„სოციალური სამართლიანობის ცენტრში” აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის საქმეზე ისაუბრეს. ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილების მიუხედავად, საქართველოს სასამართლოებმა აფგან სადიგოვი კვლავ უკანონოდ საექსტრადიციო პატიმრობაში დატოვეს.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დროებითი ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ჟურნალისტის აზერბაიჯანში ექსტრადიცია აუკრძალა, სანამ მისი საქმე არსებითად არ გადაწყდება სტრასბურგის სასამართლოში. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე კი „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა” სასამართლოს 11 მარტს მიმართა და სადიგოვის საექსტრადიციო პატიმრობის გაუქმება მოითხოვა. ეს მოთხოვნა არც საქალაქო და არც სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ იმ პირობებში, როცა საექსტრადიციო პატიმრობის მაქსიმალური ვადაა 9 თვე, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ის აღარ შეიძლება რომ გაგრძელდეს. აფგან სადიგოვის შემთხვევაში ეს ვადა მიმდინარე წლის 3 მაისს იწურება. მათთვის გაუგებარია, თუ რა სამართლებრივი აუცილებლობა დგას მისი პატიმრობაში დატოვებისთვის.
აფგან სადიგოვი 2024 წლის 3 აგვისტოს შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა აზერბაიჯანთან შემდგომი ექსტრადირების მიზნით დააკავა. ის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში მუქარისა და გამოძალვის ფაქტებზე ჩადენილი დანაშაულისთვის იძებნებოდა.
„სამწუხაროდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს აღნიშნული განჩინება ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიამ და 17 მარტს მიღებულ განჩინებაში მიუთითა, რომ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება არ წარმოადგენს ახალ გარემოებას, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს შერჩეული აღკვეთის ღონისძიებაზე. სასამართლოს თქმით, დაცვის მხარემ ვერ დაასაბუთა, ექსტრადიციის შეჩერება ან შესაძლო აკრძალვა რატომ განაპირობებს შერჩეული აღკვეთის ღონისძიების გაუქმების საჭიროებას მაშინ, როდესაც არსებობს ვარაუდი, რომ აფგან სადიგოვი მიემალება მართლმსაჯულებას”, – განაცხადეს ორგანიზაციაში.