ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკამ თავისი ქვეყნის ექსპერტებსა და შესაბამის სპეციალისტებს მოუწოდა, მოიძიონ იშვიათ მიწათა ელემენტები. ფართო საზოგადოებისთვის ამ ელემენტების შესახებ შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის დაწყებული მოლაპარაკებების შემდეგ გახდა ცნობილი.
სახელმწიფო მედიაში აცხადებენ, რომ ლუკაშენკამ თავის ვიცე-პრემიერ იური შულეიკოს დაავალა, უზრუნველყოს ბელარუსის გეოლოგიურად განვითარება.
„დღეს ეს არის უმნიშვნელოვანესი საკითხი“, – განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა. მას მხედველობაში ჰქონდა იშვიათ მიწათა ელემენტები, რომლებიც 21-ე საუკუნის ძირითად ინდუსტრიებში გამოიყენება, როგორიცაა, მაგალითად, განახლებადი ენერგია.
„დედამიწაზე ასეთი ელემენტები ბევრი არ არის და შესაძლოა, ჩვენც გვქონდეს, როგორც სხვებს“, – დასძინა მან.
ლუკაშენკამ ასევე მოუწოდა გეოლოგებს, მოძებნონ ნავთობი და ბუნებრივი აირი. „ჩვენ უნდა ამოვთხაროთ და გამოვიკვლიოთ, რა სახის საბადოები გვაქვს”, – თქვა მან.
იშვიათ მიწათა ელემენტები, რომლებშიც შედის ტიტანი და ლითიუმი, არის 17 ელემენტის ნაკრები, რომლებიც გამოიყენება ისეთი ტექნოლოგიების წარმოებაში, როგორებიცაა მობილური ტელეფონები და ელექტრომანქანები.
ვაშინგტონსა და პეკინს შორის ეკონომიკური დაპირისპირების ფონზე, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სურს, შეამციროს თავისი ქვეყნის დამოკიდებულება ჩინეთზე, რომელიც დედამიწაზე იშვიათ მიწათა ელემენტების უდიდესი მომპოვებელი და მწარმოებელია.
ბოლო კვირების განმავლობაში აშშ-ს ახალი პრეზიდენტი ცდილობდა, ამერიკული სამხედრო დახმარების სანაცვლოდ უკრაინასთან იშვიათ მიწათა ელემენტების შესახებ შეთანხმება გაეფორმებინა.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გასულ კვირას ვაშინგტონში გაემგზავრა იმ იმედით, რომ ხელს მოაწერდა ამ შეთანხმებას.
თუმცა, ზელენსკისა და ტრამპს შორის თეთრ სახლში გამართულმა ცხარე კამათმა ხელი შეუშალა ამ შესაძლებლობას. აშშ-ის მთავრობამ მოგვიანებით შეაჩერა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა.
ლუკაშენკა, რომელიც ბელარუსს უკვე ათწლეულების განმავლობაში მართავს, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირეა.
2022 წლის დასაწყისში ბელარუსი გამოიყენებოდა, როგორც პლაცდარმი უკრაინის წინააღმდეგ მოსკოვის სრულმასშტაბიანი შეჭრისთვის. როგორც ცნობილია, ომი უკვე მეოთხე წელია მიმდინარეობს.