გურიის რეგიონში საგანგებო სამთავრობო შტაბი მუშაობს, რომელსაც ადგილზე პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს. შტაბმა გუშინ გვიან ღამით და დღეს დილით საგანგებო შეკრება გამართა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერმა სოფელ შრომაში გზების გაწმენდითი სამუშაოებიც მოინახულა. ირაკლი კობახიძემ, მედიის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ სტიქია რთულად გასამკლავებელია, თუმცა შესაბამისი უწყებები 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. მისივე თქმით, აუცილებელი გახდა, თავდაცვის ძალების ჩართვაც. მობილიზებულია როგორც ინფრასტრუქტურული, ისე სამხედრო და სამაშველო ტექნიკა. ასევე მუშაობს მოხალისეთა რაზმებიც.
“დღეს განვიხილეთ რეგიონში არსებული მდგომარეობა. მდგომარეობა არის საკმაოდ რთული. გუშინდელმა თოვამ კიდევ უფრო მეტად გაართულა ვითარება, შესაბამისად, დღეს უკვე აუცილებელი გახდა, თავდაცვის ძალების ჩართვა, რასთან დაკავშირებითაც გადაწყვეტილება იქნა მიღებული. სრულად იქნება კოორდინირებული, მობილიზებული ყველა უწყება იმისთვის, რომ ვებრძოლოთ სტიქიას.
კიდევ ერთხელ ვიტყვი, მდგომარეობა არის რთული. სოფლების ძალიან დიდი ნაწილი მოწყვეტილი არის გარე სამყაროს, ვერ მყარდება კომუნიკაცია სოფლების მნიშვნელოვან ნაწილთან, ამ კუთხით არის ძალიან ბევრი სამუშაო, ამისთვის ტექნიკა არის მობილიზებული იმისათვის, რომ მაქსიმალურად აღდგეს კავშირი კონკრეტულ სოფლებთან და ამაზე უკვე ამ მომენტიდან განახლდება აქტიური მუშაობა, ასევე დაგვჭირდება მარაგების მობილიზება, როგორც მედიკამენტების ნაწილში, ასევე სურსათისა და შეშის ნაწილში – გათბობისთვის და ამასთან დაკავშირებითაც ვიმუშავებთ კონკრეტული გეგმით.
მთლიანობაში, გეგმა არსებობს, ვითარება რთულია, გამოწვევა არის ძალიან ბევრი, თუმცა ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ მაქსიმალურად ვიმუშაოთ ყველა პრობლემის გადაჭრაზე”, – განაცხადა კობახიძემ.