მთავარიევროპასერბეთისერბეთში ისევ ითხოვენ არჩევნებს და აქციებისას დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას

სერბეთში ისევ ითხოვენ არჩევნებს და აქციებისას დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას

31 მარტს სერბეთის ოთხ ქალაქში – ბელგრადში, ნოვისადში, კრაგუევაცსა და ნიშში – ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში. საპროტესტო მსვლელობა უნივერსიტეტების სტუდენტებმა და პროფესორებმა მთავრობის ზეწოლისა და მათ წინააღმდეგ სიძულვილით მიმართული კამპანიის გასაპროტესტებლად მოაწყვეს.

აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც სერბეთის სამხრეთში ერთ-ერთი ქალი უნივერსიტეტის დეკანს თავს დაესხა. მომხდარი ინციდენტი საზოგადოებამ სიძულვილის ენას დაუკავშირა, რომელიც, როგორც აცხადებენ, ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებისა და პროსამთავრობო მედიებიდანაც მომდინარეობს.

ხალხი უკმაყოფილებას გამოხატავს პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩის მმართველობის მიმართ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გასულ ნოემბერს მატარებლის სადგურის სახურავის ჩამოშლას 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ოპოზიციის აზრით, ტრაგედიის გამომწვევი მიზეზი კორუფცია და ინფრასტრუქტურული სამუშაოების უყურადღებოდ ჩატარებაა.

ბელგრადის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორის იოვანა ბილა დუბაიჩის თქმით, საჭიროა, საზოგადოებამ ღიად გამოხატოს თავისი პოზიცია.

„ჩვენ აღარ გვაქვს არჩევანი. ყველა უნდა გამოვიდეთ და ვთქვათ, რას ვფიქრობთ, რა გვინდა და რა — არა. ნეიტრალურები ვეღარ ვიქნებით“

„აქ ვართ, რადგან ხალხის წინააღმდეგ გრძელდება რეპრესია. პირადად მე აქ ვდგავარ იმ სტუდენტების გამო, რომლებიც ნოვისადში ციხეში არიან, ასევე  ნიშსა და ნოვისადში მყოფი პროტესტის მონაწილეების გამო, იმ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო, რომელიც უნივერსიტეტების პროფესორებსა და დეკანებს მიაყენეს. ჩვენი ვალია, ამის წინ აღვუდგეთ და გავაპროტესტოთ“, –  აცხადებს ბელგრადის უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი  ივან ვიდენოვიჩი.

პრეზიდენტი ვუჩიჩი საპროტესტო ტალღას „დასავლეთის მიერ ორგანიზებულ შეთქმულებად“ აფასებს, რომლის მიზანიც სერბეთის დესტაბილიზაციაა.

მიუხედავად იმისა, რომ დემონსტრაციები ძირითადად მშვიდობიანად მიმდინარეობს, რამდენიმე ძალადობრივი ინციდენტი მაინც იყო. ვუჩიჩის მხარდამჭერები პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ახლოს,  პარკში არიან შეკრებილი.

მთავრობა გაფიცულ მასწავლებლებსა და პროფესორებს ხელფასს აღარ უხდის. ხელისუფლების წარმომადგენელმა საჯაროდ მოითხოვა ბელგრადის უნივერსიტეტის რექტორის, ვლადან ჯოკიჩის, დაპატიმრება.

უნივერსიტეტმა ხელისუფლების ქმედება ღია რეპრესიად შეაფასა და მოუწოდა, აღარ მიმართონ  სიძულვილის ენას, რადგან, როგორც ამბობენ, ამას შესაძლოა მძიმე და ტრაგიკული შედეგები მოჰყვეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend