მთავარიკუბიდიდთოვლობის გამო დასავლეთ საქართველოს რამდენიმე სოფელი კვლავ ჩაკეტილია

დიდთოვლობის გამო დასავლეთ საქართველოს რამდენიმე სოფელი კვლავ ჩაკეტილია

გურიის რეგიონში დიდთოვლობის გამო ათეულობით ოჯახი საცხოვრებლის გარეშე დარჩა. მათი ნაწილი ღამეს დღემდე მეზობლებთან ათენებს, ნაწილი კი დროებით სასტუმროებშია გადაყვანილი.

უსახლკაროდ დარჩენილები შველას ითხოვენ. ზოგ მათგანს სახურავისთვის შესაკეთებელი მასალა სჭირდება, ზოგი სახლი კი საცხოვრებლად უკვე გამოუსადეგარია.

ერთ კვირაზე მეტია ინტენსიური თოვის გამო რთული ვითარებაა აჭარასა და იმერეთშიც. იმერეთის ოთხ მუნიციპალიტეტში რამდენიმე სოფელი კვლავ მოწყვეტილია გარესამყაროს. იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სტიქიის ზონაში გზების გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.

სტიქიის ზონაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და თავდაცვის ძალების გარდა კვლავ კვლავ აქტიურად მუშაობენ მოხალისეები. სწორედ მოხალისეებმა აღმოუჩინეს არაერთ ოჯახს პირველადი დახმარება, როდესაც მათ არც ელექტროენერგია, არც ბუნებრივი აირი და არც სასმელი წყალი მიეწოდებოდათ.

საქართველოს მთავრობის ოფიციალურ გვერდზე პრემიერ-მინისტრის სახელით გამოქვეყნდა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ დიდთოვლობის შედეგად დაზიანებულ სახლებს სახელმწიფო აღადგენს, ხოლო მოქალაქეებს, რომელთა სახლებიც შეკეთებას არ ექვემდებარება, ალტერნატიული საცხოვრებლით დაკმაყოფილდებიან. ამავე განცხადების მიხედვით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაუყოვნებლივ დაიწყება.

სტიქიის ზონაში მყოფი მოქალაქეები რამდენიმე დღის განმავლობაში აცხადებდნენ, რომ არაერთი მიმართვისა და თხოვნის მიუხედავად ადგილობრივი მუნიციპალიტეტების შესაბამისმა სამსახურებმა დროულად არ გაწმინდეს სოფლებში მიმავალი გზები, რამაც ადგილობრივების შეფასებით, ათობით სოფელი გარესამყაროს მოწყვიტა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend