მთავარისაქართველოკრემლის მხარდაჭერილი კანდიდატის გამარჯვება ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. არჩევნებში

კრემლის მხარდაჭერილი კანდიდატის გამარჯვება ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. არჩევნებში

პასუხი კითხვაზე „ვინ იქნება რუსეთის მთავარი დასაყრდენი ძალა სოხუმში?“ – გაცემულია. პირველ მარტს კრემლის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნების“ მეორე ტურმა ბადრა გუნბა დააწინაურა – დე-ფაქტო „ვიცე-პრეზიდენტობიდან“ დე-ფაქტო „პრეზიდენტობამდე“.

ადგილობრივებს არჩევანის გაკეთება მასსა და ადგურ არძინბას შორის მოუწიათ, თუმცა აფხაზეთის ე.წ. „ოპოზიციისა“ და ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ დე-ფაქტო „პრეზიდენტი“ გახდა სწორედ ის, ვინც სასურველია არა აფხაზეთის მოსახლეობისთვის, არამედ კრემლისთვის.  ექსპერტთა თქმით, ე.წ. „არჩევნების“ მეორე ტურამდე არსებული შუალედით მოსკოვმა დრო მოიგო და პოლიტიკური პოზიციები სოხუმში მეტად განიმტკიცა.

„ეს შედეგი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების, ჩვენი გუნდის ნდობის წყალობით დადგა და რაც მთავარია, ეს იყო ჩვენი ხალხის არჩევანი. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო თითოეულ ამომრჩეველს, განურჩევლად იმისა, ვის მისცა ხმა. მადლობა მოქალაქეობრივი პოზიციის გამოხატვისთვის. ეს არ არის მხოლოდ ბადრა გუნბასა და ბესლან ბიგვავას გუნდის გამარჯვება. ეს უნდა იყოს აფხაზეთის ხალხის გამარჯვება ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. ჩვენ ერთიანი უნდა ვიყოთ“, – განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო „არჩევნებში“ „გამარჯვებულმა“ ბადრა გუნბამ.

კრემლისადმი ერთგულებას ბადრა გუნბა არც სიტყვით გამოსვლებში მალავდა და არც პოლიტიკურ სვლებში. ე.წ. „წინასაარჩევნო კამპანიისას“ ის ხშირად ხვდებოდა რუსეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნებს, სადაც ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცებას განიხილავდა. კრემლმაც არ დააყოვნა და გუნბამ ჯერ კიდევ მაშინ მიიღო პუტინის მილოცვა, ვიდრე ე.წ. არჩევნების საბოლოო შედეგები გამოცხადდებოდა.

„გთხოვთ, მიიღოთ ჩემი გულწრფელი მილოცვა აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტად არჩევისთვის. ხალხის ნების თავისუფლად გამოხატვის პირობებში ჩატარებულ არჩევნებში გამარჯვებამ დაადასტურა აფხაზი მოქალაქეების მხარდაჭერა თქვენი შიდაპოლიტიკური სტაბილურობისა და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური თანმიმდევრულობის ხაზისადმი. ვიმედოვნებ, რომ რუსეთ-აფხაზეთის მეგობრული, სამოკავშირეო ურთიერთობების გამყარება, ჩვენი მოძმე ერების საკეთილდღეოდ გაგრძელდება“, – დაწერა პუტინმა სპეციალურ დეპეშაში.

ვლადიმერ პუტინის მსგავსად, „ხალხის ნების თავისუფლად გამოხატვად“ შეაფასა ე.წ. „საარჩევნო პროცესი“ რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამაც. თუმცა, არც რუსეთის პრეზიდენტისა და არც ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებლის ობიექტივში არ მოხვდა ის, რაც ვიდეომეთვალყურეობის კამერებმა აღბეჭდეს. კერძოდ, ოკუპირებულ გაგრაში განთიადის რაიონში მდებარე ე.წ. „საარჩევნო უბანზე“ შეიარაღებული თავდასხმა და ხელჩართული ჩხუბი, რომელშიც დე-ფაქტო „გენერალური პროკურატურის“ ინფორმაციით, 20-მდე პირი მონაწილეობდა.

მომხდარზე საქმე რუსეთის სახელმწიფო საგამოძიებო კომიტეტმა ტერორიზმის მუხლით იმ მოტივით აღძრა, რომ საფრთხე რუსეთის მოქალაქეობის მქონე პირებსაც შეეხოთ.

დე-ფაქტო „არჩევნები“ დაგმო საერთაშორისო საზოგადოებამ. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდამჭერი ერთ-ერთი პირველი განცხადება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნები“ დაგმო და არალეგიტიმური უწოდა ევროკავშირმაც. ე.წ. არჩევნების პირველი ტურისგან განსხვავებით, მეორე ტურს არ გამოხმაურებია საქართველოს დიპლომატიური უწყება, თუმცა განცხადება გაავრცელა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა და დე-ფაქტო „არჩევნების“ ჩატარებას საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებთან შეუსაბამო უწოდა. უწყებამ ეს პროცესი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უხეშ დარღვევად შეაფასა.

„სახელმწიფო მინისტრის აპარატი ეხმიანება ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში უკანონოდ გამართულ ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს”, რომელიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მორიგ უხეშ დარღვევას წარმოადგენს.

მიმდინარე ოკუპაციის ფონზე და იმ პირობებში, როდესაც აფხაზეთის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ლტოლვილებს ამ დრომდე არ ეძლევათ საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების შესაძლებლობა, ასევე უხეშად და სისტემატურად ირღვევა ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, ჩატარებული ე.წ. „არჩევნები” ვერ გამოხატავს ხალხის ნებას და შესაბამისად, მოკლებულია რაიმე სახის სამართლებრივ საფუძველს.

საქართველოს მთავრობა განუხრელად და თანმიმდევრულად ახორციელებს მტკიცედ გაცხადებულ სამშვიდობო პოლიტიკას, რომლის ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებას, დეოკუპაციასთან ერთად აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მიმართულებით შერიგებისა და ჩართულობის პროცესის განხორციელება და მისი კიდევ უფრო გააქტიურება წარმოადგენს, რაც კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებასა და ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობისა და ნდობის აღდგენის გაღრმავებას ისახავს მიზნად“, – წერს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი.

ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნებს“ ოფიციალურ დონეზე თბილისიდან გამოეხმაურა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოც, რომლის თავმჯდომარეც ბადრა გუნბას მოწინააღმდეგის, ადგურ არძინბას, მიმართ რეპრესიებს არ გამორიცხავს. უმაღლესი საბჭოს ერთ-ერთი დეპუტატი გია გვაზავა კი მიიჩნევს, რომ ამჟამად სოხუმში ყველაფერი მოსკოვის გეგმით ვითარდება.

„ადგურ არძინბას მიმართ რეპრესიები მოსალოდნელია და არ არის გამორიცხული, რომ მას მოქალაქეობა ჩამოართვან. ეს ადამიანი აფხაზთა დიდი მხარდაჭერით სარგებლობს და რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, რომ ის პოლიტიკას ჩამოაშოროს“, – თქვა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ.

„დემოგრაფიული პოლიტიკა აფხაზეთში იცვლება, თუმცა არა აფხაზების სასარგებლოდ. იმატებს ეთნიკურად სომეხი და რუსი მოსახლეობის წილი. პრაქტიკულად შეიქმნება სიტუაცია, როცა კრემლი იტყვის, არადემოკრატიულია მიდგომა, რომ მხოლოდ აფხაზი უნდა იყოს, ან მიწები არ უნდა გაიყიდოს. ამას კრემლი მიაღწევს, რადგან უმრავლესობაში იქნება. ჩაატარებენ „არჩევნებს“, აირჩევენ სასურველ პირებს. ეს საკითხი, რომელიც აქამდე აფხაზებს მიაჩნდათ, თითქოს იცავენ საკუთარ მიწას, ფაქტობრივად, გადაწყდება. დროის საკითხია, კრემლს არსად ეჩქარება“, – განაცხადა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა გია გვაზავამ.

ექსპერტების თქმით, თბილისთან ურთიერთობების მხრივ სოხუმისგან გარდამტეხი ცვლილებები მოსალოდნელი არ არის, რადგან ბადრა გუნბას „გაპრეზიდენტებით“ მოსკოვმა ოკუპირებულ აფხაზეთში საკუთარი პოზიციები და გავლენა კიდევ უფრო მეტად გაიმყარა.

სწორედ ბადრა გუნბაა ის პოლიტიკოსი, რომელიც მომხრე იყო კრემლის კარნახით ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო „პარლამენტში“ წარდგენილი ყველა იმ ე.წ. „კანონპროექტისა“, რომელმაც 2024 წლის ნოემბერში ქუჩის პროტესტი, ასლან ბჟანიას გადადგომა და საბოლოოდ ვადამდელი დე-ფაქტო „არჩევნები“ გამოიწვია.

მაშინ მოქალაქეები რამდენიმე დღის განმავლობაში აპროტესტებდნენ ოკუპირებული რეგიონის ე.წ. „მმართველების“ გადაწყვეტილებებს, რომლის თანახმადაც, რუსულ კომპანიებს უკვე სამართლებრივ დონეზე ეძლეოდა საშუალება, დაებანდებინა ინვესტიციები სოფლის მეურნეობაში, გადამამუშავებელ წარმოებაში, ტურიზმსა და ინფრასტრუქტურის განვითარებაში. ეს კი, აფხაზი მოსახლეობის ნაწილმა „სოხუმის შიდაპოლიტიკურ საქმეებში ჩარევად“ შეაფასა.

მისსავე სახელს უკავშირდება სოხუმის აეროპორტის აღდგენის პროცესში ლობირება, სადაც პირველი სატესტო ფრენა 7 თებერვალს უკვე შედგა – „ვნუკოვოდან ბაბუშერამდე“.

ბადრა გუნბასგან ოპონენტები და ექსპერტები ახლა ახალ ნაბიჯებს ელიან – პირველ რიგში კი ე.წ. „სახელმწიფო სტრუქტურების“ იმ პირებით დაკომპლექტებას, როგორც ეს, მოსკოვისთვის იქნება სასურველი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend