ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე თითქმის სამი თვე რჩება. ათასობით აბიტურიენტი ახლა გამოცდებისა და ცხოვრების ახალ საფეხურზე გადასასვლელად ემზადება. გამოცდებისთვის რეგისტრაცია უკვე დასრულდა. ახლა აბიტურიენტებმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, აირჩიონ მათთვის სასურველი პროფესია.
„წელს ვაბარებ, იურიდიულ ფაკულტეტზე ვაპირებ სწავლის გაგრძელებას. ეს მიმართულება ბავშვობიდან მაინტერესებს“ , – ამბობს აბიტურიენტი, მარიამ ვაჩეიშვილი.
„კომპიუტერულ მეცნიერებაზე ვაბარებ, ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესოა და მომავლის პროფესიაა“, – ამბობს აბიტურიენტი, მარიამ ნაირაშვილი.
ცხოვრების ახალ საფეხურზე აბიტურიენტებს ბევრი გამოწვევა აქვთ. გარდა იმისა, რომ მათთვის საინტერესო საქმიანობა უნდა აირჩიონ, გამოცდაზე საუკეთესო შედეგებისთვის თავიანთი შრომის მაქსიმუმიც უნდა აჩვენონ. დიდია საგამოცდო მასალაც. მირანდა კიკალიშვილი უკვე 18 წელზე მეტია, რაც აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ამეცადინებს, ახლა კი თავის გამოცდილებას გვიზიარებს.
„ძირითადი გამოწვევა, როცა ენას ეხება საქმე, ენის პრაქტიკული ნაწილია. ლექსიკასა და გრამატიკას შედარებით მარტივად სწავლობენ აბიტურიენტები, მაგრამ ძალიან უჭირთ ენის პრაქტიკული ნაწილის დაუფლება, აბიტურიენტების შემთხვევაში წერის ნაწილს ეხება საქმე. გამოცდების წინა პერიოდი საკმაოდ სტრესულია მათთვის, მაგრამ პირველი სტრესი, მგონი, ქართლი ენის გამოცდაზე მოდის. ჩემი რეკომენდაციაა, რომ იშრომონ ძალიან ბევრი და მუდმივად იმეცადინონ“, – ამბობს მასწავლებელი, მირანდა კიკალიშვილი.
საგამოცდო მასალის სიდიდეზე აბიტურიენტებიც საუბრობენ. თუმცა, ამბობენ, რომ დროის სწორი განაწილებით თავისუფალი დროც რჩებათ. მათთვის მთავარი გამოწვევა კი იმ ნერვიულობის დაძლევაა, რომელიც ერთიან ეროვნულ გამოცდებს ახლავს.
„მთავარი გამოწვევა, ალბათ, შიშის დაძლევაა, რამდენად მოვასწრებთ ამდენი მასალის გავლას, როგორ ჩავაბარებთ “, – ამბობს აბიტურიენტი, მარიამ ნაირაშვილი.
„მასალა საკმაოდ დიდია, განსაკუთრებით ქართულის თემის წერას სჭირდება მინიმუმ ერთი წელი, რომ კარგ ქულაზე დაწერო. თუმცა, დროის სწორი მენეჯმენტი მნიშვნელოვანია და თავისუფალი დროც მრჩება“, – ამბობს აბიტურიენტი, მარიამ ვაჩეიშვილი.
შეფასებისა და გამოცდები ეროვნული ცენტრი 2025 წლის გამოსაცდელებს შეახსენებს, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამოსაცდელებმა გადაიხადეს გამოცდებზე რეგისტრაციის საფასური 2 აპრილის 18:00 საათამდე, მაგრამ ვერ მიიყვანეს რაიმე მიზეზით რეგისტრაციის პროცესი ბოლომდე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აძლევს მათ საშუალებას 10 აპრილის 18:00 საათამდე დაასრულონ რეგისტრაცია.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენად სწორად აირჩევენ პროგრამებს. მნიშვნელოვანია, გაითვალისწინონ ეს პროგრამა, რომელიც მათ აირჩიეს, აკრედიტებულია თუ არა, რამდენი წელი მიმდინარეობს სწავლება, მიაქციონ ყურადღება გაზრდილი აქვს თუ არა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი კონკრეტულ პროგრამას“, – ამბობს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საგამოცდო პროცესების მართვის სამსახურის უფროსი მაია გაბუნია.
დარეგისტრირებულ აბიტურიენტებს არაერთხელ შეუძლიათ, შეცვალონ საგანმანათლებლო პროგრამების პრიორიტეტული ჩამონათვალი. მათი არჩევის, წაშლისა და გადანაცვლების საშუალება გამოსაცდელებს აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ.
ავტორი: ანა ალელიშვილი