ვაშინგტონი და თეირანი შეთანხმების მიღწევას ისევ შეეცდებიან. ირანის ბირთვულ პროგრამაზე სამსჯელოდ შეხვედრის ადგილიც უცვლელია. შაბათს, 12 აპრილს, მაღალი დონის დიპლომატებს ომანი უმასპინძლებს. აშშ გარიგების მისაღწევადაა განწყობილი, თუმცა არც იმას მალავს, რომ დიპლომატიის წარუმატებლობის შემთხვევაში სამხედრო პასუხზეც ნაფიქრია. დონალდ ტრამპის ამოცანა ისაა, რომ ირანმა ბირთვულ პროგრამაზე უარი თქვას.
„ჩვენ გვაქვს პირდაპირი საუბრები ირანთან უმაღლეს დონეზე. ბევრი ამბობს, რომ ეს არაპირდაპირი გზით ხდება, არა მათ ვესაუბრებით პირდაპირ და შესაძლოა შეთანხმებაც შედგეს, რაც კარგი იქნება ირანისთვის. შაბათს გვექნება დიდი შეხვედრა თითქმის უმაღლეს დონეზე და ვნახავთ, თუ რა მოხდება. ვფიქრობ, ყველა ეთანხმება იმას, რომ გარიგება აშკარაზე სასურველია. აშკარა კი ის არაა, რაში ჩაბმაც არც ჩვენ გვსურს და არც ისრაელს. უნდა ვნახოთ, შეგვიძლია თუ არა ცუდის თავიდან არიდება. ეს იქნება ძალიან საშიში ტერიტორია, ამიტომ იმედია, ეს მოლაპარაკება იქნება წარმატებული. ვფიქრობ, თუ საუბრები წარმატებული არ იქნება, ირანი დიდ საფრთხეში აღმოჩნდება. მეზიზღება ამის თქმა, მაგრამ დიდი საფრთხე ელით, რადგან მათ ვერ ექნებათ ბირთვული იარაღი. ეს არ არის რთული ფორმულა, ირანს იარაღი ვერ ექნება. ამჟამად არსებობენ ქვეყნები ბირთვული იარაღით, რომლებსაც ის არ უნდა ჰქონდეთ. თუმცა დარწმუნებული ვარ, მოვახერხებთ ამ საკითხზე მოლაპარაკებას. თუ მოლაპარაკებებზე წარმატებას ვერ მივაღწიეთ, ირანს ძალიან ცუდი დღე დაადგება, ამაშია საქმე“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.
ტრამპს დაეთანხმა ვაშინგტონში სიურპრიზად ჩასული ისრაელელი პრემიერიც. ირანის მიმართ ხისტი განცხადებებით გამორჩეულმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ მიესალმება დიპლომატიურ შეთანხმებას, ისეთს, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოებამ 2003 წელს ლიბიის შემთხვევაში მიაღწია. რაც შეეხება 2025 წელსა და შაბათის, 11 აპრილის, შეხვედრას, ამ მხრივ წინააღმდეგობრივი ინფორმაცია ვრცელდება. კერძოდ, მხარეებს შორის შეხვედრა პირდაპირი იქნება თუ არა. თეირანში თვლიან, რომ ამას არსებითი მნიშვნელობა არც აქვს. საგარეო საქმეთა მინისტრმა მეტი დეტალი გაამხილა და თქვა, რომ შეხვედრას პირადად დაესწრება. ამერიკულ მხარეს კი ახლო აღმოსავლეთში დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი წარმოადგენს.
„ჩვენი ამოცანაა, დავიცვათ ირანელი ხალხის უფლება და შევამსუბუქოთ სანქციები. თუ მეორე მხარეს, მართლაც, სურს ვითარების დალაგება, მაშინ მიზანი მიღწევადია. არ აქვს მნიშვნელობა იმას, მოლაპარაკება პირდაპირია თუ არაპირდაპირი. ამჟამად ჩვენ ვამჯობინებთ, რომ ის დარჩეს არაპირდაპირი. ჩვენ არ მიგვიღწევია რაიმე სახის შეთანხმებამდე, რომ პირდაპირი მოლაპარაკებების რეჟიმზე გადავიდეთ. არ ვფიქრობთ, რომ ეს პროცესს დაეხმარება. თუ მეორე მხარე აჩვენებს რეალურ ინტერესს, შეთანხმება შედგება. როგორც იტყვიან, ბურთი მათ მხარესაა. თუ ომანში რეალური სურვილით ჩამოვლენ, შედეგი იქნება”, – ამბობს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი.
ირანის საგარეო უწყებაში იმასაც ამბობენ, რომ თუ აშშ მუქარას აღასრულებს, ირანი პასუხს არ დააყოვნებს.
„ისინი, ვინც ირანის ისლამურ რესპუბლიკას ემუქრება, უნდა იცოდეს, რომ თუ მუქარას შეასრულებენ, ირანისგან მიიღებენ სწრაფ, გადამწყვეტ, სიღრმისეულ პასუხს. ირანი როგორც პასუხისმგებლიანი სახელმწიფო ყოველთვის მკაფიოდ ამბობდა, რომ ესწრაფვის სამართლიანობას ლეგალური არხებით. ვნახავთ, როგორ გადაწყვეტს საკითხს აშშ, იმ ისტორიის გათვალისწინებით, თუ როგორ მიმდინარეობდა ბირთვულ საკითხზე მოლაპარაკებები გასული ათწლეულის მანძილზე. ვფიქრობ, საჭიროა პრობლემის რეალურ ფესვებს ჩავწვდეთ, რომ ის მოვხსნათ. წინააღმდეგ შემთხვევაში მას ვერ გადაწყვეტთ”, – აღნიშნავენ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ფესვები საკმაოდ შორს მიდის. მის გადასაწყვეტად ბოლო მცდელობა 2021 წელს ბაიდენის ადმინისტრაციას ჰქონდა, თუმცა შუამავლების ჩართულობით. მოლაპარაკებებმა შედეგის გარეშე ჩაიარა. გარღვევა 2015 წელი იყო, როდესაც ობამას ადმინისტრაციამ ირანი ურანის გამდიდრების შემცირებაზე დაითანხმა თეირანზე ეკონომიკური სანქციების მოხსნის სანაცვლოდ. გარიგებამ მანამ იმუშავა, ვიდრე 2018 წელს დონალდ ტრამპმა ირანის ბირთვული შეთანხმება არ დატოვა. მიზნების მიღწევას პრეზიდენტი მეორე ვადით შეეცდება, თუმცა წარსულის გამოცდილებიდან გამომდინარე შტატებს ტონის შეცვლას ურჩევენ.
„ამ მოცემულობაში ყველა მხარემ, რომელიც ირანის ბირთვულ გარიგებაშია ჩართული, უნდა იმოქმედოს დიალოგის გაძლიერებაზე იმისათვის, რომ ვითარების ესკალაცია აირიდონ თავიდან. როგორც ქვეყანა, რომელმაც ცალმხრივად დატოვა ირანის ბირთვული შეთანხმება და სიტუაცია აქამდე მიიყვანა, აშშ-მა უნდა შეინარჩუნოს პოლიტიკური გულწრფელობა, ურთიერთპატივისცემა და შეწყვიტოს ძალით მუქარის არასწორი პრაქტიკა”, – აღნიშნავს ლინ ციანი ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან.
თავად ჩინეთი ისევე როგორც საფრანგეთი, გერმანია, რუსეთი და დიდი ბრიტანეთი 2015 წელს მიღწეული შეთანხმების თანახელმომწერები იყვნენ. მაშინ სანქციებით დამძიმებულმა ირანმა საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს უფლებაც კი დართო ადგილზე მონიტორინგისთვის იმაში დასარწმუნებლად, რომ ბირთვული ობიექტები შეთანხმების შესაბამისად მუშაობდნენ, რომ მას უკიდურესად სამოქალაქო მიზნებით იყენებდნენ და არა ბირთვული პროგრამის განსავითარებლად. შეთანხმებიდან შტატების გასვლის შემდეგ ირანმა ბირთვული იარაღის შესაქმნელად მუშაობა გააძლიერა.