მთავარისაქართველო„გიორგი ოკმელაშვილის საქმე სახელმწიფოს მიერ უფლებამოსილების გადაჭარბების კარგი მაგალითია" - არასამთავრობოები

„გიორგი ოკმელაშვილის საქმე სახელმწიფოს მიერ უფლებამოსილების გადაჭარბების კარგი მაგალითია” – არასამთავრობოები

ე. წ. გამჭვირვალობის კანონის საწინააღმდეგო აქციებისას დაკავებული გიორგი ოკმელაშვილის სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით „სამოქალაქო საზოგადოების ფონდში” არასამთავრობო ორგანიზაციების ბრიფინგი გაიმართა.

ბრიფინგზე უფლებადამცველებმა ისაუბრეს საქმის დეტალებსა და გამოძიების იმ ეტაპებზე, რომლებიც მათი შეფასებით, კანონის დარღვევით ჩატარდა.

გიორგი ოკმელაშვილი 2024 წლის მაისში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. პროკურატურის მტკიცებით, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე გიორგი ოკმელაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელ ალექსანდრე ოხანაშვილს იდაყვის დარტყმით სახის არე დაუზიანა. ოკმელაშვილი ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი გელაშვილმა 3 თებერვალს გიორგი ოკმელაშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სააპელაციო სასამართლოში გიორგი ოკმელაშვილის საქმის განხილვა 11 აპრილს დაიწყება.

„აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე არის მაგალითი იმისა, რომ საგამოძიებო ორგანოებმა ჯერ მიიღეს გიორგი ოკმელაშვილის დაკავების გადაწყვეტილება და შემდგომ დაიწყეს მტკიცებულებების შეგროვება მის წინააღმდეგ.

სისხლის სამართლის საქმე გამოძიებულია დაჩქარებულად, ფაქტობრივად სამ დღეში. გამოძიებას აწარმოებდა უპრეცედენტოდ ბევრი – 15 გამომძიებელი (ამ რაოდენობის გამომძიებელი, როგორც წესი, ჩართულია მრავალეპიზოდიანი ან/და ორგანიზებული დანაშაულის გამოძიების საქმეებში). სამ დღეში ჩატარებულია 60-ზე მეტი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.

აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე ძალიან კარგად აჩვენებს საგამოძიებო ორგანოს, პროკურატურის, სასამართლოს, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, სახელისუფლებო მედიის კოორდინირებულ, შეთანხმებულ მოქმედებას პოლიტიკური ნების/მითითების არსებობისას – როგორ ჩქარდება გადაწყვეტილებების მიღება საგამოძიებო ორგანოებში, პროკურატურაში, სასამართლოში, საექსპერტო დაწესებულებაში და როგორ მიმდინარეობს კოორდინაცია უწყებებს შორის ოფიციალური არხების მიღმა.

გიორგი ოკმელაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმე თვალნათლივ აჩვენებს, რომ პროკურატურა ვერ ასრულებს საგამოძიებო ორგანოზე მონიტორინგის ფუნქციას, რაც მისი მთავარი მოვალეობაა. პროკურორს არ გაუუქმებია გამომძიებლის არცერთი უკანონო გადაწყვეტილება (რაც აღნიშნულ საქმეში მრავლადაა). უფრო მეტიც, პროკურორს მიმართული აქვს სასამართლოსთვის გამომძიებლის მიერ ჩატარებული უკანონო საგამოძიებო მოქმედებების კანონიერად ცნობის მოთხოვნით.

ეს საქმე არის კარგი ილუსტრაცია იმისა, როგორ ვერ ასრულებს სასამართლო საგამოძიებო ორგანოებზე, პროკურატურაზე მაკონტროლებლის როლს და არის პროკურატურის შუამდგომლობების უპირობოდ დამაკმაყოფილებელი, მაშინაც კი, როცა ეს შუამდგომლობები არც დასაბუთებული, არც სისხლის სამართლის კანონმდებლობის შესაბამისია და ეფუძნება კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს.

ასევე ეს სისხლის სამართლის საქმე არის სახელმწიფოს მიერ მისი უფლებამოსილების გადაჭარბების კარგი მაგალითი. საგამოძიებო ორგანომ, პროკურატურისა და სასამართლოს დახმარებით, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების დროს გადააჭარბა თავის უფლებამოსილებას და გიორგი ოკმელაშვილის კომპანიის საქმიანობის შეჩერების მიზნით ამოიღო კომპანიის საქმიანობისთვის საჭირო კომპიუტერული ტექნიკა. გამოძიებამ ასევე ამოიღო ბრალდებულის ავტომანქანა. ამოღებულ ნივთებს არავითარი მტკიცებულებითი ღირებულება არ ჰქონდა იმ ბრალდებისთვის, რომელსაც პროკურატურა გიორგი ოკმელაშვილს ედავებოდა“, – წერია ორგანიზაციების განცხადებაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend