CNN-ის ცნობით, ჩრდილოეთმა კორეამ რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში დახმარებისთვის დამატებით 3 000 ჯარისკაცი გაუგზავნა. ამერიკული მედია ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთ კორეის შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, კრემლის სახელმწიფო მედიის, TASS-ის ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ანდრეი რუდენკოს განცხადებით, მოსკოვში ჩრდილოეთ კორეის პრეზიდენტის, კიმ ჩენ ინის, ვიზიტისთვის ემზადებიან.
სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების ინფორმაციით, ჩრდილოეთმა კორეამ რუსეთს 3 000 ჯარისკაცი იანვარსა და თებერვალში გაუგზავნა. ეს ძალები დაემატა იმ 11 000 სამხედროს, რომლებიც ფხენიანმა უკრაინაში რუსეთის ომის მხარდასაჭერად აქამდე გაგზავნა.
სეული აცხადებს, რომ 11 000 ჩრდილოეთკორეელი სამხედროდან 4 000 დაღუპული ან დაშავებულია. ამასთან, სამხრეთ კორეული ცნობებით, ბოლო თვეების განმავლობაში ფხენიანმა რუსეთს ბალისტიკური რაკეტებისა და რაკეტების გამშვები დანადგარების „მნიშვნელოვანი რაოდენობა“ გადასცა.