იტალიაში, მესინის სრუტეზე, ხიდის მშენებლობა წელს უნდა დაიწყოს. ასე ამბობს იტალიის მთავრობა. ეს გრანდიოზული მშენებლობა, რომელიც კუნძულ სიცილიის კალაბრიის რეგიონთან დაკავშირებას ემსახურება, ერთ-ერთი ყველაზე ძვირი და საკამათო ინფრასტრუქტურული პროექტია მთელ მსოფლიოში.
მესინის სრუტეზე სიცილიისა და კალაბრიის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობაზე იტალიაში ჯერ კიდევ რომაელების დროს საუბრობდნენ. თუმცა ამ სრუტეზე ხიდის გადების იდეა დაგეგმარების ეტაპს არასდროს გასცდენია.
ჯორჯა მელონის მთავრობა ირწმუნება, რომ წელს ეს გრანდიოზული მშენებლობა დაიძვრება და მას ნაწილობრივ ევროკავშირი დააფინანსებს.
ეს მეტისმეტად ძვირი და თან ტექნიკურად რთული კონსტრუქცია იტალიის მთავრობის დღის წესრიგს ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან მოჰყვება.
მესინის სრუტის ხიდი ერთ-ერთი ყველაზე ძვირი და საკამათო ინფრასტრუქტურული პროექტია მთელ მსოფლიოში. თუ რატომ – მოდი, ეს სიუჟეტიდან შევიტყოთ.
მესინის სრუტეზე დაგეგმილი ხიდი იტალიის სიცილიის კუნძულს კალაბრიის რეგიონთან დააკავშირებს როგორც საავტომობილო მაგისტრალით, ისე რკინიგზით. ხიდი, რომლის მთავარი მალის სიგრძეც 3300 მეტრი უნდა იყოს, ყველაზე გრძელი დაკიდებული ხიდი იქნება მთელ მსოფლიოში.
ის იქნება ევროკავშირის სკანდინავია-ხმელთაშუაზღვის დერეფნის მნიშვნელოვანი მონაკვეთი, იმ სატრანსპორტო არტერიისა, რომელიც ჩრდილოეთ ევროპას სამხრეთ ევროპასთან აკავშირებს და ხელს უწყობს ხალხისა და ტვირთის მოძრაობას.
ბოლო გათვლების მიხედვით, ეს ხიდი 13.5 მილიარდი ევრო დაჯდება. ევროკავშირმა 25 მილიონი ევრო გამოყო იმისთვის, რომ სარკინიგზო ინფრასტრუქტურის დიზაინისთვის განკუთვნილი ხარჯის ნახევარი დააფინანსოს.
იტალიის მთავრობა ხიდის ბოლო დროს მომატებული ხარჯის დასაფარად აპირებს ევროკავშირის სხვა ფონდებიდან გამოყოფილი იმ თანხის ნაწილი გამოიყენოს, რომელიც ცუდად განვითარებული სამხრეთის რეგიონების დახმარებაზეა გათვლილი.
ამ იდეის ოპონენტები იმასაც ამბობენ, რომ ის ადგილი, სადაც ხიდი უნდა აშენდეს, სეისმური აქტივობით არის ცნობილი, რაც უსაფრთხოების მხრივ კითხვებს აჩენს.
მესინის სრუტეზე ხიდის აგებას დიდ წინააღმდეგობას უწევენ ადგილობრივები, რომლებიც ამბობენ, რომ ეროვნული და ევროპული ფონდები უკეთესი დანიშნულებით უნდა გამოიყენონ, მაგალითად, დააფინანსონ აუცილებელი სერვისები ან ადგილობრივი ეკონომიკის გამოცოცხლებას მოახმარონ.
სიცილიაში ადგილობრივ მოქალაქეთა კომიტეტში, სახელწოდებით „არა ხიდს“ (NO PONTE) ირწმუნებიან, რომ პროექტს არ გააჩნია აუცილებელი ჰიდროლოგიური, სეისმური და ლანდშაფტის კვლევები. ისინი აკრიტიკებენ არასწორად მიმდინარე პროცედურებსა და ამ ინფრასტრუქტურის საზოგადოებრივ სარგებლობას ეჭვქვეშ აყენებენ.
„ადგილობრივ თემებს არაფერს ეკითხებიან ამ საკითხთან დაკავშირებით, ისინი არასდროს დასთანხმდებოდნენ ასეთი პროექტის აგებას ან მასში15 მილიარდი ევროს ინვესტირებას, თანაც ისეთ რეგიონში, სადაც უამრავი აუცილებელი ყოფითი საკითხია მოსაგვარებელი,“ – ამბობს ჯინო სტურნიოლო, კომიტეტ „NO PONTE“-ის აქტივისტი. „გასული ზაფხული ისე გავატარეთ, რომ ონკანიდან წყალი არ წამოსულა. ამ ხიდისთვის გამოყოფილი ფულის ნაწილიც კი საკმარისი იქნებოდა მთელი წყალსადენი სისტემის გასამართად, რომ აღარაფერი ვთქვათ ჯანდაცვაზე, სკოლის, განსახლებისა და სეისმური უსაფრთხოების პრობლემებზე.
კალაბრიაში იმ კომიტეტის დამფუძნებელი, რომლის წვერებსაც ექსპროპრიაცია ეხება, ზუსტად იქ ცხოვრობს, სადაც პილონის მშნებელობა იგეგმება – სეისმური ზონიდან სულ რამდენიმე მეტრის მოშორებით.
„როდესაც ბუნება გკარნახობს, რომ აქ მიწისძვრის აქტიური კერაა და კაბელების სტაბილურობას საფრთხე ემუქრება, საკუთარ თავს ვუსვამთ კითხვას, როგორც ნებისმიერი ადამიანი დასვამდა, რომელსაც სურს საქმის კურსში ყოფნა,“ – ამბობს როსელია ბულსეი, მოქალაქეთა კომიტეტ „TI TENGO STRETTO“-ს დამფუძნებელი. „თუკი ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია, მაშინ რატომ ხდება, რომ გეგმის ყოველ ახალ ვერსიას აუცილებლად რაღაც ნაკლი აქვს? პროექტი, რომელშიც ექსპერტები მუდმივად რაღაცას ასწორებენ და ახალ პირობებსა და რეკომენდაციებს უმატებენ, გვაფიქრებინებს, რომ ამ ნაგებობის უსაფრთხოება არ არის გარანტირებული“.
სიცილიაში მატარებლების ნახევარი ისევ დიზელზე მუშაობს, მაშინ როცა კალაბრიაში ჩქაროსნული მატარებელი შესაძლოა არასდროს ჩავიდეს. ამიტომ საკითხავია, რამდენად აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა ევროპისა და იტალიისთვის ასეთი საკამათო ხიდის პროექტს სიცილიასა და კალაბრიას შორის?
“ხიდი ქვეყნის სტრატეგიული ჰაბი უნდა გახდეს,“ – განმარტავს ადრიანო ჯანოლა, „სამხრეთ სიცილიის ინდუსტრიის განვითარების ასოციაციის“ ე.წ. SVIMEZ-ის პრეზიდენტი. „ის აუცილებელი რგოლია იმ კარგად ცნობილ ნომერ პირველ ევროპულ დერეფანში, რომელიც ჰელსინკიდან მალტამდე მიდის. სიცილია ხმელთაშუაზღვისპირეთის გეოგრაფიული ცენტრია. სუეცის არხიდან წამოსული გემები სიცილიის პორტებს ჩაუვლიან, მაგრამ ამ პორტებში კი არ შედიან, არამედ პირდაპირ როტერდამისკენ მიემართებიან. ეს გარემოება რომ შევცვალოთ, ხიდი ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტია“.
ჯანოლა არ თვლის რომ ხიდის არსებული პროექტი არის ყველაზე იაფი, ადვილი ან ყველაზე უსაფრთხო წამოწყება. მაგრამ სჯერა, რომ მისი აშენება აუცილებელია. რაც შეეხება იტალიის სამხრეთ რეგიონებში აუცილებელი სერვისების გარანტირებულად მიწოდების შესახებ გამოთქმულ უკმაყოფილებას, იგი ამბობს რომ პრობლემაა ის, თუ როგორ მართავდა მთავრობა მის ხელთ არსებულ რესურსებს:
“კანონის მიხედვით, დადგენილია, რომ იტალიაში სახელმწიფო ინფრასტრუქტურული ხარჯების 40% სამხრეთს უნდა მოხმარდეს. ყოველ წელს 40, 50 ან 60 მილიარდის დეფიციტია. ეს ნამდვილი ბრძოლა უნდა იყოს და არა ხდის მშენებლობა. ეს ამბავი უკვე 30 წელია ასე ხდება.“
ექსპერტები მაინც ვერ თანხმდებიან ტექნიკურ საკითხებზე, სარგებელზე, ხარჯებსა და თვით იმ პროცედურებზეც, რომლებსაც მთავრობა ახორციელებს. აზრთა სხვადასხვაობა კი ადგილობრივ მოსახლეობას აფიქრებინებს, რომ მათგან ფუჭი მსხვერპლის გაღებას ითხოვენ.
ავტორი: მონიკა პინა