მთავარისაქართველო„ჩვენ გველის ძალიან ხანგრძლივი ბრძოლა” - 34 წლის წინ დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი...

„ჩვენ გველის ძალიან ხანგრძლივი ბრძოლა” – 34 წლის წინ დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღეს

1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო.

სხდომის დაწყების წინ უზენაესი საბჭოს დეპუტატებმა და მოწვეულმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას. შემდეგ ტრიბუნასთან საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე, ზვიად გამსახურდია მივიდა.

„პატივცემულო დეპუტატებო! პატივცემულო სტუმრებო! პატივცემულო საზოგადოება! დღეს ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ ჩვენი ერის, ჩვენი რესპუბლიკის მომავალ ბედზე, მის იურიდიულ-სამართლებრივ სტატუსზე. ჩვენ უნდა შევაჯამოთ ჩვენი გამოცდილება ამ მიმართულებით და გადავწყვიტოთ, თუ რა გზას დავადგეთ დღევანდელ რთულ პოლიტიკურ სიტუაციაში, რათა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, ჩვენი ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის მონაპოვარი“, – ამ სიტყვებით დაიწყო ზვიად გამსახურდიამ ისტორიული სიტყვა, რომლითაც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის გადაწყვეტილების შესახებ გვამცნო.

გამსახურდიამ საზოგადოებას 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის შედეგები შეახსენა.

„თანახმა ხართ თუ არა აღდგეს საქართველოს დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?“ – ასეთი იყო რეფერენდუმის კითხვა. მასში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 90,5%, მათი 99,08% დამოუკიდებლობის აღდგენას მხარი დაუჭირა.

„მიზანშეწონილად მიგვაჩნია, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ, რეფერენდუმზე გამოხატული ხალხის ნების გათვალისწინებით, მსოფლიოს ცივილიზებულ ერთა წინაშე გამოაცხადოს საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის აღდგენა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე, რათა საქართველომ დაიკავოს ღირსეული ადგილი მსოფლიოს სუვერენულ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში. სიმბოლურია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება 9 აპრილს, ვინაიდან ამ დღეს გადაწყდა საქართველოს ბედი.

9 აპრილის წამებულთა სულები დაგვცქერიან ჩვენ და ხარობენ ზეციურ ნათელში, რამეთუ აღსრულდა ნება მათი, აღსრულდა ნება ქართველი ერისა. გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს! გვფარავდეს ღმერთი!“ – ასე დაასრულა გამოსვლა ზვიად გამსახურდიამ. მის სიტყვას დარბაზში ხანგრძლივი ოვაციები მოჰყვა.

გამსახურდიას შემდეგ სიტყვით გამოვიდნენ უზენაესი საბჭოს სხვა წევრებიც.

საბოლოოდ, საქართველოს უზენაესმა საბჭომ, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი ერთხმად დაამტკიცა, რის შემდეგაც დარბაზში ეროვნული ჰიმნი „დიდება“ აჟღერდა.

9 აპრილის ტრაგედიიდან ზუსტად ორი წლის შემდეგ,1991 წლის 9 აპრილს, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღებით, უმძიმესმა თარიღმა, რომელიც საბჭოთა არმიის მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების სისხლიან დარბევას უკავშირდებოდა, კიდევ ერთი – ისტორიული გამარჯვების მნიშვნელობა შეიძინა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend