სტამბოლის მერის დაკავების შემდეგ, საზოგადოებრივი შეკრებების ოთხდღიანი აკრძალვის მიუხედავად, თურქეთის არაერთი ქალაქის ქუჩებში ექრემ იმამოღლუს ათასობით მხარდამჭერი შეიკრიბა.
პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარი პოლიტიკური მეტოქე 19 მარტს, კორუფციისა და ტერორის გამოძიების ფარგლებში დააკავეს.
ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ოპოზიციონერი ლიდერის დაკავების გასაპროტესტებლად ათასობით მომიტინგე სტამბოლში, ანკარასა და ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში ანტისამთავრობო აქციაზე გამოვიდა.
„79 წლის ვარ და სამი შვილი მყავს. მსურს ჩემმა შვილებმა ამ მშვენიერ ქვეყანაში იცხოვრონ და იმუშაონ. ხელისუფლებამ უნდა გაიაზროს, რომ დაშინებით გარდაუვალს თავიდან ვერ აირიდებს”.
„რაც მოხდა ნამდვილად უკანონოა. უკანონო და უსაფუძვლო. ეს დემოკრატია არ არის. ხალხი ამას არ იმსახურებს“, – ჰყვებიან აქციის მონაწილეები.
იმამოღლუსთან ერთად, ოპოზიციური ხმების ჩახშობის რეპრესიული კამპანიის ფარგლებში, დააკავეს მისი პრესმდივანი და მერიის 100 თანამშრომელიც.
დაკავებები მოჰყვა ანკარაში სტუდენტურ საპროტესტო მსვლელობასაც. ხოლო, თურქეთის შსს-ის ცნობით, 37 ადამიანი დააკავეს სოციალურ ქსელში „პროვოკაციული“ პოსტების გამოქვეყნების გამო.
ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ხელისუფლებამ „გამოავლინა“ სოციალური მედიის 261 ანგარიში, მათ შორის 62 თურქეთის საზღვრებს გარეთ, რომლებიც „დანაშაულის და სიძულვილის წამქეზებელ პროვოკაციულ პოსტებს“ აქვეყნებდნენ. მისივე ცნობით, სამინისტრო განაგრძობს ძალისხმევას დარჩენილი ეჭვმიტანილების დაკავების მიზნით.
განცხადება გააკეთა ქვეყნის იუსტიციის მინისტრმაც. მან დაკავებების სერიაში მთავრობის ჩართულობის და პოლიტიკური ანგარიშსწორების შესახებ ბრალდებები უარყო.
„მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი სასამართლოს მიერ ჩატარებული გამოძიებების გადატრიალებად დახასიათება უკიდურესად საშიში და არასწორია. მართლმსაჯულების მიერ დაწყებული საქმეების პრეზიდენტთან დაკავშირება კი – საუკეთესო შემთხვევაში, თავხედური და შეუსაბამო. სახელმწიფოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ორგანოების ძალაუფლების გამიჯვნა აუცილებელია. სასამართლო მითითებებს არავისგან იღებს“, – განაცხადა თურქეთის იუსტიციის მინისტრმა, ილმაზ თუნჩმა.
პატიმრობაში მყოფი მერის პოლიტიკური პარტიის ლიდერმა, ოზგურ ოზელმა, ანკარაში გამართულ პრესკონფერენციაზე ხელისუფლება „გადატრიალების მცდელობაში“ დაადანაშაულა.
„მათ ნებისმიერი ბოროტების ჩადენა შეუძლიათ. ჩვენ მზად ვართ ყველაფრისთვის. აშკარაა რომ ეს პოლიტიკური ბრძოლა არ არის, ახლა ქვეყნის ყოფნა არყოფნის საკითხი დგას. რაც მოხდა, გადატრიალების მცდელობაა“, – განაცხადა რესპუბლიკური სახალხო პარტიის თავმჯდომარე ოზგურ ოზელმა.
მიუხედავად დაკავებებისა, ქვეყანაში მასშტაბური დემონსტრაციები არ წყდება. სტამბოლის ქუჩებში საპროტესტო მსვლელობით კვლავ გამოვიდნენ სტუდენტები, შეძახილებით „უფლებები, კანონი, სამართალი“.