მთავარიმსოფლიოევროპა„არჩევანი აღარ არსებობს” - ევროპელი ლიდერები კონტინენტის თავდაცვის თაობაზე

„არჩევანი აღარ არსებობს” – ევროპელი ლიდერები კონტინენტის თავდაცვის თაობაზე

ევროპის უსაფრთხოების ავტონომია სულ უფრო მკაფიო ფორმებს იძენს. ბერლინს პროცესში ლოკომოტივის როლი ერგო.

გერმანიის ბუნდესტაგმა ისტორიული კენჭისყრით დაამტკიცა თავდაცვისა და უსაფრთხოების მრავალმილიარდიანი პროექტი, რომელიც სესხებზე კონსტიტუციურ შეზღუდვებს მოხსნის და ხელისუფლებას თავდაცვის ხარჯების გაზრდის საშუალებას მისცემს.

საუბარია 500 მილიარდიანი ინფრასტრუქტურული ფონდის შექმნაზე თავდაცვისთვის. 513 მანდატიანი მხარდაჭერის შემდეგ, კანონპროექტი ზედა პალატაში ინაცვლებს. გერმანიის მომავალი კანცლერი თვლის, რომ თავდაცვითი შესაძლებლობების აღდგენა ქვეყანაში პრაქტიკულად ნულიდან დაიწყება, ეს კი ფართოდ ევროპული პროცესია.

„თავდაცვით მზადყოფნასთან დაკავშირებით მიღებული ეს გადაწყვეტილება, სხვა არაფერია, თუ არა პირველი მთავარი ნაბიჯი ევროპის ახალი თავდაცვითი საზოგადოების ფორმირებაში. თავდაცვითი საზოგადოება კი მოიცავს იმ ქვეყნებს,რომლებიც არ არიან ევროკავშირში,თუმცა დაინტერესებულები არიან ევროპის ერთობლივი თავდაცვის მშენებლობაში ჩვენთან ერთად. ასეთი ქვეყნები არიან დიდი ბრიტანეთი,ნორვეგია“, – აღნიშნა ბუნდესტაგში გამოსვლისას გერმანიის მომავალმა კანცლერმა,ფრიდრიხ მერცმა.

თავდაცვით ავტონომიურობაზე ევროპაში დიდი ხანია საუბრობენ, თუმცა სიტყვიდან საქმეზე გადასვლას უკრაინაში რუსულმა აგრესიამ და ამერიკაში დონალ ტრამპის დაბრუნებამ უბიძგა.

800 მილიარდიანი გადაიარაღების გეგმა,რომელიც ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპელებს წარუდგინა აქტიური განხილვების საგნად რჩება, ეს ყველაფერი კი ევროპელების აქტიური მხარდაჭერით. კოპენჰაგენში ვიზიტით მყოფმა ევროკომისიის პრეზიდენტმა პოტენციურ რისკებზე საუბარს დაუთმო დრო.

“თუ ევროპას ომის თავიდან არიდება სურს, ის უნდა მოემზადოს ომისთვის. არჩევანი არ არსებობს. ევროპა მზადაა იმოქმედოს და კონტროლი აიღოს გარდაუვალ ცვლილებებზე. თავს უფლებას ვერ მივცემთ ისტორიის მიღმა დავრჩეთ.ეს კი ნიშნავს რომ ახლა ქმედება სავალდებულოა – სწრაფად,მასშტაბურად და ძლიერად – 2030 წლისთვის.  სწორედ ამ გადაწყვეტილებამდე მივიდა გერმანია დღეს. ეს გადაწყვეტილებები არის ისტორიულიც და საჭიროც. 2030 წლისთვის ევროპას უნდა ჰქონდეს ძლიერი თავდაცვითი პოზიცია” – თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიფინგზე.

მასპინძელ დანიაში კარგად ესმით, რომ რუსეთისგან მომავალი საფრთხე დღევანდელთან ერთად, ხვალინდელი პრობლემაცაა.

სწორედ ამიტომაა, რომ “Politico”-სთან ინტერვიუში ქვეყნის ლიდერმა ევროპაში მშვიდობის დროინდელ თვალთახედვასთან გამომშვიდობებას და სწრაფთან ერთად ხისტ თავდაცვით პოლიტიკად დაუჭირა მხარი.

“ევროპას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, თუმცა არსებობს ბარიერები, რომლებიც უნდა მოიხსნას.ეს იმიტომ,რომ ამ მომენტისთვის ჩვენი პროდუქცია არ არის ისეთი დიდი. ჯერ ისევ მშვიდობის დროინდელი თვალთახედვით ვხელმძღვანელობთ, არ მგონია, რომ თვეები გვქონდეს გადაწყვეტილებების მისაღებად. მე სრულიად ვეთანხმები ევროპის გადაიარაღების გეგმას და მსურს მაგიდაზე იდოს ძალიან ამბიციური მიზნები, რათა სამი თუ ხუთი წლის შემდეგ სრულიად შეგვეძლოს ევროპაში საკუთარი თავის დაცვა. თუ შევხედავთ რუსეთის ქმედებებს, იქნება ეს ჰიბრიდული შეტევები,საბოტაჟი, მიგრანტების გამოყენება თუ ჩვენი ქვეყნების დესტაბილიზაცია დეზინფორმაციითა და ცრუ ამბებითა, – მკაფიოა ხდება რუსეთის სურვილი, იბრძოლოს ევროპის წინააღმდეგ. სამწუხაროდ, მე არ მგონია, რომ ეს შეიცვლება”, – ამბობს დანიის პრემიერ-მინისტრი, მეტე ფრედერიკსენი.

უფრო შორს მიდის ემანუელ მაკრონი,რომელიც ბერლინში ძველთან ერთად ახალ კანცლერსაც შეხვდა. მას სურს,  დაარწმუნოს ევროკავშირი შეწყვიტოს აშშ-ის თავდაცვითი შეიარაღების შესყიდვა. მათ სანაცვლოდ საფრანგეთის პრეზიდენტს სხვა ალტერნატივები ესახება, მათ შორის ვიწროდ საფრანგეთიდან და ფართოდ ევროპიდან.

მაგალითად,  პეტრიოტის სისტემების ნაცვლად ფრანგულ-იტალიური წარმოების რაკეტები,  F-35-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების ნაცვლად, “რაფალის” ტიპის ავიაგამანადგურებლები.

მაკრონს იმედი აქვს,რომ  ამგვარად ევროპის სამხედრო პროდუქციის მოცულობას გაზრდის.

„ვფიქრობ, დისკუსიები ევროპაში სწორი მიმართულებით მიდის. ჩვენ გვჭირდება გადაწყვეტა, რომელიც სოლიდურ და ხანგრძლივ მშვიდობას მოიტანს უკრაინისთვისაც და ევროპის უსაფრთხოებისთვის. ცვლილებები გერმანიის მიდგომებში არის ისტორიული არა მხოლოდ გერმანიისთვის, არამედ მთლიანად ევროპისთვის. ეს არის კარგი სიახლე, რომელიც მეტი თავდაცვითი ინვესტიციის განხორციელების საშუალებას იძლევა. ჩვენ ეს გვჭირდება”, – აღნიშნავს ემანუელ მაკრონი.

უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების თავდაცვის მდივნები, ე.წ. “მსურველთა კოალიციიდან 20 მარტს ლონდონში შესახვედრად ემზადებიან, რათა უკრაინის ეფექტიან მხარდაჭერასა და ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაში ახალი მშენებლობების შესახებ იმსჯელონ.

ამავე დღეს, უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრებენ ევროკავშირის ლიდერები ბრიუსელში. იქ ევროპული საბჭოს სხდომაა დანიშნული.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend