ღაზაში მცხოვრებმა პალესტინელებმა „ჰამასის“ წინააღმდეგ უპრეცედენტო მასშტაბის საპროტესტო აქცია გამართეს. მომიტინგეები „ჰამასისგან“ დათმობაზე წასვლასა და ომის შეჩერებას ითხოვენ. ისრაელმა გასულ კვირას განაახლა სამხედრო მოქმედებები ღაზის სექტორში, რასაც ასობით პალესტინელი ემსხვერპლა.
აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები მოითხოვენ, შეწყდეს გენოციდი ღაზაში. მათი თქმით, ქუჩაში ყველა უნდა გამოვიდეს და მოითხოვოს ომის შეჩერება. მომიტინგეები ამბობენ, რომ მთელმა მსოფლიომ უნდა ნახოს, „რას აკეთებენ ნეთანიაჰუ და ტრამპი ღაზაში“. დემონსტრანტები ამბობენ, რომ შესაძლოა ამ პროტესტმა ვერ დაასრულოს ისრაელის მიერ ღაზის ოკუპაცია, თუმცა „ჰამასს“ დათმობაზე წასვლას მაინც აიძულებენ.
უფლებადამცველი ჯგუფები „ჰამასს“ განსხვავებული აზრის ძალადობრივ ჩახშობაში, მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე საპროტესტო აქციების აკრძალვაში, ასევე კრიტიკოსების ციხეში ჩასმასა და წამებაში ადანაშაულებენ.
პალესტინელთა მასშტაბური საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ისრაელმა განაახლა საბრძოლო მოქმედებები ღაზის სექტორში.