მთავარიაზიაირანიირანის შეიარაღებული ძალები საბრძოლო მზადყოფნაშია

ირანის შეიარაღებული ძალები საბრძოლო მზადყოფნაშია

ამერიკის შეერთებული შტატები ახლო აღმოსავლეთში სამხედრო საშუალებებს კიდევ უფრო აძლიერებს. ისრაელის მედიაში გავრცელდა ცნობები, რომ აშშ-მა მორიგი თანამედროვე სტრატეგიული დანიშნულების საჰაერო თავდაცვის სისტემები გადასცა ისრაელს. საუბარია ანტიბალისტიკური თავდაცვის სისტემა – THAAD-ზე. გაზრდილია სამხედროების რაოდენობა ინდოეთის ოკეანეში დიეგო გარსიას სამხედრო ბაზაზეც, სადაც სტელსის სისტემის ბი-2 ტიპის რამდენიმე ერთეული  სტრატეგიული ბომბდამშენია განლაგებული.

სამხედრო ბლოგებზე გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ირანთან ძალების მობილიზებას კვლავ აგრძელებს.

ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაზე აშშ-ის პრეზიდენტმაც გააკეთა განცხადება. „მე ვცდილობ, ვივაჭრო, რომ სიტუაცია განიმუხტოს. ახლო აღმოსავლეთში ბევრი რამ ხდება, რაზეც ხალხს საუბარი არ სურს. იცით, ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვქონია ახლო აღმოსავლეთთან. არ გვქონია პრობლემა არც ირანთან.  არავისთან… შემდეგ იყო 7 ოქტომბერი. სიტუაცია შეიცვალა… იმის გამო რომ ირანს ფული არ ჰქონდა, ვერავის აფინანსებდა. ახლა მათ აქვთ ფული… ასე რომ, ვნახოთ, რა მოხდება“, – თქვა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

პენტაგონი ავრცელებს კადრებს, რომლებშიც ჩანს, რომ  იემენში ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას ამზადებენ.

საინფორმაციო სააგენტო „როიტერსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ ირანის შეიარაღებული ძალები საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა. ირანი მეზობელ ქვეყნებს, სადაც ამერიკული სამხედრო ბაზებია განთავსებული, აფრთხილებს,  რომ თუკი ამერიკული ძალები მათი ქვეყნებიდან ჩაერთვებიან კონფლიქტში, შესაბამის პასუხს მიიღებენ.

ირანი არ დასთანხმდა  აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოთხოვნას პირდაპირი მოლაპარაკებების შესახებ. მას ომანის მეშვეობით არაპირდაპირი მოლაპარაკებების გამართვა ურჩევნია.

„ირანი, როგორც პასუხისმგებლიანი ქვეყანა, რომელიც პატივს სცემს საერთაშორისო სამართალს, ყოველთვის აცხადებდა, რომ სამართალს კანონიერი არხებით ეძებს, როგორც შიდა, ისე საერთაშორისო დონეზე.

ახლა ველოდებით, რას გადაწყვეტს ამერიკის შეერთებული შტატები. ირანის შემოთავაზება არაპირდაპირ მოლაპარაკებებზე გულწრფელია და დაფუძნებულია პასუხისმგებლიანობასა და გააზრებაზე ამ საკითხების ისტორიის გათვალისწინებით და თუ როგორ განვითარდა ბირთვულ საკითხზე მოლაპარაკებები, ბოლო ათწლეულის მანძილზე. ბოლო წლებშიც და მანამდეც ეს როლი ომანმა კარგად შეასრულა. როდესაც ვინმეს პრობლემის ხალიჩის ქვეშ ამოდება სურს, უმარტივესია თითის ვინმესკენ გაშვერა. მაგრამ ვფიქრობ ეს პრობლემას არ გადაჭრის“, – განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ესმაილ მაღაიმ.

„ომის შემსწავლელი ინსტიტუტის” ანგარიშის მიხედვით, არაპირდაპირი მოლაპარაკებები ირანს საშუალებას მისცემს, დრო მოიგოს.

„ომის შემსწავლელი ინსტიტუტი” ასევე აღნიშნავს, რომ ირანის მაღალი რანგის ოფიციალური პირები სულ უფრო მეტად შეშფოთებული არიან აშშ-სა თუ ისრაელის მხრიდან მოსალოდნელი თავდასხმის გამო.  როგორც კვლევითი ორგანიზაციის ანგარიშშია აღნიშნული, საჰაერო თავდაცვის შტაბის მეთაური ირანის სამხრეთ აღმოსავლეთით მდებარე სამხედრო ბაზასაც ეწვია  ოპერატიული შესაძლებლობების შემოწმების მიზნით.

მარტის დასაწყისში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მან ხამენეის მისწერა წერილი და  თეირანს მოუწოდა, შეეწყვიტა ბირთვული პროგრამა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სამხედრო პასუხით დაიმუქრა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend