„ჩვენ აქ ვდგავართ არა იმიტომ, რომ ტრაგიკული დღე გავიხსენოთ და ტრაგიზმში ვიცხოვროთ, არამედ იმიტომ, რომ ეს დღე არასოდეს განმეორდეს“, – ამ სიტყვებით საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს მიმართა. საბჭოთა ოკუპაციის 104 წლის თავზე საპროტესტო აქციაზე შეკრებილებს მან უთხრა, რომ „რუსული ოკუპაცია ერთხელ დამთავრდა და მეორედ არ უნდა განმეორდეს“.
„ეს დღე ტრაგიკული იყო, მაგრამ ამავე დროს იყო მაგალითი იმისა, თუ რას ნიშნავს, როცა ადამიანები მზად არიან ყველაფერი სასწორზე დადონ, მათ შორის სიცოცხლეც და სამშობლო დაიცვან. მათ არავინ დაივიწყებს. მოღალატეებს კი ძალიან მალე დაივიწყებენ. მათ დაგვიტოვეს ძალიან დიდი განცდები, დიდი მაგალითი, დიდი იმედი და მართლაც, საქართველომ იმედი გაამართლა. ამ შავბნელი და ძალიან გრძელი, ბნელი წლების შემდეგ დადგა 31 მარტი, დადგა 9 აპრილი – დამოუკიდებლობის აქტის აღდგენის დღე, დადგა 26 მაისი, იმ 26 მაისის გასახსენებლად და აღსადგენად. საქართველო არის ის ქვეყანა, რომელიც არ ეგუება, არ ეპუება და არასოდეს თმობს თავის მომავალსა და დამოუკიდებლობას. ეს მაგალითი დღეს ცოცხალია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილმა თქვა ისიც, რომ ომის, ოკუპაციის, გატაცებებისა და ეკონომიკური ზეწოლის მიუხედავად, საქართველომ რუსეთს არც თავისუფლება და დამოუკიდებლობა დაუთმო და არც ევროპული გზა. მისივე თქმით, საქართველო „შიდა რუსულ რეჟიმსაც“ არაფერს დაუთმობს.
.
საპროტესტო აქციაზე მეხუთე პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ისაუბრა ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის შესახებ და თქვა, რომ ამ კრიზისის დაძლევის ერთადერთი გზა ხელახალი არჩევნებია და არჩევნების მომზადება რამდენიმე საკვანძო საკითხზე გადის.
„ერთი, რომ უნდა მოვამზადოთ არჩევნების პირობები და ამ მხრივ პრაქტიკულად მზად ვართ და მომავალ დღეებში გაეცნობით დოკუმენტს არჩევნების პირობებზე.
მეორე – უნდა მოვემზადოთ არჩევნებისთვის. ეს იმას ნიშნავს, რომ დღესვე უნდა მოვამზადოთ კომისიის წევრები და დამკვირვებლები. მთელი ჯარი უნდა მოვამზადოთ, რომ მეორედ ვერავინ შეძლოს არჩევნების გაყალბება. ეს არის ჩვენს ხელში, ჩვენი გასაკეთებელია და დღეს უნდა დავიწყოთ.
მესამე, და ამაზე ვმუშაობ, ჩვენ უნდა მოვიპოვოთ ყველანაირი დახმარება ყველაზე სანდო პარტნიორებისგან იმისთვის, რომ გაყალბების ის ფორმები, რომლებიც გამოიყენეს, ვეღარ გამოიყენონ. ეს ეხება ტექნოლოგიურ არჩევნებს, ეხება ბევრ რამეს. ჩვენი ძალიან ბევრი პარტნიორი დღეს მუშაობს არჩევნების საკითხზე, რამეთუ მათ კარგად გაიგეს, რომ მანიპულაცია და გაყალბება რუსეთისთვის ახალი სტრატეგია გახდა – დაიწყო საქართველოდან და ხვალ და ზეგ ევროპის სხვა ქვეყნებს შეეხება, თუ დღეს არ დავამარცხეთ“, – თქვა ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა კოორდინაციის მნიშვნელობაზეც და თქვა, რომ ძველი და ახალი პარტიების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების უფრო მეტად კოორდინაციაში პასუხისმგებლად საკუთარ თავს მიიჩნევს. მეხუთე პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მუშაობა პროტესტსა და პოლიტიკურ ბრძოლას, რომელიც მისივე თქმით, „ახლა გაზაფხულის ფაზაში გადადის“, უფრო ეფექტურს გახდის.