მთავარისაქართველოსტრასბურგში “უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ” კანონის თაობაზე განხილვა დაიწყო

სტრასბურგში “უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ” კანონის თაობაზე განხილვა დაიწყო

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში განაცხადეს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ “უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ” კანონთან დაკავშირებით დაკავშირებით არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების საჩივრის განხილვა დაიწყო.

საიას ცნობით, სასამართლომ საქმე წარმოებაში ყველა მუხლთან მიმართებით მიიღო. მათივე თქმით, ხელისუფლებას, სტრასბურგის სასამართლომ კონკრეტული კითხვები გამოუგზავნა. მასზე პასუხის გასაცემად კი ხელისუფლებას დაახლოებით 4 თვე აქვს.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გვაცნობა, რომ დაიწყო ,,რუსული კანონის” წინააღმდეგ წარდგენილი საჩივრის განხილვა და სახელმწიფოს შესაბამისი კითხვები დაუსვა. სასამართლომ საქმე წარმოებაში ყველა მუხლთან მიმართებით მიიღო”, – განაცხადეს საიაში.

2024 წლის 17 ოქტომბერს, “უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ” კანონის წინააღმდეგ, სტრასბურგის სასამართლოს საჩივრით 16-მა მედიაორგანიზაციამ, 120-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ და 4 ფიზიკურმა პირმა მიმართა.

საჩივარში წერია, რომ კანონი არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცულ გაერთიანების თავისუფლებას გამოხატვის თავისუფლებას, პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლებას და ა.შ.

“სასამართლომ საქმეს „მნიშვნელოვანი ზეგავლენის მქონე“ საქმის სტატუსი შეიძლება მიანიჭოს. მსგავსი სტატუსი ენიჭებათ ისეთ საქმეებს, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის გამორჩეულად მნიშვნელოვან საკითხებს ეხება”, განაცადეს საიაში.

ორგანიზაციაში ასევე თქვეს, რომ საჩივრის გაგზავნის შემდგომ გაგრძელდა და გაძლიერდა სამოქალაქო საზოგადოების დევნა.

„ქართული ოცნების” განგრძობადი პოლიტიკის ნაწილია FARA-ს თარგმანის ხელახალი ინიცირებაც. აშშ-ში მოქმედი კანონი დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თავისუფალი მედიის საქმიანობას არ უპირისპირდება, „ქართულ ოცნებას“ კი ამ აქტით “რუსული კანონის” შენიღბვა სურს”, – ამბობენ საიაში.

არასამთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი არა მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიას ზღუდავს, არამედ მოქალაქეთა ერთმანეთისგან გათიშვასა და კრიტიკული ხმის ჩახშობას ემსახურება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend