საზოგადოების ინტერესები. საზოგადოების ინტერესებშია ერთიანობა და არა სიძულვილი და გახლეჩა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
9 აპრილის დილას მთავრობის ადმინისტრაციამ ფეისბუკგვერდზე ტრაგედიის 36-ე წლისთავთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, თუმცა მშვიდობიანი დემონსტრანტების სასტიკ დარბევაში მონაწილედ არც რუსეთი და არც საბჭოთა კავშირი არ დაუსახელებია.