რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. ამის თაობაზე მან მურმანსკში ბირთვული წყალქვეშა ნავის მონახულებისას ისაუბრა და თქვა, რომ კონფლიქტი უკრაინასთან „ზედმეტად რთულია და საჭიროებს ფრთხილ მიდგომასა და დისკუსიას”.
ვლადიმერ პუტინის თქმით, მას სჯერა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს „გულწრფელად“ სურს მშვიდობა, თუმცა თავად პუტინი ვერ ხედავს შეთანხმების აზრს უკრაინის იმ მთავრობასთან, რომელიც მალე წავა.
რუსეთის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ გაეროს ეგიდით, აშშ-თან, ევროპულ ქვეყნებთან და რუსეთის პარტნიორებთან ერთად უკრაინაში დროებითი მმართველობა უნდა შეიქმნას და არჩევნები ჩატარდეს.
„გაეროს ეგიდით, შეერთებულ შტატებთან, ევროპულ ქვეყნებთან და რა თქმა უნდა, ჩვენს პარტნიორებთან და მეგობრებთან შეგვიძლია განვიხილოთ უკრაინაში დროებითი მმართველობის შესაძლებლობა, რათა ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები, ხელისუფლებაში მოვიყვანოთ ეფექტური მთავრობა, რომელიც ხალხის ნდობით ისარგებლებს“, – ამბობს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი.
ვლადიმერ პუტინი აღნიშნავს, რომ რუსეთი უკვე აკონტროლებს ლუჰანსკის ოლქის 99%-სა და ხერსონის ოლქების 70%-ს.
„მთელ ფრონტზე სტრატეგიული ინიციატივა მთლიანად რუსეთის შეიარაღებული ძალების ხელშია. ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის 99% გათავისუფლებულია. დონეცკის, ხერსონისა და ზაპორიჟიის 70%-ზე მეტი.
ჩვენი ჯარები, ჩვენი ბიჭები წინ მიიწევენ და ერთმანეთის მიყოლებით ტერიტორიებს ათავისუფლებენ. ყოველდღე“, – ამბობს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი. ვლადიმერ პუტინის აზრით, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ლეგიტიმაცია არ აქვს.