რუსეთის უკრაინაში შეჭრამ მსოფლიოს გეოპოლიტიკა შეცვალა. ახლა, როდესაც მსოფლიოს ყურადღება სწორედ ამ ომისკენაა მიპყრობილი, სულ უფრო მეტად იზრდება ჩინეთის გავლენა მსოფლიოში.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა რომ გააქტიურებულია საქართველოსთან მიმართებაში, განსაკუთრებით 2023 წელს „სტრატეგიული პარტნიორობის“ გაფორმების შემდეგ გახდა თვალსაჩინო. დღევანდელ მიმოხილვაში ვისაუბრებთ, რა გავლენა აქვს ჩინეთს საქართველოზე.
რუსეთის უკრაინაში შეჭრაზე საუბრისას ჩინეთისა და რუსეთის სამხედრო თანამშრომლობაზეც უნდა გავამახვილოთ ყურადღება.
2024 წელს რუსეთისა და ჩინეთის მიერ არაერთი ერთობლივი სამხედრო სწავლება გაიმართა. მარტში საზღვაო ძალებმა წვრთნები ჩაატარეს ინდოეთის ოკეანეში, ამის შემდეგ ივნისში ერთობლივი სახმელეთო სწავლება გაიმართა. ივლისიც დატვირთული თვე იყო. ჯერ წყნარ ოკეანეში ჩატარდა წვრთნები, შემდეგ კი – საზღვაო სწავლება – სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, რასაც მალევე მოჰყვა საჰაერო ძალების წვრთნები ჩრდილოყინულოვან ოკეანეში. სექტემბერში სამჯერ გაიმართა წვრთნები, რომლებშიც საზღვაო და საჰაერო კომპონენტები მონაწილეობდნენ. ოქტომბერში ორი სამხედრო სწავლება იყო – წყნარ ოკეანესა და ბერინგის ზღვაში, ნოემბერში კი საჰაერო წვრთნები.
თუ დავაკვირდებით მიმართულებას, საინტერესო სურათს მივიღებთ: რუსეთი და ჩინეთი აძლიერებენ წყნარი ოკეანის მიმართულებას, საიდანაც ლოგიკურად აშშ-მდე მივდივართ. ამ წვრთნებამდე ერთი წლით ადრე 2023 წელს კი სტრატეგიული პარტნიორობა გაფორმდა ოფიციალურ თბილისსა და პეკინს შორის.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც ჩანს სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების დინამიკა.
· 2003-2012 წლებში ჩინეთიდან 132 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა;
· 2013-2024 წლებში კი 5-ჯერ მეტი – 655 მლნ დოლარი;
· 1995-2012 წლებში საქართველოში 451 კომპანია დაარეგისტრირეს ჩინეთის მოქალაქეებმა;
· 2013-2024 წლებში კი 4-ჯერ მეტი – 1 893 კომპანია;
· 2012 წელს საქართველოს სავაჭრო ბრუნვა ჩინეთთან 640 მლნ დოლარი იყო;
· 2024 წელს კი 3-ჯერ მეტი – 1 916 მლნ დოლარი;
· 2012 წელს ჩინეთიდან 7 633 ვიზიტორი შემოვიდა;
· 2024 წელს კი 12-ჯერ მეტი – 88 583 ვიზიტორი.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, პირდაპირი ჩინური ინვესტიციების თვალსაზრისით 2012-იდან 2014 წლამდე მზარდი ნახტომისებური მაჩვენებელია ქვეყანაში. მომდევნო რამდენიმე წელს მაჩვენებელი მერყეობს. კოვიდპანდემიის შემდეგ კი ტენდენცია კვლავ მზარდია.
ექსპერტების შეფასებით, ჩინეთთან დაახლოება საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას, გარკვეულწილად, საფრთხეს უქმნის, რისკებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოებაა. საინტერესოა, ამიერკავკასიაში ჩინეთის გაზრდილი ინტერესები რა საფრთხეს შეუქმნის შავი ზღვის რეგიონს, იმის გათვალისწინებით, რომ გასულ წელს პეკინის ერთ-ერთი მთავარი სამხედრო პარტნიორი კრემლი იყო.
შავი ზღვის რეგიონსა და გაზრდილ ჩინურ გავლენაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის ასოცირებულმა მკვლევარმა ნინო ლეჟავამ ისაუბრა.