სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიას“ მისაღებ სივრცეებში მხატვარ ზურა აფხაზის ნამუშევრებია გამოფენილი. უკვე კარგა ხანია, სასტუმროს სტუმრებსა და ხელოვნების მოყვარულებს შესაძლებლობა აქვთ, დასვენებასა თუ საქმიან შეხვედრებთან ერთად ხელოვნების ნიმუშების დათვალიერებით ისიამოვნონ. სხვადასხვა დროს აქ ბევრი ცნობილი ქართველი მხატვრის გამოფენა გაიმართა. ამჯერად მხატვარ ზურა აფხაზის რეტროსპექტიული გამოფენაა – „ციური სხეულები“. ეს საგამოფენო ფორმატი, „დედიკას გალერეასა“ და „სილქ ჰოსფითალითის“ თანამშრომლობით შეიქმნა.
ზურა აფხაზის სათქმელი შავ-თეთრ ფერებშია ასახული ტილოებზე. ეს არის ამბები კოსმოსზე, ისტორიასა თუ წარმოსახვაზე… ხელოვნებისმცოდნეთა თქმით, ზურა აფხაზის შემოქმედება ორ ფერზეა აგებული, მაგრამ უსასრულო კომბინაციებით, მრავალფეროვანი ხდება.
თავად მხატვარი კი ამბობს, რომ შთაგონებას მისი დაბადების ადგილიდან, უფლისციხიდან იღებს. იქაურ ლანდშაფტებსა და არქაულ სივრცეს ენერგეტიკული პორტალივით აღიქვამს.
„ეს ნამუშევრები არის სხვადასხვა პროექტიდან, სხვადასხვა დროს შექმნილი. ერთ მთლიან კონტექსტში ამ გამოფენაზე გაერთიანდა. რატომ შავ-თეთრი? ეს უკვე ძალიან დიდი ხნის ამბავია. შავ-თეთრში დაახლოებით 25 წელია, ვმუშაობ. მე ვთვლი, რომ ამ ორ ფერში უფრო გამოვიხატები. შთაგონება მოდის ჩემი დაბადების ადგილიდან, უფლისციხეში დავიბადე და ის ლანდშაფტი და ის ენერგეტიკა გამოიხატება ჩემს შემოქმედებაში. ძეგლს ვგულისხმობ და თვითონ ეს ძეგლი იმდენად ძვირფასია ჩემთვის ენერგიებით, ჩემთვის პორტალიც კი იყო. არ ვიცი სად, მაგრამ სადღაც გასასვლელად და დღემდე ეგრე ვფიქრობ. უფლისციხე მხოლოდ ტურისტული ობიექტი არ არის. ჩემთვის არის უძვირფასესი, საიდანაც მოდის დიდი ენერგია, რომელიც ჩემს მხატვრობასა და ჩემს შემოქმედებას ასაზრდოებს“, – ამბობს მხატვარი ზურა აფხაზი.
ზურა აფხაზის ტილოები თითქოს კოსმოსური რუკებია, რაღაც განსაკუთრებული სათქმელის მატარებელი. თავად ამბობს, რომ არ ცდილობს ნამუშევრებით კონკრეტული გზავნილი გადმოსცეს.
ხელოვნებათმცოდნეები ზურა აფხაზის შემოქმედებაზე ამბობენ, რომ მისი ნამუშევრები ხშირად სცილდება ტრადიციული ფერწერის საზღვრებს. მათი თქმით, მის შემოქმედებაში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მხატვრის მიერ არჩეული ფორმატი და ვიზუალური ენა.
დედიკა ბულია, „დედიკას გალერეის“ დამფუძნებელი ამბობს, რომ სწორედ სივრცის თავისებურებებიდან გამომდინარე გადაწყდა ზურა აფხაზის ნამუშევრების გამოფენა სასტუმრო „რედისონ ბლუ თბილისის“ საგამოფენო სივრცეში.
„ეს არის დედიკას გალერეის, „სილქ ჰოსფითალითისა“ და „სილქნეტის“ ერთობლივი პროექტი. ჩვენი გალერეა 2012 წლიდან წარმოადგენს ზურა აფხაზს ექსკლუზიურად და წლების განმავლობაში პოპულარიზაციისთვის და თვითონ ავტორის სხვადასხვა გამოფენის დაფინანსება, გალერეის რესურსი სრულად არის მიმართული ამ ავტორის ცნობადობის ასამაღლებლად. დღეს უკვე ზურას ყველა იცნობს. ის ძალიან მნიშვნელოვანი არტისტია. თვითონ ეს ექსპოზიციაც მე პირადად ძალიან მომწონს, ვინაიდან შერწყმულია საკმაოდ რთულ რელიეფურ კედლებში და არ იყო ადვილი ამის გაკეთება“, – აცხადებს დედიკა ბულია.
„სილქ ჰოსფითალითის“ არტკურატორი მარიამ კაკაბაძე თანამედროვე ქართული ხელოვნების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე საუბრობს.
„ჩვენ ეს პროექტი დავგეგმეთ დედიკა ბულიას გალერეასთან ერთად, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თანამედროვე ხელოვნების გალერეა საქართველოში და ტრადიციულად „სილქ ჰოსფითალითისთან“ ერთად გავაკეთეთ ასეთი ერთობლივი თანამშრომლობითი პროექტი, რომლის მიზანია თანამედროვე ხელოვნების ხელშეწყობა, ასევე საზღვარგარეთ მყოფი არტისტების გამოვლენა. ზურა აფხაზი მოღვაწეობდა ევროპაში და ახლა საქართველოში არის მნიშვნელოვანი ფიგურა, რომელსაც თავისი სპეციფიკური და მნიშვნელოვანი ხაზი აქვს“, – ამბობს მარიამ კაკაბაძე.
ზურა აფხაზი ამბობს, რომ ხშირად არაფერს გეგმავს წინასწარ, ზოგჯერ სწორედ მუშაობის პროცესში იბადება ის, რაც საბოლოოდ ნამუშევარს მნიშვნელობას სძენს.
„ძალიან ბევრი მაგარი მხატვარი არსებობს, მაგრამ ზეგავლენა არავის მოუხდენია. ეს, ალბათ, იყო ჩემში ჩართული თავდაცვის მექანიზმი, რომელსაც მე უბრალოდ ვერ ვაცნობიერებდი და ავტორიტეტებს გავურბოდი ქვეცნობიერად. ახლა რომელ ნამუშევრებზეც ვმუშაობ, ის აბსოლუტურად განსხვავებულია და ძალიან საინტერესოა ჩემთვისაც”.
ზურა აფხაზის ნამუშევრები სასტუმრო „რედისონ ბლუ თბილისის“ საგამოფენო სივრცეში ივნისის ბოლომდე დარჩება.