მთავარიგადაცემებიEurope Decodedგარემოს ხმაურით დაბინძურების ევროპული დირექტივა ჯერ კიდევ შორსაა ეფექტურობისგან

გარემოს ხმაურით დაბინძურების ევროპული დირექტივა ჯერ კიდევ შორსაა ეფექტურობისგან

მაღალი სიხშირის ხმაური მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ევროპელების ჯანმრთელობას, განსაკუთრებით ქალაქის ბინადართ. ევროპის აუდიტორთა სასამართლოს ბოლო კვლევის მიხედვით, არსებობს რისკი იმისა, რომ თუ შესაბამისი ყურადღება არ დაეთმობა ხმაურით დაბინძურებას, მას შეიძლება შედეგად  ნაადრევი სიკვდილიანობა მოჰყვეს.

ევროპის აუდიტორთა სასამართლოს ანგარიშში, რომელიც იანვარში გამოქვეყნდა, წერია, რომ ევროკავშირის მასშტაბით ხმაურის შემცირებას ნაკლები ყურადღება ექცევა. ანგარიშში ასევე მითითებულია, რომ მრავალ ქვეყანაში მოისუსტებს ხმაურის მონიტორინგიც.

ევროპის მოსახლეობის 30%-ზე მეტი ადამიანი ჯანმრთელობისთვის მავნე, ხმაურიან გარემოში ცხოვრობს. ახალგაზრდები ხმაურის მიმართ ყველაზე მეტად მგრძნობიარე არიან. ევროპაში 60 ათას ბავშვზე მეტი ამის გამო აღქმისა და სწავლის უნარის დაქვეითების პრობლემებით იტანჯება. ხანგრძლივმა ხმაურმა შეიძლება გამოიწვიოს გულ-სისხლძარღვთა, მეტაბოლიზმისა და მენტალური დაავადებები.

გარემოს ხმაურისგან დაცვის დირექტივა უკვე 20 წელია მოქმედებს და ერთხელაც კი არ შეუტანიათ შესწორება ამ ხნის განმავლობაში. ამის გამო მრავალი წევრი ქვეყანა  ამ საკითხთან დაკავშირებით მოდუნდა, რადგან დირექტივაში სავალდებულო მოთხოვნები არ დევს.

„წევრი ქვეყნების მოდუნება უფრო იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ამ დირექტივაში არცერთი სავალდებულო მიზანი არ არის ჩადებული. წევრ ქვეყნებს სთხოვენ, შეიმუშაონ გეგმები, თუ როგორ გაუწიონ მონიტორინგი ხმაურის დონეს გზის დატვირთულ მონაკვეთებსა და ქალაქებში. მაგრამ ამ საკითხზე, ევროკომისიაში ანგარიშის წარდგენის გარდა, ქვეყნებს, ფაქტობრივად, არაფერი მოეთხოვებათ ევროკავშირის მხრიდან. შედეგად, როგორც ვნახეთ, მთავრობებს ასეთი ხმაურიანი ადგილების რუკის დროულად  შედგენაც კი არ უნდათ. იყო ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ევროკომისია იძულებული იყო, ამ ქვეყნებთან საქმე სასამართლოს გზით გადაეჭრა ან სამართლებრივი მექანიზმებით დამუქრებოდა“, – ამბობს რობერტ ჰოჯსონი, რომელიც გარემოს დაცვის საკითხებს აშუქებს „ევრონიუსისთვის.“

ხანგრძლივმა ხმაურმა შეიძლება გამოიწვიოს გულ-სისხლძარღვთა, მეტაბოლიზმისა და მენტალური დაავადებები. იმ მოქალაქეებმა, რომლებსაც „ევრონიუსი“ ბრიუსელისა და ათენის ქუჩებში გაესაუბრა, თავისი შეშფოთება გამოხატეს.

„დილით ქუჩიდან მანქანის საყვირების ხმა მაღვიძებს. ამას შეუძლია მთელი დღე გამიფუჭოს გუნება, და ზოგადად ცხოვრების განწყობაც ალბათ“,  – ამბობს ახალგაზრდა კაცი ბრიუსელიდან.

„მართლაც, რაღაც ნაბიჯები უნდა გადადგან, შეუძლიათ, თუნდაც ძრავას მიერ გამოცემული დეციბელები შეამცირონ უკეთესი ტექნოლოგიების საშუალებით“ – ეს უკვე ათენის მცხოვრებმა თქვა..

ევროკავშირის მასშტაბით არ არის დასახული ხმაურის შემცირების ზუსტი მიზნები.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით, ხმაურის დონე ჭარბია, თუკი ის აღემატება 53 დეციბელს. ეს უფრო დაბალი ზღვარია, ვიდრე 55 დეციბელი, რომელიც ევროკავშირმა დაადგინა. ხმაურით დაბინძურების ძირითადი წყარო საგზაო მოძრაობაა, მასზე მოდის დაბინძურების 80%, მას მოსდევს რკინიგზა – 15%-ით და საჰაერო ტრანსპორტი 1%-ით.  ავსტრია, კვიპროსი, ჩეხეთი, საფრანგეთი და ლუქსემბურგი არიან ევროკავშირის ის ქვეყნები, რომლებშიც მოსახლეობის ყველაზე მაღალი პროცენტია ჭარბი ხმაურის რისკის ქვეშ ქალაქში. ევროკავშირის 27 წევრიდან 15-მა არ მიაწოდა ხმაურით დაბინძურების შესახებ ის მონაცემები, რომლებსაც ევროკავშირის დირექტივა ითხოვს.

ევროპარლამენტის წევრმა განაცხადა, რომ შესაძლოა ევროკომისიამ გადახედოს მოქმედ დირექტივას, მაგრამ ეს 2029 წლამდე არ მოხდება.

„საჭიროა უკეთესი მონიტორინგის სისტემა და უფრო მკაფიო გაწერა იმისა, თუ რა ითვლება ხმაურით დაბინძურების დონედ და რა ვალდებულებები აქვთ წევრ სახელმწიფოებს,“ – ამბობს პიტერ აჯიუსი, მემარჯვენე ცენტრისტი ევროპარლამენტარი მალტიდან, რომელმაც მხარი დაუჭირა მოქალაქეთა პეტიციას ხმაურით დაბინძურების პრობლემის აღმოფხვრის შესახებ. „ამჟამინდელი განსაზღვრებები ზოგჯერ საკმაოდ ბუნდოვანია და სხვადასხვაგვარია მათი ინტერპრეტაცია სხვადასხვა სახელმწიფოში.“

ხმაურით დაბინძურება სერიოზულ ზიანს აყენებს ბიომრავალფეროვნებასა და ეკოსისტემასაც. თუმცა, როგორც ევროპის აუდიტორთა სასამართლო მიუთითებს, ამ მხრივ მკაფიო სახელმძღვანელო პრინციპების დეფიციტია. ეს კიდევ ერთი ნაკლია ევროკავშირის გეგმისა, რომელიც მიზნად ისახავს, რომ 2030 წლისთვის დაბინძურების მაჩვენებელი განულდეს. ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ უფრო ამბიციური ნაბიჯების გარეშე, კიდევ მოიმატებს იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც სერიოზულ ზიანს აყენებს ტრანსპორტის ხმაური.

ავტორი: იზაბელ  მარკეს და სილვა

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend