საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები 4 აპრილს, მიხეილ მესხი 2-ზე მალტის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.
უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე შეხვედრას ირის ანტმანის შეგირდები საკუთარ კედლებში ჩაატარებენ. მატჩი 19:00-ზე დაიწყება და გულშემატკივრებისთვის დასწრება უფასო იქნება.
“ძალიან ძლიერი ჯგუფი გვყავს. პირველი მატჩი ანდორასთან კარგად ჩავატარეთ, თუმცა მეორე თამაშში კვიპროსთან ქულები დავკარგეთ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი შესაძლებლობა გვქონდა, ეს შანსები კარგად ვერ გამოვიყენეთ. მალტა ამ თამაშის წინ ზუსტად ჩვენ მდგომარეობაშია, მათაც 3 ქულა აქვთ და წაგება კვიპროსთან. რა თქმა უნდა, რთული თამაში გველის, ძალიან კარგი გუნდია. მათი მოთამაშეების უმრავლესობა იტალიის სერია ა-ს კლუბებში თამაშობს. თუმცა ეს არის ჯგუფი, სადაც ყველას შეუძლია გამარჯვების მოპოვება და ჩვენ ვეცდებით, რომ მოსაგებად ყველაფერი გავიღოთ. საკუთარი მოედნის უპირატესობა უნდა გამოვიყენოთ, გულშემატკივარი ჩვენთვის ნამდვილად მე-12 მოთამაშეა”, – ამბობს საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ირის ანტმანი.