მთავარისაქართველოენმ-ის ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელმა კომისიამ 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიება დაიწყო

ენმ-ის ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელმა კომისიამ 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიება დაიწყო

„ქართული ოცნება“ საქართველოს პარლამენტში ქვეყნის უახლეს ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკული მოვლენაზე მსჯელობს – „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის ფორმატში.

„შესაძლებელი იყო თუ არა ომის თავიდან აცილება?“ „რატომ არ განხორციელდა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია?“ – ამ და კიდევ სხვა ბევრი კითხვის ადრესატი იყო სხდომაზე დაბარებული ექვსი პირი. ის პირები, რომლებიც იმ დროს ხელისუფლებას წარმოადგენდნენ ან შემხებლობა ჰქონდათ 2008 წელს, საქართველოს ტერიტორიაზე დაწყებულ სამხედრო აგრესიასთან.

„რა მოხდა, რატომ არ იყო მოსახლეობის ევაკუაციის გეგმა, რატომ არ განხორციელდა ევაკუაცია? მე დასკვნა მქონდა და დღესაც იგივე მაქვს – გაიმეტეს მოსახლეობა საზარბაზნე ხორცად, გაიმეტეს ადმინისტრაციის თანამშრომლები, გაიმეტეს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი და მთლიანად ის რეგიონი, რომელიც იქ ფუნქციონირებდა“, – განაცხადა თამაზ ბესტაევმა, ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ ადმინისტრაციის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის ყოფილმა მინისტრმა.

სხდომაზე დაბარებული 6 პირიდან 4 მივიდა, ერთი კი დისტანციურად ჩაერთო. კითხვებს უპასუხა საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, გრიგოლ ვაშაძემ. რამდენიმე საკითხი დიპლომატსა და საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარეს, თეა წულუკიანს შორის ურთიერთბრალდებების საგანი გახდა. გრიგოლ ვაშაძემ კომისიის წევრებს უთხრა, რომ ცეცხლი თბილისს არ გაუხსნია, ხოლო მისივე განმარტებით, რუსულ მხარეს იერიშები ქართულ სოფლებსა და იქ მყოფ მშვიდობიან მოსახლეობაზე 8 აგვისტომდეც მიჰქონდა. დიპლომატმა ომიდან 16 წლის შემდეგ შექმნილ კომისიას უთხრა, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის წინასწარ ინფორმირება შეუძლებელი იყო.

„ქალბატონო თეა, თქვენ 4 აგვისტო ახსენეთ. 31 ივლისიდან მიდიოდა ქართული სოფლების პერიოდული დაბომბვა. თან, იმ კალიბრის იარაღით 82 და 122 არტილერიით, რომელიც კატეგორიულად აკრძალული იყო ყველა შეთანხმებით, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში შეტანა. როგორც მე თქვენ გითხარით, ინფორმაცია მოდიოდა რამდენიმე წყაროდან: მოკავშირეები, დაზვერვა, თავდაცვის სამინისტრო – ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტრო, რაც შეეხებოდა დიპლომატიურ ასპექტს ამ უკვე დაწყებული ომის. როდესაც დავხურავთ სხდომას, მე თქვენ ორ დოკუმენტს მოგცემთ ინგლისურად და აგიხსნით, საიდან, რა ვიცოდი“, – უთხრა საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, გრიგოლ ვაშაძემ კომისიას.

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრისგან განსხვავებული პოზიცია ჰქონდა შიდა ქართლში ყოფილ სახელმწიფო რწმუნებულს, მიხეილ ქარელს, რომელმაც 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყება მიხეილ სააკაშვილის ავანტიურა უწოდა. სხდომას ყოფილი მაღალჩინოსანი სატელეფონო ზარით ჩაერთო.

„ომი მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი უდიდესი ავანტიურა გახლდათ. ბოლო დროს, სააკაშვილი ხელისუფლებაში ყოფნის ხიბლში იმდენად შევიდა, რომ უკვე აღარ შეეძლო ნებისმიერი განსხვავებული აზრის მოსმენა, ეს იმდენად აღიზიანებდა, რომ უკვე მდგომარეობიდან გამოდიოდა. გითხარით, რომ ერთხელ აფექტურ მდგომარეობაშიც ვნახე“, – თქვა მიხეილ ქარელმა, შიდა ქართლში საქართველოს პრეზიდენტის ყოფილმა სახელმწიფო რწმუნებულმა.

ერგნეთის ბაზრობის დახურვის გადაწყვეტილებაში საკუთარ პასუხისმგებლობაზე ისაუბრა საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ზურაბ ნოღაიდელმა. მისი განმარტებით, მაშინ სახელმწიფოს შეეძლო, შეექმნა ხალხთა შორის დიალოგის სხვა მექანიზმებიც.

„ერგნეთის ბაზრობაზე თუ ვილაპარაკებთ, მის გაუქმება-დახურვაში მთავარი პასუხისმგებელი პირი მე ვარ. ეს გადაწყვეტილება, ისევე როგორც რამდენიმე სხვა გადაწყვეტილება, იყო ჩემი მინისტრობის პირველ დღეებში მიღებული და შემდეგ, შესაბამისად, განხორციელებულიც. სრულიად და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. უფრო მეტიც, ახლავე შემიძლია ვთქვა, რომ ამ მოქმედებებს უშუალოდ 2008 წლამდე ჩვენ არ მივუყვანივართ. ერგნეთის ბაზრობის დახურვის შემდეგ შეიძლებოდა შექმნილიყო ხალხთა შორის დიალოგის სხვა მექანიზმები – სხვა რამე უნდა გაკეთებულიყო, ეს შენიშვნა სამართლიანია“, – განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ზურაბ ნოღაიდელმა კომისიის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

საგამოძიებო კომისიის წევრმა და „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, სოზარ სუბარმა ყოფილი ხელისუფლება ომის დროს გულგრილობაშიც დაადანაშაულა. მან თქვა, იმდროინდელი მაღალჩინოსნები პირდაპირ ეთერში აკეთებდნენ ისეთ განცხადებებს, რაც კონფიდენციალურ ინფორმაციას შეიცავდა და სახელმწიფო საიდუმლო უნდა ყოფილიყო.

„31-ე ქარხანასთან ვცხოვრობდი. რუსული თვითმფრინავი შემოფრინდა, რომელმაც ერთი ბომბი ისროლა და ეს ბომბი ესროლა საავიაციო ქარხნის ასაფრენ ზოლს. გამოვიდა კახა-ალექსანდრე ლომაია, უშიშროების საბჭოს მდივანი იყო მაშინ და პირდაპირ ეთერში დასცინა რუსებს, რომ სამიზნეები არ უვარგათო, 20 მეტრი მარჯვნივ თუ მარცხნივ ააცილესო. ნახევარ საათში შემოფრინდა თვითმფრინავი და ის ზოლი ააფეთქა. პრაქტიკულად, პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა ყველაფერი“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა და „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, სოზარ სუბარმა.

კომისიის სხდომაზე არ მისულა თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი, რომელსაც დრო 26 მარტის დღის ბოლომდე მიეცა. კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის განცხადებით, 27 მარტს დღის წესრიგში დადგება თავდაცვის ყოფილი მინისტრის საქმის პროკურატურისთვის გადაცემის საკითხი, სხდომაზე გამოცხადებაზე უარის თქმის გამო. ამ პრაქტიკას კომისიამ უკვე მიმართა კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერების – მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შემთხვევაში. ისინი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე სხვა საკითხის განსახილველად იყვნენ დაბარებული.

კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, 2008 წლის ომის შესახებ მათ კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსაც.

ოპოზიციური კოალიციებისა და პარტიების წარმომადგენელთა დიდი ნაწილი „ქართული ოცნების“ ინიციატივით შექმნილ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მისვლას არ აპირებს და არც მის ლეგიტიმაციას აღიარებს. ისინი მიიჩნევენ რომ მე-11 მოწვევის პარლამენტი, ლეგიტიმური არ არის, ამიტომ მათი შეფასებით, დაუშვებელია ამ პარლამენტის პირობებში შექმნილი ნებისმიერი კომისიის აღიარება. ჯერ არ არის ცნობილი, აპირებს თუ არა კიდევ სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების დაბარებას ქართული ოცნების ინიციატივით შექმნილი კომისია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend