„ჩვენ დავტოვეთ უნივერსიტეტი, თუმცა გარეთ უფრო ძლიერები ვართ, ვაგრძელებთ პროტესტს, გაჩერებას არ ვაპირებთ“, – ასე ამბობენ თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები, რომელთაც შეტყობინება მიიღეს, რომ სტუდენტის სტატუსი შეუწყდათ.
გაფიცული სტუდენტები 80 დღეზე მეტია, უნივერსიტეტის ფოიეში ათევდნენ ღამეს. 9 მარტს საღამოს კი, ადმინისტრაციამ მათ მოსთხოვა დაკავებული სივრცე გაეთავისუფლებინათ, რადგან შენობაში დეზინფექცია უნდა ჩატარებულიყო.
სტუდენტები თანახმა იყვნენ შენობის სხვა სივრცეში გადასულიყვნენ, თუმცა ადმინისტრაციამ პოლიცია გამოიძახა. გაფიცული სტუდენტები ამბობენ, რომ პოლიციამ ისინი 5000-5000 ლარით დააჯარიმა, მოგვიანებით კი, მათ ადმინისტრაციული პატიმრობით დაემუქრნენ, რის გამოც სტუდენტებმა შენობა დატოვეს.
სტუდენტების ნაწილმა კი 10 მარტს, დილით მიიღო შეტყობინება, რომ სტატუსი შეუწყდათ. ადმინისტრაცია მათ ეუბნება, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია რექტორთან წერილობითი მიმართვის საფუძველზე.
მოგვიანებით განცხადება გავრცელდა თეატრალური უნივერსიტეტის „ფეისბუკის” გვერდზე.
„ეთიკის კომისიის მიერ 7 მარტს მიღებული გადაწყვეტილების მიმართ საზოგადოების მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე საჭიროდ ვთვლით განვმარტოთ:
რექტორის მიერ ბრძანება სტუდენტების სტატუსის შეწყვეტის შესახებ ჯერ არ არის გამოცემული.
სტუდენტებს აქვთ უფლება, გაასაჩივრონ ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება და წერილობით მიმართონ რექტორს, სამი სამუშაო დღის განმავლობაში.
რექტორს აქვს ერთი თვის ვადა თითოეული სტუდენტის საქმის განსახილველად და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად“, – წერია განცხადებაში.
სტუდენტებმა თეატრალური უნივერსიტეტის შენობის შესასვლელი 17 დეკემბერს დაიკავეს. ისინი სხვა დემონსტრანტების მსგავსად ახალ არჩევნებსა და დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვენ.
ამავე მოთხოვნებით საქართველოში 103 დღეა, საპროტესტო აქციები გრძელდება.
10 მარტს თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტების მხარდასაჭერად საპროტესტო აქციები გამართეს სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტებმაც.
მოგვიანებით მათ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, მსვლელობით გადაინაცვლეს.