თურქეთში საპროტესტო აქციები გრძელდება. ექრემ იმამოღლუს ათასობით მხარდამჭერი სტამბოლის მერიის შენობასთან, ანტისამთავრობო დემონსტრაციისთვის მე-7 დღესაც შეიკრიბა.
იმამოღლუ 19 მარტს, კრიმინალური ორგანიზაციის მართვის, მექრთამეობის და თაღლითობის ბრალდებით დააკავეს. სტამბოლის მერი ბრალდებებს უარყოფს, მისი მხარდამჭერები კი მიიჩნევენ, რომ იმამოღლუს დაკავება პოლიტიკურად მოტივირებულია და რეჯეფ თაიფ ერდოღანისთვის – 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში – მთავარი პოლიტიკური მეტოქის თავიდან მოცილებას ემსახურება.
ხელისუფლების მაღალჩინოსნები ოპოზიციის ბრალდებებს უარყოფენ და ამტკიცებენ, რომ თურქეთის სასამართლო დამოუკიდებლად მუშაობს.
პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 26 მარტს გაკეთებულ განცხადებაში ქუჩის დემონსტრაციები კიდევ ერთხელ მკაცრად დაგმო და იმამოღლუს მშობლიური – რესპუბლიკური სახალხო პარტია – ქვეყნის ეკონომიკის ჩაძირვაში დაადანაშაულა.
„არასდროს დაგვივიწყებია და არ დავივიწყებთ მათ, ვინც ჩვენი დამარცხება არალეგიტიმური გზებით სცადეს. მათ, ვინც თავიანთი სასოწარკვეთის გამო, მზად იყვნენ მთელი ქვეყანა ცეცხლს მიეცათ. დღეიდან, თურქეთის ეკონომიკის, კეთილდღეობის და მშვიდობის საბოტაჟისთვის სასამართლოს წინაშე აგებენ პასუხს. თურქეთის, „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ და ხალხთა ალიანსის ბედი გადაჯაჭვულია; და ერთ სხეულად იქცა“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
მთავრობის მიერ „უკანონოდ“ შერაცხილი დემონსტრაციების დაწყების დღიდან, თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ 1,400-ზე მეტი მომიტინგე დააკავა. დაკავებულია 7 ჟურნალისტიც, რომლებიც საპროტესტო აქციებს აშუქებდნენ.
მინისტრის თანახმად, არაფერს დაუთმობენ მათ, ვინც ქუჩებში ტერორის მოწყობას ცდილობს და პოლიციელებსა და ეროვნულ ფასეულობებს ესხმის თავს.
თურქეთის კანონმდებლობის გათვალისწინებით, ექრემ იმამოღლუს დაკავება საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ხელს არ უშლის, თუმცა გასამართლების შემთხვევაში იგი კენჭისყრას ვერ შეძლებს.
რეჯეფ თაიფ ერდოღანი, 22 წელია რაც თურქეთის ხელისუფლებაშია – 2003 წლიდან, ჯერ პრემიერ-მინისტრის, მოგვიანებით 2014 წლიდან კი პრეზიდენტის თანამდებობაზე. 2017 წელს ჩატარებული რეფერენდუმის საფუძველზე, მას უფლებამოსილების პოტენციურად 2029 წლამდე გახანგრძლივების შესაძლებლობა მიეცა.