დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი ხუთშაბათს ინგლისის ნორთვუდში უკრაინასთან დაკავშირებული სამშვიდობო გეგმის მონაწილე კოალიციის სამხედრო ლიდერებს შეხვდა.
ევროპისა და მის ფარგლებს გარეთ ოცზე მეტი ქვეყნის მაღალი რანგის სამხედრო ოფიცერმა შეხვედრა გამართა, რათა განეხილათ უკრაინაში საერთაშორისო სამშვიდობო ძალების განლაგების გეგმები.
“გასულ და წინა უქმეებზე, საერთაშორისო პოლიტიკური ლიდერები შეიკრიბნენ, რათა შეეჯერებინათ პოლიტიკური პოზიციები და კოლექტიურად შეთანხმებულიყვნენ, რომ ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა ნებისმიერი შეთანხმება რომელიც დაიდება იყოს უზრუნველყოფილი და დაცული.
რაც აქ ხდება, ეს არის ამ პოლიტიკური განზრახვის რეალობად ქცევის მცდელობა. კონცეფციების გეგმებად ჩამოყალიბება, ეს ეხება იმას თუ რა ხდება ზღვაში, ჰაერში თუ საზღვრების დაცვის დროს. ეს გეგმები ახლა რეალური ხდება. მე გარკვეული დეტალების გასარკვევად ამ შეხვედრების მონაწილე რამდენიმე გუნდს შევხვდი. ერთი რამ დანამდვილებით ვიცით, რომ ისეთ შეთანხმებას, რომელსაც არაფერი უმაგრებს ზურგს, პუტინი დაარღვევს.
ჩვენ ეს ვიცით, რადგან ეს წარსულშიც მომხდარა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს მომავალშიც მოხდება. აქედან გამომდინარე დღეს ჩვენ აქ რასაც ვაკეთებთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის ევროპაში და ასევე ჩვენი ნატოს მოკავშირეებისთვის და, რა თქმა უნდა, გაერთიანებული სამეფოსთვის”, – განაცხადა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა.