მთავარიEuropean Union„ვერ იქნება მშვიდობა ევროკავშირის გარეშე” - ჟოზე მანუელ ბაროზუს ინტერვიუ ევრონიუსთან

„ვერ იქნება მშვიდობა ევროკავშირის გარეშე” – ჟოზე მანუელ ბაროზუს ინტერვიუ ევრონიუსთან

ევროპელი ლიდერების შეხვედრა სენსაციის გარეშე დასრულდა. დასკვნით დოკუმენტში აქამდე გაჟღერებული გზავნილები გაიწერა. ევროპა აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერასა და რუსეთზე ზეწოლას, თანხმდება თავდაცვის პროაქტიულ გაძლიერებაზე და ამ მხრივ ფინანსური მექანიზმების შექმნაზე მეტი მოქნილობისთვის.

ევროპაში ბევრს ჰქონდა მოლოდინი, რომ ბრიუსელიდან მეტ სიახლეს გაიგებდა, თუმცა იმედგაცრუებული დარჩა. ევროკომისიის ყოფილ პრეზიდენტს, ჟოზე მანუელ ბაროზუს ამის ახსნა აქვს. ევრონიუსთან ინტერვიუში ის ამბობს, რომ ევროკავშირი უკვე არის ისტორიული გარდაქმნის პროცესში.

„არ ვეთანხმები, რომ შეხვედრას შედეგი არ ჰქონია. ეს არის ევროკავშირისთვის  გადაწყვეტილების მიღების ჩვეული გზა, რა თქმა უნდა, ის შედარებით ნელია, თუმცა დრო წევრ სახელმწიფოებს შორის კონსენსუსის მიღწევას ხმარდება. ყოველთვის ორიგინალურები ვერ იქნებიან, თუმცა საბოლოოდ ისინი ხაზს უსვამენ მნიშვნელოვან საკითხებს, ძალისხმევას ევროპული თავდაცვის გაძლიერებასა და უკრაინის მხარდაჭერასაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. იყო გადაწყვეტა შეჯიბრებითობის საკითხზეც, ე.წ. „შენახვასა და ინვესტირების” ხაზით. მართალია, ევროკავშირი კრიზისებში უკეთ მუშაობს. აქ ფსიქოლოგიური ფაქტორიცაა, როდესაც არსებობს გადაუდებლობის განცდა, ერთგვარი დრამა, ჩვენ მზად ვართ, მივიღოთ გადაწყვეტილებები, რომელთა მიღებაც მანამდე  შესაძლებელი არ იყო. ჩვენ ეს ვნახეთ ფინანსური კრიზისის დროს, პანდემიის დროს და ამას ვხედავთ ახლა რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინაში. რა მოხდა გერმანიაში? ეს უპრეცედენტო, ისტორიული დრამაა. მათ შეცვალეს კონსტიტუცია, რომელიც საშუალებას აძლევთ მასიურად გააძლიერონ თავდაცვა. რამდენიმე წლის წინ ამის წარმოდგენაც კი რთული იყო. ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანება წარმოუდგენელი იყო. თუმცა ისტორიული ტრანსფორმაციისას ევროპული კავშირი მოქმედებს, ასეთია ევროკავშირი. ვფიქრობ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროკავშირს ამ ყველაფერზე ძლიერი რეაქცია აქვს. ამასთან, ვფიქრობ, ეკონომიკურ და ფინანსურ სიბრტყეში შეჯიბრებითობის ნაწილში ვაგებთ და ამ მხრივ გადაუდებლობის განცდა, მართლაც, გასაძლიერებელია. თუმცა საბოლოოდ მიმართულება პოზიტიურია”, – აღნიშნავს ევრონიუსთან ინტერვიუში ევროპული კომისიის ყოფილი პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზუ.

შეჯიბრებითობაში ევროპელები მძიმეწონიანი მოთამაშეებისთვის კონკურენციის გაწევის უნარს გულისხმობენ. ეს იმისათვის, რომ ევროპულ გაერთიანებას გლობალურ სცენაზე საპატიო ადგილი ეკავოს, როგორც არა მხოლოდ ერთ-ერთ უდიდეს ეკონომიკას, არამედ სამხედრო ძალასაც. მართალია, ახალი ბრენდირება ევროპელების ნაწილს არ მოსწონს, თუმცა იმასაც იაზრებენ, რომ გეოპოლიტიკური მოცემულობა ახალი აქტივების მიღების აუცილებლობას ქმნის. საბოლოო დოკუმენტში ამ თავში გაიწერა, რომ თავდაცვაში ინვესტირება ქვეყნებს ამ ამოცანასთან დააახლოებთ. 2025 წელი ამ მხრივ პირველი ნაბიჯი უნდა იყოს, რათა თავდაცვის ინდუსტრიისთვის ერთიანი ბაზარი შეიქმნას. დოკუმენტის ამ ნაწილის მიმართ წინააღმდეგობა არცერთ წევრს არ ჰქონია. განსხვავებული აზრი მხოლოდ უკრაინის შეიარაღების თავს მოჰყვა. ანტაგონისტი კვლავაც უნგრეთია. რა ბერკეტი აქვს უმრავლესობას უმცირესობის წინააღმდეგ?

„ეს ბუნებრივია, ჩვენ დემოკრატიული ერების გაერთიანება ვართ და ვერავის დავაძალებთ რამეს ნების საწინააღმდეგოდ. თანხმობა შედგა 26 ქვეყანას შორის. შეგიძლიათ მსოფლიოში მაჩვენოთ 26 ქვეყანა, რომელიც ერთმანეთს ამდენ რამეში ეთანხმება, როგორც ევროკავშირში? როდესაც კომისიაში ვიყავი, ჯერ კიდევ 2014 წელს, უნგრეთი რუსეთისთვის სანქციების დაწესების წინააღმდეგი იყო, მაგრამ ამის მიუხედავად რუსეთის წინააღმდეგ ჩვენ მივიღეთ სანქციების 16 პაკეტი. ასე მუშაობს ევროკავშირი. ჩვენ ვერ ვაიძულებთ რომელიმე ქვეყანას შეიცვალოს აზრი. ამასთან, სრული შეცდომაა იმის ფიქრი, რომ ერთი ან ორი ქვეყნის წინააღმდეგობის გამო მათ არ შეუძლიათ მოქმედება. სხვათა შორის ხელშეკრულებებში გაწერილია ეს პირობები, რომლებიც ევროკავშირს რთავს ნებას, იმოქმედოს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ  ქვეყნების უმრავლესობა კონკრეტულ საკითხს არ იზიარებს”, – ამბობს „ევრონიუსთან” ჟოზე მანუელ ბაროზუ.

ევროკომისიის ყოფილი პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზუ ფიქრობს, რომ რუსეთის წინააღმდეგ არსებული სანქციები ბრიუსელს სამშვიდობო მოლაპარაკებების ნაწილად აქცევს. და თუ მაგიდასთან ევროკავშირის ყოლა ვინმეს ინტერესშია, ეს რუსეთი უნდა იყოს, რადგან სანქციების მოხსნის გარეშე რუსეთი პროცესს არ განიხილავს.

„ადრე თუ გვიან ევროკავშირი პროცესის მონაწილე გახდება, რადგან ვერ იქნება მშვიდობა ევროკავშირის გარეშე არა მხოლოდ იმიტომ, რომ უკრაინა ევროპული ქვეყანაა, არამედ იმიტომაც, რომ უკრაინას სჭირდება ევროკავშირი. ბატონმა პუტინმაც თქვა, რომ ვერ იქნება მშვიდობა სანქციების შემსუბუქების გარეშე, ეს სანქციები კი სწორედ რომ ევროკავშირის დაწესებულია. რუსები პირველები არიან, ვის ინტერესშიც შედის ევროპის ჩართულობა. მათ აქვთ ვაჭრობის თავისებური მეთოდი, სამწუხაროდ, 24 საათში ცეცხლის შეწყვეტა  შესაძლებელი არ იყო, როგორც ამას წინასწარ ვარაუდობდნენ, ამის შემდეგ საუბრობდნენ ერთ თვეზე. ვფიქრობ, ხალხს კარგად ესმის, რომ ეს გაცილებით კომპლექსური საკითხია. დიდ ძალებს შეუძლიათ დააწესონ ომი, თუმცა მათ არ შეუძლიათ დააწესონ მშვიდობა. ამის გაგება ძალიან მნიშვნელოვანია, დიდ ძალებს შეუძლიათ ქვეყანაში შეიჭრან, რაც ბევრჯერ მომხდარა და ახლა უკრაინაშიც ხდება. მშვიდობის მიღწევა კი გაცილებით რთულია. ამას სჭირდება კონფლიქტის საწყის ფაქტორებზე პასუხი და არა მხოლოდ მისი ფასადური მოგვარება. რა თქმა უნდა, უკრაინაში უნდა გვქონდეს მშვიდობა და მჯერა, რომ ეს იმაზე რთულია, ვიდრე ხალხს ჰგონია. ერთია ცეცხლის შეწყვეტა, მეორეა მშვიდობა. უკრაინა უნდა იყოს ამის ნაწილი, ისევე როგორც ევროპა”, – აღნიშნავს ევროკომისიის ყოფილი პრეზიდენტი.

ევროპული ქვეყნები აქტიურად იწყებენ მუშაობას გადაიარაღების გეგმაზე – ინდივიდუალურადაც და ბლოკის ფარგლებშიც. უარესი სცენარისთვის მზადება ევროპელებს რუსულმა აგრესიამ და ამერიკულმა განწყობებმა უბიძგა. ბრიუსელში გამოსავლად  თავდაცვის ავტონომიურობა და ძლიერი ეკონომიკა მიაჩნიათ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend