მილანის მოდის კვირეულზე GUCCI-მ 2025 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია წარადგინა. კოლექცია გამორჩეული იყო ბეწვის პალტოებით, ვიწრო ქვედაბოლოებითა და მაქმანიანი კაბებით. წარსულს ჩაბარდა GUCCI-ს წითელი ფერი. ახლა სცენაზეა მუქი მწვანე.
მოდის სახლმა თავის კრეატიულ ცვლილებას მილანის მოდის კვირეულის პირველივე დღეს გაუსვა ხაზი – პოდიუმი მდიდრულ მწვანე ხალიჩებსა და ფარდებში გაახვიეს. GUCCI-ს წითელი იყო კრეატიული დირექტორის, საბატო დე სარნოს, უკვე დასრულებული ეპოქის სიმბოლო. ფერების ცვლილებამ კი საბოლოოდ დაუსვა წერტილი მის მმართველობას.
მას შემდეგ, რაც მოდის სახლის კრეატიული დირექტორი, მოულოდნელად, ბრენდს გამოეყო, GUCCI-ს დიზაინერთა გუნდს სულ რაღაც 2-კვირანახევარი ჰქონდა ახალი კოლექციის შესაქმნელად.
მოდის სახლის ახალი კოლექცია ბევრს ამბობს მის წარსულზეც – 60-იანების გავლენა: მოკლე, ყუთის ფორმის პიჯაკები, მინიქვედაბოლოები ქალებისა და ვიწრო შარვლები მამაკაცებისთვის; 90-იანების ესთეტიკა: აბრეშუმის თხელი კაბები მაქმანიანი დეტალებით; მიკელეს ეპოქის ელემენტები: ბაფთიანი ბლუზები და რომანტიკული შტრიხები; ბოლო წლების გავლენა: კლასიკური ქვედაბოლოები და ვიწრო შარვლები.
მოდის ექსპერტების შეფასებით, GUCCI-ს ახალი კოლექცია მდიდრულია – თხელი აბრეშუმის ქსოვილები, მაქმანი, ხელოვნური ბეწვი და მარგალიტისფერი ტყავი ქმნის გლამურულ და დახვეწილ სტილს.
შოუს ცოცხალი მუსიკა აფორმებდა ჯასტინ ჰერვიცის დირიჟორობით. ჩვენების დაწყებამდე, Gucci-ს აღმასრულებელმა დირექტორმა სტეფანო კანტინომ არ დააკონკრეტა, როდის ეყოლება მოდის სახლს ახალი დირექტორი.
GUCCI 2016-2020 წლებში იყო მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ბრენდი, რომლის კოლექციაც ბოლო წლებში კარგად აღარ იყიდებოდა. ამას უკავშირებენ მოდის მოყვარულთა მხრიდან ბაროკოს სტილისა და გენდერულად ნეიტრალური დიზაინის მიმართ ინტერესის შემცირებას.
მოდის ექსპერტები Gucci-სთვის წარსული დიდების დაბრუნებას 2026 წელს ელიან.