მთავარიმსოფლიო„ევროპას მშვიდობა არ სურს“ - მოსკოვის პასუხი „მსურველთა კოალიციას”

„ევროპას მშვიდობა არ სურს“ – მოსკოვის პასუხი „მსურველთა კოალიციას”

კრემლმა პასუხი არ დააყოვნა. სანქციების მოხსნაზე ევროპელების მკაცრ უარს, ბრალდებებით უპასუხა. „ევროპას მშვიდობა არ სურს” – ამბობენ ქვეყანაში, რომლის ჯარებიც  უკვე 3 წელია, მეზობელი სახელმწიფოს ტერიტორიების მიტაცებას ცდილობენ.

„შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივის განუყოფელი ნაწილი ჩვენს საბანკო სექტორზე სანქციების მოხსნაა, საუბარია იმ დაწესებულებებზე, რომლებიც სასოფლო სამეურნეო ხაზით მუშაობს. ამ შეზღუდვების შინაარსი ჩვენთვის ნათელია და თუ ევროპულ ქვეყნებს არ სურთ ამ გზით სვლა, ეს იმის ნიშანია, რომ მათ არ სურთ მშვიდობის გზა. მათ არ სურთ, ხელი შეუწყონ იმ ძალისხმევას, რომელსაც მოსკოვი და ვაშინგტონი ავლენენ სამშვიდობო პროცესებში”, – აღნიშნა დმიტრი პესკოვმა კრემლიდან.

სანქციების მოხნა რუსეთმა შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტაზე თანხმობის შემდეგ მოითხოვა, რითაც ევროპელებს გაუმყარა აზრი, რომ ის არასანდო მომლაპარაკებელია. სწორედ ამიტომაა, რომ „მსურველთა კოალიციამ” პარიზში გამართული შეხვედრით უარი უთხრა მოსკოვის პრეტენზიებს არა მხოლოდ სანქციებზე, არამედ განაცხადა, რომ უკრაინის სამხედრო და ფინანსური დახმარება გაგრძელდება, მათ შორის პარიზისა და ლონდონის გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელებით, რომლებიც უკრაინაში ფრონტის საჭიროებებზე ინფორმაციის შესაგროვებლად ჩავლენ.

„მიმდინარე კვირას ჩვენ ვიხილეთ შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რასაც მივესალმეთ, როგორც პირველ სასიცოცხლო ნაბიჯს. თუმცა რამდენიმე წუთში რუსეთმა ახალი პირობა წარმოადგინა. პრეზიდენტმა ტრამპმა სწორად აღნიშნა, რომ პუტინი ფეხს ითრევს. ამიტომ ვთანხმდებით, რომ რუსეთი თამაშობს და დროს იგებს. ეს მათი კლასიკური მეთოდია. უნდა მოხდეს უკრაინისთვის მეტი სამხედრო დახმარების მობილიზება, რათა მან გააგრძელოს ბრძოლა. ვთანხმდებით, რომ ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი სამშვიდობო პროცესს და მოვახდინოთ ზეწოლა რუსეთზე, რათა სერიოზულად მიუდგეს პროცესს. ეს ნიშნავს სამხედრო ზეწოლას, რომელსაც თავდაცვის მდივანი უკრაინის საკონტაქტო ჯგუფში 11 აპრილს განიხილავს.

ჩვენ ვართ იმ ფაზაში, როდესაც ვუყურებთ სხვადასხვა საოპერაციო გეგმას, სხვადასხვა ვარიანტს შემდეგ ეტაპზე უკვე თავდაცვის ხელმძღვანელების ჩართულობით. ჩვენი გეგმები ამავდროულად უკავშირდება ახალ, უფრო მკაცრ სანქციებს, რათა მივიღოთ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და ხანგრძლივი მშვიდობა. მე ეჭვი მეპარება იმაში, რომ რუსეთს დაცული შეთანხმება სურს, მის ინტერესში სწორედ რომ დაუცველი გარიგებაა”, – თქვა „მსურველთა კოალიციის” შეხვედრის შემდგომ პრესკონფერენციაზე კირ სტარმერმა.

ევროპელები თვლიან, რომ შეთანხმება გაცილებით დაცული იქნება, თუ მას გაეროს ეგიდით მოქმედი დამზღვევი ძალები დააკვირდებიან. საუბარია სამშვიდობო ძალებზე, რომლებმაც გარიგების პირობების შესრულება უნდა უზრუნველყონ. ამ იდეას მოსკოვი ეწინააღმდეგება, გაეროსთან დაკავშირებით პუტინს სხვა ინიციატივა აქვს.

„შეიძლება გაეროს ეგიდით, აშშ-სა თუ ევროპულ ქვეყნებთან და რა თქმა უნდა, სხვა პარტნიორებსა და მეგობრებთან განვიხილოთ უკრაინაში დროებითი მმართველობის შემოღების განხილვა. რატომ? რომ ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები, რომ ხელისუფლებაში მოვიყვანოთ გონიერი და ხალხის მხარდაჭერით აღჭურვილი ხელისუფლება და შემდეგ უკვე მათთან დავიწყოთ მოლაპარაკებები სამშვიდობო შეთანხმებაზე. ხელი მოვაწეროთ ლეგიტიმურ დოკუმენტებს, რომლებსაც მსოფლიო აღიარებს და იქნება სანდო და სტაბილური”, – ამბობს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი.

კიევში მოსკოვს ახსენებენ, რომ საკუთარ პრეზიდენტს თავად ირჩევენ. ამაში მათ აზრს იზიარებენ აშშ-შიც. „როიტერსის” ცნობით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში მოსკოვის  პასუხად აღნიშნეს, რომ „უკრაინის მმართველობით სისტემას განსაზღვრავს უკრაინის კონსტიტუცია და ხალხი”.

„მე ვფიქრობ, მას არ აქვს უფლება, ეს თქვას. უკრაინელები იღებენ გადაწყვეტილებებს, მას არ აქვს ძალაუფლება ჩვენს მიწაზე”, – ამბობს უკრაინის მოქალაქე, ლიდია სკაკუნი.

მას ეთანხმება ანდრიი იავორსკი კიევიდან: „ეს ჩვენი ქვეყანაა და ჩვენ ვწყვეტთ, რა გავაკეთოთ. ის აგრესორია, ჩვენი ქვეყნის წინაშე ომი დაიწყო. აქ ჩვენ უნდა ვაყენებდეთ პირობებს ომის დასრულებაზე და ის უნდა გვისმენდეს”, – ამბობს ის.

მოსკოვს პირობების დარღვევაში ადანაშაულებს ვოლოდიმირ ზელენსკი. უკრაინის პრეზიდენტმა  „მსურველთა კოალიციის” შეხვედრის შემდეგ კიდევ ერთხელ თქვა, რომ ვერ ხედავს რუსეთის მზაობას მშვიდობისთვის. ზელენსკი პროცესში აშშ-ის სიძლიერის როლს უსვამს ხაზს.

„აშშ განიხილავს, რომ შავ ზღვასა და ენერგეტიკულ ობიექტებზე მიღწეული მორატორიუმი მუშაობს. ორი დღის წინ იყო ღამე, როდესაც ცეცხლი, მართლაც, არ გახსნილა, თუმცა მოგვიანებით ხერსონის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა რუსულმა არტილერიამ გაანადგურა. აი, ასე მუშაობს ეს შეთანხმება. რუსეთს არ სურს უპირობო ცეცხლის შეწყვეტა, ეს აშშ-საც აჩვენეს, ამის შემდეგ მას სანქციები უკვე უნდა დაწესებოდა. რუსეთთან მიმართებით ჩვენ გვჭირდება უფრო ძლიერი აშშ. ასევე არ მსურს დავტოვო შთაბეჭდილება, თითქოს ვეწინააღმდეგები მინერალების შესახებ შეთანხმებას.

ჩვენ ამ მხრივ უკვე ვაჩვენეთ პოზიტიური სიგნალი, არ გვსურს იმგვარი გზავნილი, რომელიც აშშ-ს ჩვენი სამხედრო დახმარების ან სადაზვერვო ინფორმაციის შეჩერებისკენ უბიძგებს. ჩვენთვის ეს მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თუმცა ამ შეთანხმების პირობები დროდადრო იცვლება, გვსურს, ვიხილოთ მისი ფინალური ვერსია, რადგან შეთანხმებაზე ხელმოწერას სჭირდება მისი შესწავლა. ამაზე ამერიკელებთან ერთად ვმუშაობთ”, – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან შეხვედრისას პარიზში.

ყველაფრის პარალელურად უკრაინაში სამხედრო მოქმედებები გრძელდება, რუსეთის შეტევა ბოლო რამდენიმე კვირაა, სულ უფრო ინტენსიური გახდა, შედეგად ხარკივსა და დნეპრში 20-მდე პირი დაშავდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend