პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ 18 მარტს ისრაელის მიერ ღაზაზე მიტანილი საჰაერო იერიშები „მხოლოდ დასაწყისია”.
ისრაელის ავიადარტყმებმა ღაზაში იმსხვერპლა 400-ზე მეტი პალესტინელი, რომელთა შორის არიან ქალები და ბავშვები. თეთრი სახლის ცნობით, ღაზაში დაგეგმილ ოპერაციებთან დაკავშირებით აშშ-მა ისრაელთან კონსულტაციები გამართა და მხარდაჭერა გამოხატა. ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი არ შეწყვეტს ბრძოლას, სანამ არ გაანადგურებს „ჰამასს” და არ გაათავისუფლებს ყველა მძევალს.
„თავდაცვის მინისტრთან ერთად მივიღე ისრაელის თავდაცვის ძალებისა და უსაფრთხოების ოფიციალური პირების რეკომენდაცია, რომ განვაახლოთ „ჰამასთან” ინტენსიური ბრძოლა. ამიერიდან ისრაელი „ჰამასს“ სხვა ძალით დაუპირისპირდება.
.
„ჰამასმა“ უკვე იგრძნო ჩვენი ძალა ბოლო 24 საათის განმავლობაში. მინდა, დაგარწმუნოთ – ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, რათა მივაღწიოთ ყველა მიზანს – ყველა ჩვენი მძევლის გათავისუფლებას, „ჰამასის“ განადგურებასა და იმის უზრუნველყოფას, რომ ღაზა აღარასდროს იყოს საფრთხე ისრაელისთვის. ჩვენ წინაშე კიდევ მრავალი გამოწვევაა: პირველ რიგში, ღაზაში. მართალია, ჩვენ გავათავისუფლეთ 196 მძევალი, მაგრამ ამ პროცესშიც გამოჩნდა, რომ სხვა მძევლების გამოსახსნელად სამხედრო ზეწოლაა აუცილებელი. ჰამასზე სამხედრო შეტევა და ჩვენი მძევლების გათავისუფლება – ეს ორი მიზანი არ არის ურთიერთგამომრიცხავი, ისინი ერთმანეთთანაა დაკავშირებული“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.