5-6 აპრილს გუდაურმა საქართველოს სამთო-სათხილამურო ჩემპიონატს უმასპინძლა. გუდაურის, ბაკურიანის, მესტიის, აჭარისა და თბილისის გუნდების წევრებმა სამ ასაკობრივ კატეგორიაში იასპარეზეს.
გოგონათა შორის საუკეთესო დრო ბაკურიანის სკოლის წარმომადგენელმა ნინო გეორქოვმა აჩვენა, ვაჟთა შორის კი გუდაურის გუნდის წევრმა ლუკა ბუჩუკურმა.
ლუკა ბუჩუკურს ასევე სპეციალური პრიზი, სოლიკო ხაბეიშვილის სახელობის თასიც გადაეცა. სოლიკო ხაბეიშვილს გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტად ჩამოყალიბებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის. მისი ოცნების პროექტი გუდაურის აღორძინება იყო, რასაც წლების განმავლობაში საკუთარი რესურსები და ენერგია მოახმარა. დაარსებიდან დღემდე კურორტმა რამდენიმე მილიონ ტურისტს უმასპინძლა და ამ ხნის განმავლობაში აღმოსავლეთ ევროპის ზამთრის კურორტებში მოწინავე ადგილი უჭირავს.

საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობდნენ სპორტსმენები, რომლებმაც ზამთრის სეზონზე საქართველოს თასის რეგიონულ ეტაპებზე რეიტინგში მაღალი ქულები დააგროვეს.
ჩემპიონატის დასრულების შემდგომ გაიმართა დაჯილდოების ცერემონიაც, სადაც გამარჯვებულებს მედლები და სამახსოვრო პრიზები გადაეცათ.
საქართველოს ჩემპიონატი სათხილამურო ფედერაციის, მთის ტრასების სააგენტოს თანაორგანიზებითა და ,„სილქნეტის“ მხარდაჭერით იმართება. საქართველოს სათხილამურო ფედერაცია კომპანია „სილქნეტის” გენერალური სპონსორობით საქართველოს ჩემპიონატს 2010 წლიდან ატარებს.
ამ ჩემპიონატით 2024-2025 წლების ზამთრის სეზონი დასრულებულია.