მთავარიაზიაიაპონიაიაპონიის კუნძულ იონაგუნზე მილიტარიზაციის პროცესი მიმდინარეობს

იაპონიის კუნძულ იონაგუნზე მილიტარიზაციის პროცესი მიმდინარეობს

თეთრ სახლში დონალდ ტრამპის დაბრუნებიდან ერთ თვეში, 12 თებერვალს ტაივანის სრუტეში ამერიკის ორი, რაკეტებით აღჭურვილო საესკადრო ნაღმოსანი საზღვაო ხომალდი შევიდა.

ვაშინგტონის ნაბიჯს მკაცრი პოლიტიკური განცხადებები, მოგვიანებით კი ტაივანის აღმოსავლეთით ჩინეთის სამხედრო აქტივობის ზრდა მოჰყვა.

კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით, იაპონიის ხელისუფლებამ სამხედრო პოზიციების სამხრეთ-დასავლეთით გადანაცვლებისა და ფრონტის ხაზის ირგვლივ თავდაცვისუნარიანობის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.

ტაივანის აღმოსავლეთით, 110 კილომეტრში, იაპონიის კუნძული იონაგუნი მდებარეობს. იქ მცხოვრები მოსახლეობა კი გეოპოლიტიკური ვნებათაღელვის ეპიცენტრში აღმოჩნდა.

იონაგუნში მცხოვრებ პირებს კუნძულის მომავალთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები აქვთ – ისინი შეშფოთებულნი არიან დასახლების სიახლოვეს შორი დისტანციის რაკეტების განთავსებასთან დაკავშირებით. მათ შორის არიან ისინიც, ვინც თავდაპირველად იაპონიის ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას სრულად ემხრობოდა.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ აქამდე მაღალჩინოსნებისა და მოქალაქეების სურვილი იყო, ტაივანთან სავაჭრო თანამშრომლობის გაღრმავებით გაეუმჯობესებინათ კუნძულის ეკონომიკა. თუმცა, ეს სურვილი სურვილად დარჩა მას შემდეგ, რაც იაპონიის სამხედრო ძალების განთავსება სახელმწიფო სუბსიდიებისა და დაცვის მიღების უფრო მარტივი ალტერნატივა გახდა.

„მოვლენები ძალიან სწრაფად იცვლება. რასაც აქამდე ყველა ეთანხმებოდა, ახლა ზღვარგადასულია. სიტუაცია იცვლება სახელწოდებით – „ტაივანის საგანგებო მდგომარეობა“, – ამბობს კიოკო იამაგუჩი, ადგილობრივი მკვიდრი.

„არ მინდა იფიქრონ, რომ ამ საოცარი კუნძულის ბრძოლის ველად გამოყენება შეუძლიათ“, – აცხადებს ადგილობრივი მცხოვრები ტაკაკო უენო.

„მიუხედავად კუნძულის ფართობისა, მას უდიდესი პოტენციალი აქვს. ყველაზე მეტად მე მჯერა, რომ ეს კუნძული არასდროს არ უნდა იქცეს ბრძოლის ველად“, – ამბობს იონაგუნის მერი კენიჩი იტოკაზუ.

კუნძულის მილიტარიზაცია განსაკუთრებით შესამჩნევია იმ ფონზე, როცა მისი 1 500-კაციანი მოსახლეობა მცირდება. ჯარის განთავსების მომხრეები აცხადებენ, რომ ეს საჭიროა კუნძულის უსაფრთხოებისა და ეკონომიკის გაძლიერებისთვის. ამ მოსაზრების მოწინააღმდეგეები კი მიიჩნევენ, რომ სამხედროების ზრდამ, შესაძლოა, სერიოზული გავლენა მოახდინოს დასახლების ეკოსისტემაზე. უფრო ფართო ჭრილში კი – სამხედრო თავდასხმის პროვოცირება გამოიწვიოს.

„ვფიქრობ, უკვე გასაგებია, რომ მხოლოდ იაპონიის თავდაცვის ძალებს არ შეუძლიათ დაიცვან იაპონია ჩინეთისგან. ამის გათვალისწინებით, მიმაჩნია, რომ იაპონიამ ამერიკასთან ერთობლივი სამხედრო წვრთნები უნდა ჩაატაროს“, – ამბობს იონაგუნის მერი კენიჩი იტოკაზუ.

„ვფიქრობ, თუ ამ ტიპის წვრთნები ჩვეულ მოვლენად იქცევა, ეს გავლენას იქონიებს თევზაობაზე. წყალთან უფრო და უფრო ნაკლები ადამიანი მივა. ეს შესაძლოა იქცეს კრიტიკულ საკითხად მეთევზეებისთვისაც“, – მეთევზეთა გაერთიანების ხელმძღვანელი, სიგენირი ტაკენისი

სამხედროების განთავსების შესახებ იაპონიის ხელისუფლებას გადაწყვეტილება თვითნებურად არ მიუღია. ყველაფერი 2015 წელს ჩატარებულმა რეფერენდუმმა გადაწყვიტა – ეს კი ნიშნავდა, რომ კუნძულის ბედს უფრო ფართოდ ცენტრალური ხელისუფლების უსაფრთხოების პოლიტიკა განსაზღვრავდა.

თუმცა 10 წლის შემდეგ, ვითარება რადიკალურად შეიცვალა და იონაგუნის მცირე მოსახლეობის აზრი ორად გაიყო. ადგილობრივი მთავრობის მეთაურმა ზემდგომ ინსტანციებს მოუწოდა, გააფართოონ საზღვაო პორტი და აეროპორტი, რათა ტაივანის კრიზისის შემთხვევაში, მოქალაქეთა უსაფრთხო ევაკუაციის პროცესი შესაძლებელი გახდეს. ამ კრიზისს კი 2027 წლისთვის ელიან, როცა ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელ არმიას 100 წელი შეუსრულდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend