სამხრეთ კორეის ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე მასშტაბურმა ხანძარმა ქვეყნის სამხრეთი რეგიონები დააზარალა. ოფიციალური პირების თქმით, დაიღუპა 18 ადამიანი. განადგურდა 200-ზე მეტი ნაგებობა. ათასობით ადგილობრივი მკვიდრი კი იძულებული გახდა, საცხოვრებელი ადგილები დაეტოვებინათ. ქვეყნის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, დაიწვა უძველესი ბუდისტური ტაძარი, ასევე საცხოვრებელი სახლები, ქარხნები და ავტომობილები.
უისონგის რაიონში ცეცხლმა გუნსას ტაძრის 30-ზე მეტი ნაგებობიდან თითქმის ნახევარი გაანადგურა. ტაძარი მე-7 საუკუნეშია აშენებული. განადგურებულ შენობებს შორის არის კულტურული მემკვიდრეობის ორი ძეგლი — ერთ-ერთი ნაკადულზე აშენებული პავილიონი, ხოლო მეორე — ჩოსონის დინასტიის პერიოდში აგებული მეფეთა აკლდამა.
ბუდისტური და სამთავრობო წყაროების ცნობით, მათ შეძლეს ეროვნული მნიშვნელობის კიდევ ერთი ძეგლის, მე-8 საუკუნეში შექმნილი ბუდას ქვის ქანდაკების გადარჩენა. ის ამჟამად დაცულ ადგილზეა გადატანილი.
სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ჰან დაკ-სუმ განაცხადა, რომ გასულ პარასკევს დაწყებული ხანძრები გაცილებით მძიმე ზარალს აყენებს ქვეყანას, ვიდრე წარსულში მომხდარი მრავალი სხვა ხანძარი.

„მასშტაბური ხანძრები, რომლებიც ერთდროულად გაჩაღდა, გავრცელდა ანდონგში, ჩონგსონგში, იონგიანგსა და იონგდეოკში. ეს მოვლენა ისტორიაში ყველაზე მძიმე ხანძრების სტატისტიკას ცვლის. ამ დროისთვის ხანძრის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ოთხი მეხანძრე, დაახლოებით 23,000 ადამიანი კი ევაკუირებულია“, – განაცხადა სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ჰან დაკ-სუმ.
მისივე განმარტებით, ხანძრის ქრობის სამუშაოებისთვის მობილიზებულია 128 ვერტმფრენი, 1 144 სამხედრო მოსამსახურე, 3 135 მეხანძრე, 1 186 სახანძრო ჯგუფი და 4 652 საჯარო მოხელე. ქვეყნის ლიდერის განცხადებით, სამხრეთ კორეაში განლაგებული ამერიკული სამხედრო ბაზებიდანაც გააგზავნეს ვერტმფრენები სამაშველო ოპერაციისთვის.
18 დაღუპულს შორისაა ოთხი მეხანძრე და მთავრობის 1 წევრი. ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ხანძარი მოსახლეობის დაუდევრობით გაჩნდა. არსებული ვერსიით, ცეცხლი დაანთეს საფლავების ირგვლივ, ბალახის გასაწმენდად.