ათასობით მომიტინგე გამოვიდა სტამბოლის ქუჩებში ხუთშაბათს, 20 მარტს, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ დემონსტრაციების მოწყობა ოთხი დღით აკრძალა.
მოსახლეობა აპროტესტებს სტამბოლის მერის, ექრემ იმამოღლუს დაკავებას, რომელიც აგრეთვე, თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარი კონკურენტია.
„რაც მოხდა, ნამდვილად უკანონოა. უკანონო და უსაფუძვლო. ეს არაა დემოკრატია“, – ამბობს 56 წლის პენსიონერი, ჰიკმეთ ცენტიკი.
„რესპუბლიკური სახალხო პარტიის“, რომლის წევრიცაა სტამბოლის მერი, ლიდერმა გააკრიტიკა ხელისუფლება. მისი თქმით, ერდოღანს ეშინოდა, რომ იმამოღლუსთან არჩევნებს წააგებდა.

„ის რაც მოხდა, გადატრიალებაა. ესაა გადატრიალების მცდელობა“, – ამბობს „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ თავმჯდომარე ოზგულ ოზალი.
თურქეთის იუსტიციის მინისტრი ბრალდებებს გამოეხმაურა და თქვა, რომ სასამართლოები დამოუკიდებლად მოქმედებენ.
„მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი სასამართლოს მიერ ჩატარებული გამოძიების შეფასება როგორც გადატრიალება ან სხვა მსგავსი ტერმინების გამოყენება, უკიდურესად საშიში და არასწორია“, – ამბობს თურქეთის იუსტიციის მინისტრი ილმაზ თუნჩი.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა უარყოფითად შეაფასა მერის დაკავება.
მან თურქეთს დემოკრატიული ღირებულებების დაცვის ვალდებულება შეახსენა.
„ჩვენ გვსურს, რომ თურქეთი დარჩეს ევროპასთან, მაგრამ ეს მოითხოვს მტკიცე ერთგულებას დემოკრატიული ნორმებისა და პრაქტიკის მიმართ და მნიშვნელოვანია, რომ თურქეთმა პატივი სცეს ამ ფუნდამენტურ პრინციპებს“, – ამბობს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი.
თურქეთის პროკურატურა იმამოღლუს კორუფციასა და „ქურთების მუშათა პარტიის“ დახმარებაში ადანაშაულებს.