მესამე დღეა, „ქართული ოცნების“ ინიციატივით შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის შემადგენლობა 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით პასუხებს ისმენს. საქართველოს რუსეთთან საერთაშორისო დავა მოგებული აქვს, ახლა კი საგამოძიებო კომისიის წევრები ყოფილი სახელისუფლებო გუნდის პოლიტიკურ და სამხედრო მაღალჩინოსნებს უსვამენ კითხვებს.
სხდომებზე დაბარებული გენერლები ამბობენ, რომ თავს ვალდებულად თვლიან, ისაუბრონ ყველაფერზე, რაც საქართველოს მშვიდობიან მოსახლეობაზე რუსული საოკუპაციო ძალების აგრესიას უკავშირდება.
„როდის გადაეცით პირველად, ბატონო გენერალო, – მგონი, მოქალაქეები გვეყოლება გადასარჩენი, არ არის აქ კარგი ვითარება – რომელი დღე იყო ეს რომ გადაეცით?“ [სტილი დაცულია] – იკითხა დროებითი კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა.
„რას ჰქვია, გადასარჩენი, ქალბატონო თეა?! ბოლო წამამდე ვცდილობდით, რომ აგვეცილებინა კონფლიქტი. რას მეკითხებით, ვერ გავიგე! რა გინდათ, ბოლო-ბოლო?! რას მეკითხებით?“ [სტილი დაცულია] – უპასუხა თეა წულუკიანის კითხვას გენერალმა და შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ შტაბში შემავალი სამშვიდობო ოპერაციების შტაბის ყოფილმა უფროსმა მამუკა ყურაშვილმა, რასაც კამათი მოჰყვა.
შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ შტაბში შემავალი სამშვიდობო ოპერაციების შტაბის ყოფილი უფროსის, მამუკა ყურაშვილის განმარტებით, საქართველოსთან ომის პოლიტიკა 2008 წლის აგვისტოშიც და მანამდეც, რუსეთმა აირჩია. თუმცა, კომისიის სხდომაზე დაბარებულთა ნაწილი ომის დაწყებას ყოფილი სახელისუფლებო გუნდის არასწორ პოლიტიკურ ნაბიჯებს უკავშირებს, ზოგიერთ შემთხვევაში კი დასავლეთის ფაქტორზეც საუბრობს.
კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ხაინდრავამ, რომელიც ამ პოსტზე 2004-2006 წლებში იყო სხდომაზე განაცხადა: „ევროკავშირის მისიას, რომელსაც ცხინვალში ჰქონდა თავისი ოფისი, იქ იყვნენ დისლოცირებულნი ეუთოს წარმომადგენლებიც. ისინი ყოველდღიურად ანგარიშებს აკეთებდნენ და გვიგზავნიდნენ, ყველა მხარეს უგზავნიდნენ. ჩვენ ყველაფერი ვიცოდით. ეს ზღაპრები, რომლებსაც „ბიზნესმენი გენერლები“ გიყვებოდნენ, თითქოს არ იცოდნენ, რა ხდებოდა და როგორ, აბსოლუტური ტყუილია.
[თემურ] იაკობაშვილი და [ალექსანდრე] ლომაია აშშ-ის მოქალაქეები არიან და დიდი ხანია იქ ცხოვრობენ. დატოვეს საქართველო და საქართველოს მოქალაქეობა, ცხოვრობენ აშშ-ში კარგად, ტკბილად, ლამაზად, დამსახურებულად იმათ წინაშე, ვინც ისინი აქ გამოგზავნა და ვინც დაავალა ის, რასაც აქ განახორციელეს.
ღმერთმა ხელი მოგიმართოთ! მე ამას [დროებით საგამოძიებო კომისიას] ნიურნბერგის სასამართლო დავარქვი. აუცილებლად სჭირდება ეს შედეგი საქართველოს, ისეთივე როგორც იქ დადგა“ [სტილი დაცულია] .
„ქართული ოცნების“ ინიციატივით შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიას ანტისახელმწიფოებრივს უწოდებენ ოპოზიციაში. მმართველი პარტიის ოპონენტთა შეფასებით, ის, რასაც მოსახლეობა საქართველოს პარლამენტში უყურებს, რუსეთის ინტერესს ემსახურება და შეურაცხყოფს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას.
„დღესაც რუსეთის მხრიდან გრძელდება ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ეს ცილისმწამებლური და ძირისგამომთხრელი „სპეცოპერაცია“. დიახ, დღესაც გრძელდება ამ მოღალატეთა ბანდის მიერ, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჰქვია“, – თქვა „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბარამიძემ.
„ჩვენი პოზიცია ძალიან ნათელია – არანაირი თანამშრომლობა რუსულ კომისიასთან. ვინც არ უნდა დაიბარონ ჩვენი პოლიტიკური გაერთიანებიდან, არავინ აპირებს ამ რუსულ კომისიაში მოსვლასა და რუსული დავალების შესრულებაში მონაწილეობის მიღებას“, – განაცხადა კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა.
დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე ყოველ სხდომაზე საზოგადოებას ახსენებს, რომ გამოკითხვაზე მისვლაზე უარი, სისხლის სამართლებრივი დანაშაულია. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საკითხზე გამოუცხადებლობის გამო თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის, წინააღმდეგ პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯარიმას, ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.