რუსეთმა და უკრაინამ 19 მარტს 175 პატიმარი გაცვალეს. ეს ომის დაწყებიდან ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური აქტია. სამხედრო ტყვეების ოჯახის წევრები უკრაინის ჩრდილოეთით, ჩერნიჰივის რეგიონის საავადმყოფოსთან შეიკრიბნენ და სულმოუთმენლად ელოდნენ საყვარელი ადამიანების დაბრუნებას.
ცეცხლის დროებითი შეწყვეტის შესახებ მიმდინარე დისკუსიების ფონზე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთს ყველა პატიმრის გაცვლას სთავაზობს. იგი დასძენს, რომ სამხედრო ტყვეებისა და მძევლების გათავისუფლება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება მშვიდობისკენ სავალ გზაზე და ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ნდობის აღდგენას.
გათავისუფლებული სამხედრო ტყვეები ავტობუსიდან ხედავდნენ და ესმოდათ, როგორ უხდიდნენ მათ მადლობას. ისინი ჰპირდებიან უკრაინელებს, რომ გააგრძელებენ გამარჯვებისკენ სვლას და თავიანთი მიწისა და ქვეყნის დაცვას.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მათ კეთილი ნების გამოხატვის ნიშნად კიდევ 22 მძიმედ დაჭრილი უკრაინელი ტყვე გაათავისუფლეს.

უკრაინის სამხედრო ტყვეთა საკოორდინაციო შტაბის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა პეტრო იაცენკომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტყვეთა გაცვლის პროცესი ფართო და ხანგრძლივ მომზადებას საჭიროებს. წინა პროცესი 5 თებერვალს გაიმართა, მას შემდეგ ემზადებოდნენ შემდეგი გაცვლისთვის. რუსული მხარისთვის ლოგისტიკურადაც რთულია ამ რაოდენობის სამხედრო ტყვის შეკრება, რადგან ისინი დაკავებული ჰყავთ სხვადასხვა ადგილას, საკმაოდ შორს.
უკრაინული მხარის ცნობით, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან მათ 4000-ზე მეტი უკრაინელი ტყვე, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქე და უცხოელი, დაიხსნეს.