ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ნორვეგია და შვედეთი ციფრული სახის გადახდებს აჩერებენ და სრულად უბრუნდებიან ნაღდ ფულზე ანგარიშსწორებას.
მაგალითად, ინტერნეტში გავრცელებულ ამ პოსტში ვკითხულობთ, რომ ეს ქვეყნები ახლა ნაღდი ფულით ანგარიშსწორებას დაუბრუნდნენ იმის გამო, რომ მიხვდნენ – ეს ყველაზე უსაფრთხო გადახდის მეთოდია, იმის გამო, რომ ციფრული ანგარიშები ხელისუფლებას საშუალებას აძლევს ნებისმიერ დროს დაბლოკოს ტრანზაქციები.
ამავდროულად, ამ პოსტში ნათქვამია, რომ შვედეთი ნაღდ ფულზე ანგარიშსწორებას უბრუნდება რადგან ციფრული გადახდები, სავარაუდოდ, საფრთხეს უქმნის ეროვნულ უსაფრთხოებას.
თუმცა, ეს განცხადებები არ არის ზუსტი. ისინი, როგორც ჩანს, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციიდან იღებს სათავეს, რომელთა მიხედვით, ორივე ქვეყანა აჩერებს უნაღდო ანგარიშსწორებას იმის შიშით, რომ სრულად ციფრული გადახდის სისტემები მათ დაუცველს გახდის რუსული კიბერშეტევების მიმართ.
სტოკჰოლმის ცენტრალური ბანკის უახლესი მონაცემებით, მთლიანი შიდა პროდუქტის პროცენტის გათვალისწინებით ნორვეგიასა და შვედეთს მსოფლიოში ნაღდი ფულის მიმოქცევის თვალსაზრისით ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვთ.
მაგრამ ახლა, შვედეთი თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, რეგულარულად გამოიყენონ ნაღდი ფული და ერთი კვირის სამყოფი მარაგი სახლში შეინახონ, რათა კრიზისის ან ომის შემთხვევაში გამოიყენონ.
ამავდროულად, ნორვეგიამ ცოტა ხნის წინ შემოიღო ახალი კანონი, რომელიც საცალო მოვაჭრეების დაჯარიმებას ითვალისწინებს, თუკი ისინი არ მიიღებენ ნაღდ ფულს. ნორვეგიის მთავრობა მოქალაქეებს ასევე ურჩევს, ციფრული გადახდის სისტემებზე თავდასხმის შემთხვევაში, თან იქონიონ ნაღდი ფული.
შვედეთის ცენტრალურმა ბანკმა ევროვერიფაის დაუდასტურა, რომ ის არ ამბობს უარს ციფრულ გადახდებზე და განაგრძობს „ელექტრონული კრონის“ შემოტანის გეგმის განხორციელებას.
შეცდომაში შემყვანი ონლაინინფორმაცია, როგორც ჩანს, ციფრულ ვალუტებთან დაკავშირებული ზოგადი შიშით იკვებება, განსაკუთრებით კი ეს ევროპის ცენტრალური ბანკის ციფრულ ევროს უკავშირდება.
ციფრული ევროს მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ ამან შესაძლოა ზიანი მიაყენოს კონფიდენციალურობას, ფინანსურ კონტროლსა და უსაფრთხოებას და ზოგადად, მთლიანად ჩაანაცვლოს კიდეც ნაღდი ფული.
თუმცა, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა და მისმა პრეზიდენტმა, კრისტინ ლაგარდმა, არაერთხელ განაცხადეს, რომ ციფრული ევრო კი არ ჩაანაცვლებს, პირიქით დაემატება ნაღდ ფულს, და რომ ის უსაფრთხო იქნება, გადახდები უფრო ეფექტური, ხოლო მისი გამოყენება ყველასათვის იოლი.